ბს-881-750-კ-04 2 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ნოემბერს ფირმა “ხ-მა” ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1986წ. 17 აპრილს ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹64 გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ცენტრის მშენებლობისათვის ქ. ხაშურში, ..... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ჩრდილოეთ მხარეს 0,1 მიწის ნაკვეთი გამოეყო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ხაშურის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებამ შესაბამისი ამონახაზი გასცა. აღნიშნული მიწის ნაკვეთზე ხაშურის ქალაქვაჭრობამ სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹.... ააშენა.
1993 წელს, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქვაჭრობის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კომერციული ფირმა “ხ-ი-93”. 1995წ. 30 მაისს ფირმა “ხ-ი-93” თ. გ-ემ და აწ გარდაცვლილმა მ. ხ-ემ აუქციონის წესით შეისყიდეს. სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, ...... ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹..... თ. გ-ეს გადაეცა საკუთრებაში.
“ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ, მის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, არ იქნა საკუთრების უფლებით მიკუთვნებული.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტებით მიმართა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოს, რაზეც უსაფუძვლოდ უთხრეს უარი.
მოსარჩელის განმარტებით, მიწის მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს უარი დაუსაბუთებელი და უკანონო იყო, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ კანონის თანახმად, მას უარი მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე შეიძლება ეთქვას, თუ მიწა სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის საკუთრებაა, სადავო მიწის ნაკვეთი კი სხვა მიწათმოსარგებლეების მიერ უკანონოდ იყო ათვისებული, ასევე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმ გარემოებას, რომ ქონება აწ გარდაცვლილ მ. ხ-ესთან ერთად იყო პრივატიზებული.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიწით სარგებლობასა და შესყიდვასთან დაკავშირებული თანხები მის მიერ გადახდილი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მოქმედების (მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) უკანონოდ ცნობა და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა, აგრეთვე, ფირმა “ხ-ის” სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით ფირმა “ხ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; მიწის მართვის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს უარი ფირმა “ხ-ის” მიმართ დოკუმენტებში დაფიქსირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის და რეგისტრაციის შესახებ უკანონოდ იქნა ცნობილი. ფირმა “ხ-ს” მის სარგებლობაში არსებული 4256 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა და ჯარიმის დაკისრების გარეშე მისი რეგისტრაცია მოხდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, 2003წ. 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, რის შესახებაც სასამართლოს ტელეფონით ეცნობა. ამასთან, სარჩელი იურიდიული პირის წარმომადგენლის, ნ. თ-ის მიერ იყო შეტანილი, რომელსაც რწმუნება ფიზიკური პირის, თ. გ-ისაგან, ჰქონდა მიცემული. ფირმა “ხ-ი” სამართლებრივი თვალსაზრისით ჩამოყალიბებული არ იყო, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული არ ყოფილა, რის გამოც “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი მასზე არ ვრცელდებოდა. მიწის მართვის ხაშურის სამმართველოს უარს რწმუნების გამცემ თ. გ-ისათვის არანაირი უშუალო და პირდაპირი ზიანი არ მიუყენებია. სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა, მით უფრო მაშინ, როცა საქმეში არ იყო მტკიცებულებები მოსარჩელისათვის მიკუთვნებული 4256 კვ.მ-ის ირგვლივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფირმა “ხ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1986წ. 17 აპრილს ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹64 გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ცენტრის მშენებლობისათვის ქ. ხაშურში, ..... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ჩრდილოეთ მხარეს 0,1 მიწის ნაკვეთი გამოეყო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ხაშურის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებამ შესაბამისი ამონახაზი გასცა. აღნიშნული მიწის ნაკვეთზე ხაშურის ქალაქვაჭრობამ სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹.... ააშენა.
1993 წელს, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქვაჭრობის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კომერციული ფირმა “ხ-ი-93”. 1995წ. 30 მაისს ფირმა “ხ-ი-93-ის” თ. გ-ემ და აწ გარდაცვლილმა მ. ხ-ემ აუქციონის წესით შეისყიდეს. სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, ..... ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹..... თ. გ-ეს გადაეცა საკუთრებაში.
ხაშურის რაიონის გამგეობის 1994წ. 11 მარტის ¹14 გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა სახელმწიფო სავაჭრო-საწარმო “ხ-ი-93-ის” სტრუქტურული ოთხი ქვედანაყოფის გამოცალკევებით შექმნილი სახელმწიფო სავაჭრო კომერციული ფირმა “ხ-ი”.
საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. ხაშურის მერიის გამგეობის 1996წ. 29 აგვისტოს ¹79 დადგენილება, რომლითაც კომერციულ ფირმა “ხ-ს” 1996წ. 23 მაისის წერილზე კუთვნილი მაღაზიის წინ და უკან არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების თაობაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებზე დაყრდნობით, ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული იყო, რადგან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭება, პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის შესაბამისად და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებს მიწითსარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული ან გაცემულია რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ, მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სარეგისტრაციოდ სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალია განსაზღვრული.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფირმა “ხ-ი” ზემოთ მითითებული მუხლის იმპერატიულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც მისთვის ხაშურის რაიონული სამმართველოს უარი კანონიერი იყო.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფირმა “ხ-ს” სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოფილი არ ჰქონდა. ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი ფირმა “ხ-ის” მიერ სადავო მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი. უფრო მეტიც, 2003წ. 26 აგვისტოს მდგომარეობით ხაშურის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში ფირმა “ხ-ი” რეგისტრირებული არ ყოფილა. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობა კი ამ ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს არ წარმოშობდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ფირმა “ხ-ი” არ იყო რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირად სასამართლოში და ასევე არ ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთი, ამდენად, ხაშურის რაიონული სამმართველოს უარი ფირმა “ხ-ისათვის” მიწის კანონმდებლობის თაობაზე კანონიერი იყო.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის დადგენილებისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, 2004წ. 20 თებერვლის დამფუძნებლის _ თ. გ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციაში გატარდა შპს “ე-ა”.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ე-ის” რეგისტრაცია არ წარმოადგენდა ფირმა “ხ-ის” რეგისტრაციას კერძო სამართლის იურიდიულ პირად, ეს იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირის რეგისტრაცია, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გამოყოფის უფლება ჰქონდა და შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოებიდან დამაგრება დაევალა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას ედავა აღნიშნულის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ე-ამ” იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, იმ დროისათვის მოქმედი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი. ამასთან, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეაფასა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებები, რომ 1986წ. 17 დეკემბერს ხაშურის რაიაღმასკომის 164-ე დადგენილებით საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის 1 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო, რომელზეც სახელმწიფო საწარმო ფირმა “ხ-ი” ფუნქციონირებდა. ამასთან, მინისტრთა კაბინეტის 1997წ. 17 მარტის ¹313 დადგენილებით ამ საწარმოს დემონოპოლიზაცია მოხდა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საწარმო “ხ-ი” შეიქმნა. 1993წ. 14 მარტს ხაშურის რაიონის გამგეობის ¹1147 გადაწყვეტილებით და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული განყოფილების თანხმობით, სახელმწიფო საწარმო “ხ-ის” პრივატიზების შედეგად ფირმა “ხ-ის” უფლებამონაცვლედ შპს “ე-ა” შეიქმნა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა 2005წ. 24 დეკემბრის მორიგების აქტი, რომელსაც ხელს აწერდნენ პროცესის მონაწილე შემდეგი მხარეები: 1. ხაშურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი _ რ. ჯ-; 2. მოსარჩელე შპს “ე-ის” წარმომადგენელი _ ნ. თ-ე; 3. ხაშურის არასასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვის კომისიის თავმჯდომარე; 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი; 5. ხაშურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე. წარმოდგენილ მორიგების აქტს ხელს არ აწერს ერთ-ერთი მოპასუხე _ ხაშურის მიწის მართვის სამმართველო.
2005წ. 24 დეკემბერს შპს “ე-ის” წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაუქმებული საჯარო რეესტრის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა და მისი ფუნქციები მოცემულ დავასთან მიმართებაში რაიონის გამგეობებს ჰქონდათ გადაცემული. ამდენად, შუამდგომლობის ავტორი წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცებას მოითხოვდა.
ამავე წლის 8 თებერვალს რაიკოოპერატივის გამგეობის წევრებმა მიმართეს საკასაციო სასამართლოს და შპს “ე-ასთან” შეთანხმების აქტის თაობაზე განაცხადეს შემდეგი: სასამართლოს გადაწყვეტილებაში აუცილებლად ზუსტად უნდა იქნეს მითითებული სარეგისტრაციო საზღვრები საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982წ. 17 აგვისტოს ¹254 გადაწყვეტილებაში მითითებული საზღვრების გათვალისწინებით, რადგან სხვაგვარი შეთანხმება ეწინააღმდეგება რაიკოოპერატივის ინტერესებს და გამგეობის თავმჯდომარეს აღნიშნულის უფლებამოსილება არ ჰქონდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს “ე-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, 1993 წელს ქალაქვაჭრობის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კომერციული ფირმა “ხ-ი-93”. 1995წ. 30 მაისს ფირმა “ხ-ი-93” თ. გ-ემ და აწ/გარდაცვლილმა მ. ხ-ემ 1995წ. 30 მაისის აუქციონზე შეისყიდეს. შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ¹35 ხელშეკრულება დაიდო 1995წ. 9 აგვისტოს და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა იმავე წლის 8 ივნისს. სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ¹35 ხელშეკრულებისა და 1995წ. 21 სექტემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, ......... ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹.... თ. გ-ისა და მ. ხ-ის საკუთრებად გამოცხადდა.
ზემოთქმული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის დებულებებს, რომლის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთის შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან ........ ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრი, მაღაზია ¹...... აუქციონის შედეგად თ. გ-ისა და მ. ხ-ის საკუთრებად გამოცხადდა, შესაბამისად, მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთიც, მათივე საკუთრებად იქცეოდა, რადგან მიწაზე აგებული შენობა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია და მათი ცალ-ცალკე გასხვისება არ ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ქონებაზე დამფუძნებელმა თ. გ-ემ შპს “ე-ა” დააფუძნა, რომელიც ფირმა “ხ-ის” სამართალმემკვიდრეა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს _ დღევანდელი მდგომარეობით, რეალურად რა ოდენობის მიწის ფართს ფლობს შპს “ე-ა” და, ამასთან, გარდა მაღაზიის შენობის ქვეშ არსებული მიწისა, ესაჭიროება თუ არა შპს “ე-ას” დამატებით მიწის ნაკვეთი, რათა შესაძლებელი გახდეს საკუთრებაში არსებული ობიექტის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება არ მოხდა იმ მოტივით, რომ მას ხელს არ აწერდა საქმეში მოპასუხედ დასახელებული მიწის მართვის რაიონული სამმართველო. შპს “ე-ის” წარმომადგენლის განცხადების თანახმად, გაუქმებული მიწის მართვის სამმართველოს ნაცვლად და მის უფლებამონაცვლედ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის თავმჯდომარის მითითებით ამ უკანასკნელს აღარ გააჩნია ის უფლებამოსილება, რომელიც სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა და აღნიშნული სააგენტოს კომპეტენციას სცილდება. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ის ფუნქციები, რაც საქმის წარმოების პროცესში მიწის მართვის სამმართველოს ეკისრებოდა, რაიონულ გამგეობებს გადაეცა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ვის ბალანსზე იმყოფება ამჟამად სადავო მიწა და რომელი სახელმწიფო ორგანოა უფლებამოსილი, განკარგოს იგი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ შპს “ე-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ე-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.