Facebook Twitter

საქმე №ას-887-848-2014 24 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ჯ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ.ჯ–მ მოითხოვა 2013 წლის 2 ოქტომბერს მას და ი.ჯ–ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ.თბილისში, .......... მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა.

2. მოპასუხის პოზიცია:

ი.ჯ–მ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ჯ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

3.2. ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 2 ოქტომბრის თ.ჯ–ს და ი.ჯ–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.

3.3. თ.ჯ–ს აღუდგა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ......, ფართი - 35.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი- №...........

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ჯ–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინებით ი.ჯ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ი.ჯ–ს მხრიდან მოსარჩელე თ.ჯ–ს მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

5.2. 1995 წლიდან დღემდე თ.ჯ. და ი.ჯ. იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

5.3. მოდავე მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: 02.10.1992 წელს - გ.ჯ. და 05.03.1996 წელს - დ.ჯ.

5.4. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2011 წლის 4 იანვრიდან - 2013 წლის 7 ოქტომბრამდე თ.ჯ–ს მიერ მოპასუხე ი.ჯ–სა და შვილის გ.ჯ–ს სახელზე იგზავნებოდა ფულადი თანხები.

5.5. 2012 წლის 4 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე, ი.ჯ–ს, სხვადასხვა უფლებებთან ერთად, უფლებამოსილება მიენიჭა, რომ გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე თ.ჯ–ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქ თბილისში, ................, საკადასტრო კოდი №............

5.6. 2013 წლის 2 ოქტომბერს ი.ჯ–მ, როგორც თ.ჯ–ს წარმომადგენელმა, თავის თავთან დადო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, ანუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება.

5.7. 2013 წლის სექტემბერში, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე, რამდენიმე ხნით ადრე მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა, კერძოდ, თ.ჯ–თვის ცნობილი გახდა, მეუღლის - ი.ჯ–ს გათხოვების ფაქტი.

5.8. ი.ჯ. შესაგებლით სადავოდ ხდიდა მისი გათხოვებისა და სხვასთან ცხოვრების ფაქტს, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ასევე, საქალაქო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ი.ჯ. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე ცხოვრობდა სხვასთან.

5.9. 2013 წლის 16 ოქტომბრის სანოტარო აქტით გაუქმდა 2012 წლის 4 აგვისტოს მოსარჩელე თ.ჯ–ს მიერ გაცემული მინდობილობა.

5.10. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ.

5.11. მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.

5.12. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

5.13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ადგილი აქვს მოულოდნელად ერთ-ერთი მეუღლის გათხოვების ფაქტს, როდესაც მეორე მეუღლე მას ისევ მასთან შეუღლებულად მიიჩნევს და ოჯახს წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ფულადი სახსრებით, მითითებული გარემოება თუ არა მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტად, სასამართლოს მიერ სხვაგვარად არ შეიძლება შეფასდეს.

5.14. ამდენად, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ი.ჯ–ს მხრიდან თ.ჯ–ს მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და 2013 წლის 2 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სწორად დაკვალიფიცირდა, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებად.

5.15. ნების გამოვლენასთან დაკავშირებით პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, დამატებით განმარტა, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად.

5.16. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნამდვილი ნების საფუძველზე 2013 წლის 2 ოქტომბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება აღარ დაიდებოდა, რამდენადაც აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა ი.ჯ–ას მხრიდან მოსარჩელის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელის ნამდვილ ნებას 2013 წლის 2 ოქტომბერს უკვე აღარ წარმოადგენდა მოპასუხესთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, რამდენადაც, სადავო ხელშეკრულების დადებისას ადგილი ჰქონდა ერთი მხარის, კერძოდ, მოპასუხის მიერ უფლების, ნდობის ბოროტად გამოყენებას, ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ მას შემდეგ დადო გარიგება, რაც თავისივე მარწმუნებელს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, სწორად მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. როგორც კი თ.ჯ–მ გაიგო მის მიმართ მოპასუხის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, მან მაშინვე, 2013 წლის 16 ოქტომბრის სანოტარო აქტით გააუქმა 2012 წლის 4 აგვისტოს მის მიერ გაცემული მინდობილობა. აღნიშნული კონკლუდენტური ქმედებით მან ფაქტობრივად გამოხატა თავისი დამოკიდებულება სადავო ჩუქების ხელშეკრულების მიმართ, რაც მდგომარეობდა შემდეგში: 2013 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელის ნამდვილ ნებას აღარ წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება.

5.17. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ი.ჯ–მ 2012 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება 2013 წლის 2 ოქტომბერს დაუკავშირა მის მიერ ჩადენილ გასაკიცხ ქმედებას. მოწმე ბ.ქ–ის ჩვენებით, ი.ჯ–ს მეუღლის ღალატის შემდეგ, ჰქონდა იმისი შიში და მოლოდინი, რომ სახლიდან გააგდებდნენ, მასთან საუბარში ი.ჯ–მ აღიარა, რომ სადავო გარიგება დადო ამ მიზეზით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ჯ–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო პალატას იურიდიულად არ დაუსაბუთებია განჩინება, კერძოდ, არ უმსჯელია შესაძლებელია თუ არა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (და არა გაუქმება) დასაჩუქრებულის მიერ მიყენებული მძიმე შეურაცხყოფის საფუძვლით; რამდენადაა დასაშვები ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მის დადებამდე არსებული ფაქტით - მძიმე შეურაცხყოფის მიყენებით; რამდენად შეეძლო გავლენა მოეხდინა მარწმუნებლისა და რწმუნებულის ცოლ-ქმრულ ურთიერთობას მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ნამდვილობაზე; იყო თუ არა შესაძლებელი მძიმე შეურაცხყოფის მიყენებით მინდობილობის ავტომატურად შეწყვეტა მინდობილობის სპეციალური გაუქმების გარეშე.

6.1.2. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში მჩუქებლის მიერ მისი რწმუნებულისათვის გაცემულ მინდობილობას გააჩნდა იურიდიული ძალა.

6.1.3. ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე და უძრავი ქონების დასაჩუქრებულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე მჩუქებლისათვის ცნობილი იყო მინდობილობის შეწყვეტის „საფუძველი“ („მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“), მაგრამ ჩუქების გაფორმებამდე იგი არ შეუწყვეტია.

6.1.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში აპელანტის სხვა პირზე გათხოვებისა და ცხოვრების ფაქტი, რითაც თავის მეუღლეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა.

6.1.5. პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე და 529-ე, მუხლები ამასთანავე, არასწორად არ გამოიყენა ამავე კოდექსის 103-ე, 107-ე და 109-ე მუხლები, რომელთა თაობაზეც მიუთითებდა აპელანტი.

6.1.6. კასატორის განმარტებით, კანონი დასაჩუქრებულს გარკვეული ქცევის სტანდარტს უწესებს ჩუქების შემდგომ პერიოდში, ამასთან, არ უკრძალავს მჩუქებელს საჩუქრის გაჩუქებას, ხოლო დასაჩუქრებულს _ საჩუქრის მიღებას შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს კი, დადგენილად მიაჩნია, რომ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი ჰქონდა ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე და არა დადების შემდეგ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ შეურაცხყოფის ფაქტის შეფასებაზე და არა შეურაცხყოფის დროზე. პალატა განმარტავს, რომ დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის მიმართ ჩადენილი მძიმე შეურაცხყოფა ჩუქების გაუქმების საფუძველია, თუმცა საბოლოოდ ასკვნის, რომ იგი ბათილია (მართლსაწინააღმდეგო და ამორალურია).

6.1.7. კრიტიკულად უნდა შეფასდეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ საქმეში არსებული ფოტოსურათი მონტაჟს არ წარმოადგენს. დაკითხულია ერთადერთი მოწმე, რომელიც მოსარჩელის ახლო ნათესავია და, ამასთან, მისი ჩვენებიდან არ იკვეთება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. საქმეში არ არის წარმოდგენილი ამონაბეჭდები სოციალური ქსელიდან, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა. მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის ცოლის ღალატი უმძიმესი შეურაცხყოფაა, არ ამტკიცებს იმას, რომ ამ ღალატს მართლაც ჰქონდა ადგილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი.ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ: 1995 წლიდან დღემდე თ.ჯ. და ი.ჯ. იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; მოდავე მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები; 2011 წლის 4 იანვრიდან 2013 წლის 7 ოქტომბრამდე თ.ჯ. ი.ჯ–სა და შვილის _ გ.ჯ–ს სახელზე აგზავნიდა თანხებს; 2012 წლის 4 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე, ი.ჯ–ს, სხვადასხვა უფლებებთან ერთად, უფლებამოსილება მიენიჭა, რომ გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე თ.ჯ–ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება; 2013 წლის 2 ოქტომბერს ი.ჯ–მ, როგორც თ.ჯ–ს წარმომადგენელმა, თავის თავთან დადო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, ანუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება; 2013 წლის სექტემბერში, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. თ.ჯ–თვის ცნობილი გახდა, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე ი.ჯ–ს სხვასთან ცხოვრების თაობაზე; 2013 წლის 16 ოქტომბრის სანოტარო აქტით გაუქმდა 2012 წლის 4 აგვისტოს მოსარჩელე თ.ჯ–ს მიერ გაცემული მინდობილობა.

1.4. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკსაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.5. საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც აპელანტმა სადავოდ გახადა მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ასევე დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაეთანხმა მხარე საქალაქო სასამართლოს მსჯელობას გარიგების ამორალურად მიჩნევის თაობაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში წარდგენილ მოსაზრებებს, სააპელაციო საჩივარში მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების ციტირებით წარმოადგინა ზოგადი ხასიათის შედავება, რომ სასამართლომ უანგარიშგებო დასკვნები გააკეთა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი საჩუქრის გამოთხოვას მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენისას ითვალისწინებს.

1.6. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლიანობა, რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ, სააპელაციო საჩივრისაგან განსხვავებულ გარემოებებს (როგორიცაა, მაგალითად: მინდობილობის გაუქმება, ის გარემოება, რომ ჩუქების დადებამდე დამსაჩუქრებლისათვის ცნობილი იყო მინდობილობის შეწყვეტის „საფუძველი“, მოსარჩელის მიერ სოციალური ქსელიდან ამონაბეჭდის წარუდგენლობა, ფოტომასალის ნამდვილობის სადავოდ მიჩნევა და სხვა), მათ თაობაზე აპელანტმა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად არ იმსჯელა მათზე.

1.7. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მოსარჩელისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე და განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართლით მოწესრიგებულ ურთიერთობებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც, სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ემყარება სუბიექტურ, მორალურ შეფასებებს. ჩუქება, როგორც უსასყიდლო გარიგება, როგორც წესი, მოტივირებულია მხარეთა ურთიერთპატივისცემით, შესაბამისად, საჩუქრის გამოთხოვის საკითხი დგება, როდესაც ადგილი აქვს ამორალურ, ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას, რომლის ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა.

1.8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის განმარტების თაობაზე და თვლის, რომ მოპასუხის ქმედება სასამართლომ მართებულად მიიჩნია მითითებული ნორმით განსაზღვრულ მძიმე შეურაცხყოფად. ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ საჩუქრის გამოთხოვისათვის სავალდებულო იყო მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ჩუქების დადების შემდეგ განხორციელებულიყო, რადგანაც, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად განმარტა, რომ გარიგების დადებამდე ამ ფაქტის ცოდნის შემთხვევაში მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა, რაც დასტურდება ი.ჯ–ს სახელზე გაცემული მინდობილობის დაუყოვნებლივ გაუქმებითაც.

1.9. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, გააუქმა ხელშეკრულება, ხოლო, მეორე მხრივ, ბათილად ცნო იგი ამორალურობის გამო, პალატა ვერ დაეთანხმება და საკასაციო საჩივრის ავტორს მიუთითებს იმ უდავო გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, მინდობილობის ფარგლებში, ი.ჯ–მ, როგორც თ.ჯ–ს წარმომადგენელმა, საკუთარ თავთან დადო გარიგება. სწორედ წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნება იქნა მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორალურ გარიგებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო საკასაციო საჩივარში მოცემულ არგუმენტები არ ქმნის მისი გაუქმების საფუძველს.

1.10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.11. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი.ჯ–ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ფ–ს მიერ 2014 წლის 21 ივლისს N21 საგადახდო დავალებით გადახდილი 600 ლარისა და გ.ფ–ს მიერვე 2014 წლის 3 ოქტომბერს N4 საგადახდო დავალებით გადახდილი 2035 ლარის, სულ _ 2635 ლარის 70% _ 1844,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჯ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი.ჯ–ს (რუსეთის მოქალაქის პასპორტი .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ფ–ს მიერ 2014 წლის 21 ივლისს N21 საგადახდო დავალებით გადახდილი 600 ლარისა და გ.ფ–ს მიერვე 2014 წლის 3 ოქტომბერს N4 საგადახდო დავალებით გადახდილი 2035 ლარის, სულ _ 2635 ლარის 70% _ 1844,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე