საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
28 ივლისი, 2015 წელი
№ას-755-715-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა--ლ ა--ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ--ა ს--ა, ნოტარიუსი მ--ა ლ--ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივლისის განჩინება
საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 20 ოქტომბერის ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნ--ა ს--მ (გამსესხებელი) ა--ლ ა--ს (მსესხებელი) ასესხა 40000 აშშ დოლარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 623-ე მუხლი).
2. სესხისათვის სარგებელი შეადგენდა ძირითადი თანხის 3,5%-ს ყოველთვიურად.
3. სესხის ვადად განისაზღვრა 3 თვე, ანუ სესხი უნდა დაფარულიყო 2013 წლის 20 იანვრისათვის.
4. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა--ლ ა--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, წ--ს ქ., კ. --, ბ. --, ს.კ. #-- (სსკ 286-ე მუხლი).
5. 2014 წლის 12 თებერვალს ნ--ა ს--ს მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (სსკ 302. 31 მუხლი).
6. ა--ლ ა--მ სარჩელი აღძრა ნ--ა ს--ს მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 12 თებერვალს ნოტარიუს მ--ა ლ--ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 2800 აშშ დოლარით შემცირება და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.
7. 2014 წლის 9 ოქტომბერს ა--ლ ა--ს მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი ნ--ა ს--ა და ნოტარიუს მ--ა ლ--ის მიმართ. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა:
ა) 2014 წლის 12 თებერვალს ნოტარიუს მ--ა ლ--ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება;
ბ) 2012 წლის 20 ოქტომბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 3.7-3.10 პუნქტების ბათილობა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ა--ას მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და შეჩერდა 2012 წლის 12 თებერვალს ნოტარიუს მ--ა ლ--ის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის მოქმედება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ 191-ე, 194-ე, 198-ე მუხლები).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ა--ლ ა--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა აპელაციის წესით.
10. 2015 წლის 7 ივლისს ა--ლ ა--მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ ყადაღა დადებოდა ნ--ა ს--ს მოთხოვნის უფლებას, რომელიც მას გააჩნდა 2012 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განცხადება ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ნ. ს--ა აპირებდა მისი მოთხოვნის უფლების გასხვისებას, რის გამოც მოსარჩელეს მიადგებოდა ზიანი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. ა--ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ის ძალაშია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა ვერ გააძნელებდა და შეუძლებელს ვერ გახდიდა მოცემულ საქმეზე მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება გასაჩივრდა ა--ლ ა--ს მიერ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით ა. ა--ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა--ლ ა--ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
15. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობის პირობებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გამოიწვევს შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან აღუსრულებლობას.
16. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს დავის საგანი (სასარჩელო მოთხოვნა), მისი კავშირი ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ ღონისძიებასთან და საკითხი იმის შესახებ, რამდენად უზრუნველყოფს მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების საფრთხისაგან.
17. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის დასადასტურებლად საჩივრის ავტორი აპელირებს იმაზე, რომ ნატალია სიგუა აპირებს 2012 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების გასხვისებას, რის გამოც მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. ა. ა--ს მოსაზრებით, მოთხოვნის უფლების შემძენის მიერ უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოხდება იმ თანხების ხელმეორედ მოთხოვნა, რომელიც მის მიერ უკვე გადახდილია.
18. საჩივრის ავტორის აღნიშნული მოსაზრება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ნ--ა ს--ს მიერ მოთხოვნის უფლების გასხვისება ვერ გააძნელებს და, მით უმეტეს, ვერც გამოიწვევს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. მოთხოვნის უფლების გასხვისების შემთხვევაში, მოთხოვნები და უფლებები ახალ შემძენზე გადავა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ (სსკ 198 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში ახალ შემძენზე მოთხოვნის უფლება, გასხვისების შემთხვევაში, გადავა იმ მოცულობით, რაც დადგინდება მოცემულ დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, რაც გამორიცხავს ა--ლ ა--სათვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოს მიერ განსახილველი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გამოყენებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით, რომელიც ძალაშია სასამართლო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
20. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებელობა ვერ გააძნელებს და შეუძლებელს ვერ გახდის შესაძლო საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.
21. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა--ლ ა--ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი