საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
28 ივლისი, 2015 წელი,
№ას-787-744-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა--ა თ--ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ--ო ე--ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 11 ივლისს ა--ა თ--მ სარჩელი აღძრა ნ--ო ე--სა და ს--ო ტ--ს მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კერძოდ, მან მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე ქონების რეალიზაციის შეჩერება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 191-ე და 198-ე მუხლები).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით ა. თ--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებული იქნა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 თებერვალს გაცემული #-- სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება #A--) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და აუქციონზე ქონების რეალიზაცია (სსსკ-ის 194-ე მუხლი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ--ო ე--მ და მოითხოვა მისი გაუქმება (სსსკ-ის 194.2 მუხლი).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 აგვისტოს განჩინებით ნ. ე--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (სსსკ-ის 1971 მუხლი).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნ--ო ე--ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 თებერვალს გაცემული #-- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება 24776 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში (41384 აშშ დოლარი) გასაჩივრებული განჩინება ძალაში დარჩა.
7. 2014 წლის 31 დეკემბერს ა--ა თ--მ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება (სსსკ-ის 262-ე მუხლი).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით ა--ა თ--ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების განმარტებაზე (სსსკ 261-ე მუხლი). სასამართლოს უარი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ განცხადების განხილვის მომენტისათვის იმ ნაწილში, რა ნაწილშიც განმცხადებელი ითხოვდა განჩინების განმარტებას, აღსრულება დასრულებული იყო
9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა--ა თ--მ (სსსკ-ის 262.3). კერძო საჩივრის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინებით არასწორად ეთქვა უარი განმარტებაზე, ვინაიდან განმარტების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის სადაო აღსრულება დასრულებული არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა--ა თ--ს კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია:
11. საქმის მასალებით დადგენილია და განსახილველი კერძო საჩივრითაც სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2015 წლის იანვარში დასრულებული იქნა აღსრულება იმ განჩინებასთან დაკავშირებით, რომლის განმარტებასაც მხარე ითხოვდა.
12. სსსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების (განჩინების) მიზანია ხელი შეუწყოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულებას. აღნიშნული მიზნისათვის გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დასაშვებია მანამ, ვიდრე დასრულდება სააღსრულებო წარმოება (სსსკ-ის 262.1 მუხლი) და, შესაბამისად, დაუშვებელია იმ გადაწყვეტილების განმარტება, რომელიც აღსრულებულია.
13. კერძო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ განმარტების თაობაზე განცხადებით მიმართვის მომენტისათვის აღსრულება დასრულებული არ იყო, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საჩივარზე უარის თქმისათვის უპირობოდ განმსაზღვრელია, ის გარემოება რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის მომენტისათვის სააღსრულებო პროცესი დასრულებული იყო და, აქედან გამომდინარე, განჩინების განმარტება დაუშვებელი იყო.
14. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა--ა თ--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი