№ას-797-753-2015 28 ივლისი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა-ნ მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინება
საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა-ნ მ-მა სარჩელი აღძრა შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ას“ მიმართ და, მხარეთა შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა ქირის დავალიანების გადახდა, ასევე ზიანის ანაზღაურება (გადაუხდელი ქირის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და სარემონტო ხარჯების, კომუნალური და სატელეფონო დავალიანების თანხის, აუდიტის მომსახურების თანხის ანაზღაურება. საერთო ჯამში სასარჩელო მოთხოვნამ შეადგინა 10550,89 აშშ დოლარი და 4415,06 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და იგი აპელაციის წესით გაასაჩივრა ა-ნ მ-მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-ნ მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ას“ დაეკისრა:
ა) ორი თვის ქირის, 2800 აშშ დოლარის გადახდა;
ბ) ქირავნობის საგნის გადაცემის დაყოვნებისთვის 4200 აშშ დოლარის გადახდა;
გ) კომუნალური მომსახურების დავალიანების 26,60 ლარის გადახდა;
დ)2011 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2,8 აშშ დოლარის გადახდა.
4. ა-ნ მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ას“ საკუთრებაში არსებული ორ უძრავ ნივთსა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდგომში სსსკ, 191-ე მუხლი].
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა-ნ მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ას“ საკუთრებაში არსებულ 11230 მ2 ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (მის: მცხეთა, ნ-ის დ-ა, ს/კ --) [სსსკ-ის 194-ე და 198-ე მუხლები].
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 9 ივნისს.
6. 2015 წლის 7 აპრილის სანოტარო აქტის შესაბამისად, შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ამ“ ა-ნ მ-ის სასარგებლოდ ნოტარიუსის დეპოზიტზე შეიტანა 10700 აშშ დოლარი და 27 ლარი, რითაც იგი გათავისუფლდა კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულებისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434.2 მუხლი).
7. ნოტარიუსის დეპოზიტზე განთავსებული თანხა სრულად მიიღო ა-ნ მ-მა.
8. შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-მ“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინების, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოვალის ქონებას, გაუქმება. მოთხოვნის საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა იმაზე, რომ ა. მ-ის მიმართ არსებული ვალდებულება შეწყვეტილი იყო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ვ-ი კ-ა ვ-ტ ჯ-ს“ განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2013 29 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
10. ა-ნ მ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებასთან დაკავშირებით წარადგინა განცხადება ერთ ტომად აკინძული მასალებით. აღნიშნული განცხადება სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა საჩივრად. 2015 წლის 18 მაისის განჩინებით დადგენილი იქნა ხარვეზი და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადად განისაზღვრა 3 დღე. განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. მ-ს საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (სსსკ 1971.2)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა-ნ მ-ის საჩივარი განუხილველად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მიეთითებინა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი დასახელება, ასევე მიეთითებინა თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უსწორობა და დაეზუსტებინა მოთხოვნა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება ა. მ-ს ჩაბარდა 2015 წლის 10 ივლისს.
14. სსსკ 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 11 ივლისს და დასრულდა იმავე წლის 13 ივლისის 24 საათზე. აღნიშნული საპროცესო ვადის განმავლობაში ა. მ-ს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
15. სსსკ 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ შეავსო ხარვეზი, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ა-ნ მე-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი