№ას-731-695-2015 17 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ჩ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ჩ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა.-ის“ მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ.-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ა.-ის“ მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ა.-ს“ აეკრძალა ქ.ბათუმში, ვ.-ს ქ. №..-ის ბინა №..-ში არსებული საცხოვრებელი ფართის დემონტაჟი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება; შპს „ა.-ისათვის“ 61075 ლარის გადახდის სანაცვლოდ გ. ჩ.-ი ცნობილი იქნა ქ. ბათუმში, ვ.-ს ქ. №..-ში მდებარე №.. ბინის მესაკუთრედ.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება გ. ჩატარაშვილის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გ. ჩ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორს, კანონით დადგენილი წესით, ჩაიბარდა 2015 წლის 1 ივნისს (იხ. ს.ფ.239), ხოლო საკასაციო საჩივარი გ. ჩ.-მა ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 29 ივნისს (იხ. ს.ფ.244-253), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 2 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 22 ივნისს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2010 წლის 26 ნოემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა გ.ჩ.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების დროისათვის _ 2015 წლის 1 ივნისისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-ას-274-265-2012 20 თებერვალი 2012 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი