Facebook Twitter

საქმე №ას-725-693-2014 3 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.კ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.გ–ს უფლებამონაცვლე მ.ლ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.კ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.გ–ს უფლებამონაცვლე მ.ლ–ს მიმართ სხვადასხვა დროს სესხად გაცემული თანხის, 96 500 აშშ დოლარისა და 4 640 ევროს მოპასუხისათვის დაკისრებისა და რ.გ–ს სახელზე რეგისტრირებული ყადაღადადებული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაადასტურა მოსარჩელისაგან 75 000 აშშ დოლარისა და 3 000 ევროს მიღების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეთა შეთანხმება სარგებლის თაობაზე შეუსაბამოა ეროვნული ბანკის წლიურ საპროცენტო განაკვეთთან და მისი ვალი, ამ განაკვეთის თანახმად, 58 286 აშშ დოლარსა და 3 274 ევროს შეადგენდა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით გ.კ–ს სარჩელი რ.გ–ს უფლებამონაცვლე მ.ლ–ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს გ.კ–ს სასარგებლოდ დაეკისრა 96 500 აშშ დოლარისა და 4 640 ევროს გადახდა, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით დაყადაღებული რ.გ–ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მ.ლ–ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მ.ლ–ს გ.კ–ს სასარგებლოს დაეკისრა 96 500 აშშ დოლარისა და 4 640 ევროს გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.კ–ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ლ–ს გ.კ–ს სასარგებლოდ დაეკისრა 90 010 აშშ დოლარისა და 3 972,5 ევროს გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ.გ–ამ გ.კ–გან სულ ისესხა 75 000 აშშ დოლარი და 3000 ევრო, კერძოდ: 2011 წლის 15 მაისს _ განუსაზღვრელი ვადით ისესხა 30 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4% სარგებლით; 2011 წლის 10 დეკემბერს _ 4 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4% სარგებლით, 1 წლის ვადით; 2011 წლის 25 დეკემბერს _ 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4% სარგებლით, 1 წლის ვადით; 2012 წლის 25 აპრილს _ 11 000 აშშ დოლარი განუსაზღვრელი ვადით, ყოველთვიურად 4% სარგებლით; 2012 წლის 1 ივლისს _ 3 000 ევრო, ყოველთვიურად 135 ევროს სარგებლით, 6 თვის ვადით; 2012 წლის 9 ივლისს _ 5 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4% სარგებლით, 2012 წლის დეკემბრის ბოლომდე; 2012 წლის 20 ნოემბერს _ 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლით, განუსაზღვრელი ვადით;

2012 წლის დეკემბრის ჩათვლით, რ.გ–მ ნასესხებ აშშ დოლარზე დარიცხული სარგებელი გადაიხადა სრულად. ამის შემდეგ, კი, გადაიხადა მხოლოდ 200 აშშ დოლარი;

3000 ევროზე დარიცხული სარგებელი რ.გ–ს არ გადაუხდია.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნა, რომ რ.გ–ს მემკვიდრე მ.ლ–ს უნდა გადაეხადა რ.გ–ს ვალი და დაებრუნებინა კრედიტორისათვის გ.კ–ს ნასესხები თანხა.

არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომ სადავო გარიგებებით დადგენილი სარგებელი იყო ამორალური და გარიგებები დაიდო რ.გ–ს მძიმე მდგომარეობის გამოყენებით, ამასთან, ამ ფაქტების შესახებ აპელანტს სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, არ განეხილა აპელატის ზემოხსენებული პრეტენზიები. საპირისპირო ვითარებაშიც კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ რ.გ–მ გ.კ–გან თანხა სამკურნალოდ ისესხა, კრედიტორმა ეს იცოდა და ხელშეკრულებათა პირობების განსაზღვრისას სარგებლობდა მოვალის მძიმე მდგომარეობით, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

ნაწილობრივ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ შეცდომით განსაზღვრა სესხზე გადასახდელი სარგებლის ოდენობა.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოვალემ უნდა გადაიხადოს პროცენტი, თუ ეს მხარეთა შორის შეთანხმებულია. სხვა შემთხვევაში, მოვალემ კრედიტორს უნდა აუნაზღაუროს ის მიუღებელი, სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც კრედიტორი თანხის სხვაგვარი გამოყენებით მიიღებდა.

2011 წლის 15 მაისის, 2012 წლის 25 აპრილისა და 2012 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებები დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ, ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებათა მოშლამდე, ე.ი სარჩელის აღძვრამდე, რაც შეეხებოდა 2011 წლის 10 დეკემბრის, 2011 წლის 25 დეკემბრისა და 2012 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებებს, ისინი დადებული იყო განსაზღვრული ვადით, რომელთა გასვლის შემდეგ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა ის მიუღებელი, სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც კრედიტორი მიიღებდა თანხის სხვაგვარი გამოყენებით.

2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება ასევე განსაზღვრული ვადით იყო დადებული, ოღონდ, ამ შემთხვევაში, აპელანტი ვალდებული იყო, მოწინააღმდეგე მხარისათვის, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ _ მიუღებელი შემოსავლის სახით აენაზღაურებინა მინიმალური ზიანი.

ყველა ვადიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2012 წლის დეკემბერში. ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა აენაზღაურებინა მინიმალური ზიანი 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 19 ივლისამდე _ სარჩელის აღძვრამდე.

სასამართლოს შეფასებით, მინიმალური ზიანი, რომელიც გ.კ–მ გასესხებული თანხის დროულად დაუბრუნებლობით განიცადა, იყო ის შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა, თანხა საბანკო დეპოზიტზე რომ განეთავსებინა. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ყოველწლიურად, საშუალოდ, მიიღებდა განთავსებული თანხის 10%-ს, ამდენად, ვადიანი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა სწორედ ამ მინიმალური ზიანის ანაზღაურება. 2013 წლის 1 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე გასული იყო 6,5 თვე, შესაბამისად, მ.ლ–ს, გარდა სესხის ძირითადი თანხისა, გ.კ–თვის უნდა გადაეხადა უვადო სესხებზე _ 41 000X4%=1 640 აშშ დოლარი 1 640X6,5=10 660 აშშ დოლარი; 10 000X5%=500 აშშ დოლარი, 500X6,5=3 250 აშშ დოლარი; სარგებელი (პროცენტი) _ 10 660+3 250=13 910 აშშ დოლარი.

ვადიანი იყო: 4 000+15 000+5 000=24 000 აშშ დოლარი. ამ სესხებზე შეთანხმება ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის დარიცხვის თაობაზე არ არსებობდა, ამიტომ, მ.ლ–ს გ.კ–თვის უნდა გადაეხადა: 24 000X10%=2 400 აშშ დოლარი, ანუ თვეში 24 000/12=200 აშშ დოლარი; იანვრის 200 აშშ დოლარი გადახდილი იყო, ამიტომ, გადასახდელი დარჩა 5,5 თვე - 200X5,5=1 100 აშშ დოლარი.

ამდენად, მ.ლ–ს გ.კ–თვის უნდა გადაეხადოა პროცენტი 13 910+1 100=15 010 აშშ დოლარი, სულ _ 75 000+15 010=90 010 აშშ დოლარი.

2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა ძირი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, სულ 3 000+810=3 810 ევრო, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 3 000X10%=300 ევრო წლიური, ე.ი თვეში 300/12=25 ევრო, 25X6,5=162,5 ევრო, სულ _ 3 810+162,5=3 972,5 ევრო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.კ–მ, მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასება. ქვემდგომმა სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, თუმცა არასწორად განმარტა კანონი _ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, ასევე 411-ე მუხლი, რომელიც კრედიტორის უფლებადამცავი ნორმაა. აღნიშნული კი, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია (სსსკ 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

უდავოა ის გარემოება, რომ 2011 წლის 10 დეკემბერს, 25 დეკემბერს, 2012 წლის 1 ივლისსა და 9 ივლისს დადებული შინაურული ხელწერილებით გაცემული სესხი დათქმულ დროს არ დაბრუნებულა, რაც მიუღებელი შემოსავლის არსებობას ადასტურებს, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ჩათვალა სასამართლომ, რომ ანაზღაურებას მხოლოდ მინიმალური ზიანი ექვემდებარებოდა და რატომ მოიშველია საბანკო დეპოზიტზე თანხის განთავსება.

სააპელაციო პალატამ ვადიანი ხელშეკრულებების მიმართ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდგომ არც ერთ მხარეს მისი შეწყვეტა არ მოუთხოვია, იგი გაგრძელდა იმავე პირობებით, რაც თავდაპირველად იყო შეთანხმებული, ამ გარემოებას ადასტურებს 2013 წლის იანვარში მოვალის მიერ სარგებლის მიტანა, ამასთან, მხარეებს სესხის ხელშეკრულების პირობები არ შეუცვლიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ.კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ემყარება იმას, რომ ვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორს მხოლოდ სარგებლის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ კი _ მიუღებელი შემოსავლის, რომელიც სასამართლომ საბანკო სისტემაში არსებულ საანაბრე სარგებლის ოდენობას დაუკავშირა, ამასთანავე, რადგანაც მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ პროცენტზე შეთანხმება არ არსებობდა, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რაც შეეხება უვადოდ დადებულ ხელშეკრულებებს, პალატამ ჩათვალა, რომ ვალდებულების შეწყვეტის მოთხოვნამდე კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარგებლის დაკისრებაც.

კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის შეფასებას სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების თაობაზე, ასევე აღნიშნავს, რომ ვადიანი სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით გაგრძელდა, რასაც ის გარემოებაც მოწმობს, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდგომ მოვალემ გარკვეული სარგებელი გადაიხადა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, ამ თვალსაზრისით სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შემადგენლობის შემოწმების მიზნით, პალატა აღნიშნავს შემდეგს: მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. ამგვარი ფაქტები მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაუდგენია სასამართლოს მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტის გადახდის თაობაზე.

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს.

რაც შეეხება კასატორის მსჯელობას 2011 წლის 10 დეკემბრის, 25 დეკემბრის, 2012 წლის 1 ივლისისა და 9 ივლისის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების თაობაზე, პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ გ.კ–ს სარჩელში ამგვარი ფაქტები არ მიუთითებია, უფრო მეტიც, დავის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ვალების გადახდის ვადა დიდი ხანია დადგა და მოსარჩელე 6 თვეა ითხოვს მის გადახდას, მაგრამ დღემდე არ იქნა გადახდილი“.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას გ.კ–ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 10 ივნისის N33 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 652 ლარის 70% _ 456,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ.კ–ს (პ/N.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 10 ივნისის N33 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 652 ლარის 70% _ 456,4 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე