საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№აs-729-694-2015 21 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ--რ ჭ--ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე, საქმეზე თ--რ ჭ--ას სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხის ი--ი ა--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 835 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის თაობაზეც 2015 წლის 14 ივლისის სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს, მ--ა ტ--ს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 15 ივლისს და დასრულდა იმავე წლის 20 ივლისის 2400 საათზე.
ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლამდე, კერძოდ 2015 წლის 17 ივლისს, კასატორმა წარმოდგინა სახელმწიფო ბაჟის 150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორის მიერ ხარვეზი ნაწილობრივ იქნა შევსებული. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, თ--რ ჭ--მ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ--რ ჭ--ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. თ--რ ჭ--ას დაუბრუნდეს მის მიერ (---) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ( საგადასახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 15.07.15 სს ,,საქართველოს ბანკი“) 339,30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“ ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა