Facebook Twitter

საქმე №ას-899-861-2014 13 ივლისი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ვ. და მ. ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ.ო. „კ“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები _ ვ.ტ., გ.ჯ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლება

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „მ.ო.კ–მ“ მოითხოვა ვ.ა–ის, მ.ა–ის, ვ.ტ–სა და გ.ჯ–თვის 24.09.2012წ. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 6 338,76 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც 3 030,82 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 434,88 აშშ დოლარი _ დარიცხული სარგებელი, 37,18 აშშ დოლარი _ დაზღვევა, ხოლო 2 835,88 აშშ დოლარი _ ჯარიმა.

1.2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ვ.ა–თვის 709,27 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირი 312,29 აშშ დოლარია, სარგებელი _ 50,04 აშშ დოლარი, დაზღვევა _ 4,08 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა _ 342,86 აშშ დოლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

ვ.ა–მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოპასუხის განმარტებით, მას ვალდებულება 3 146,45 აშშ დოლარის ნაწილში შესრულებული აქვს, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდის ვადა არ დამდგარა, ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ჯარიმის ოდენობა შეუსაბამო იყო ვალდებულებასთან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.ო. კ–ს“ სარჩელი მოპასუხეების: ვ.ა–ის, მ.ა–ის, ვ.ტ–სა და გ.ჯ–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.2. მოპასუხეებს: ვ.ა–ს, მ.ა–ს, გ.ჯ–სა და ვ.ტ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 5 002,88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 3 030,82 აშშ დოლარი იყო სესხის ძირითადი ნაწილი, 434,88 აშშ დოლარი _ დარიცხული პროცენტი, 37,18 აშშ დოლარი _ დაზღვევა, ხოლო 1 500 აშშ დოლარი ჯარიმა;

3.3. მოპასუხე ვ.ა–ს ინდივიდუალურად დაეკისრა 411,08 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა იყო 265,98 აშშ დოლარი, პროცენტი _ 41,7 აშშ დოლარი, დაზღვევა _ 3,4 აშშ დოლარი და ჯარიმა _ 100 აშშ დოლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ა–ის, მ.ა–ის, ვ.ტ–ისა და გ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხეებისათვის ჯარიმის სახით 1 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ა–ს, მ.ა–ს, ვ.ტ–სა და გ.ჯ–ს შპს „მ. ო. კ–ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) _ 1 000 აშშ დოლარის გადახდა;

4.1.3. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 24.09.2012წ. შპს „მ.ო. კ–სა“ და ვ.ა–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელზე 18 თვით _ 2014 წლის 18 მარტის ჩათვლით სესხად გაიცა 5 000 აშშ დოლარი;

4.2.2. ხელშეკრულების 7.1. პუნქტით მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლო დაერიცხებოდა მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან) გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27%. 7.2 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არ გადაიხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს და, შესაბამისად, გამსესხებელი მიმართავდა თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დავის განმხილველ ორგანოს, მაშინ მსესხებელს, თავდებებსა და გარანტორს გამსესხებლისათვის გადასახდელად ჯარიმის სახით დამატებით დაეკისრებოდათ ვადაგადაცილების მომენტიდან დავის განმხილველ ორგანოში საჩივრის შეტანის დღემდე მთლიანი ძირითადი თანხის დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მე-9 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების დარღვევის პირობები, მათ შორის, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხისა და ჯარიმის გადაუხდელობა (9.1.). მითითებული ხელშეკრულების დანართს წარმოადგენს სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 18 ოქტომბერს, ხოლო ბოლო, მე-18 გადახდა _ 2014 წლის 18 მარტს, სულ უნდა გადაეხადა 6 321,44 აშშ დოლარი, რომელიც მოიცავდა ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხასაც;

4.2.3. 13.09.2012წ. შპს „მ.ო. კ–სა“ და მ.ა–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ.ა–მ პასუხისმგებლობა აიღო, ვ.ა–ის მიერ შპს „მ.ო.კ–ს“ მიმართ სამომავლოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;

4.2.4. 24.09.2012წ. შპს „მ.ო.კ–სა“ და ვ.ა–ს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ვ.ტ–ს, გ.ჯ–სა და შპს „მ.ო. კ–ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ვ.ტ–მა და გ.ჯ–მა პასუხისმგებლობა აიღეს, ვ.ა–ის მიერ შპს „მ.ო. კ–ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;

4.2.5. 2012 წლის 24 სექტემბერს ვ.ა–ესა და შპს „მ.ო.კ–ს“ შორის გაფორმდა #03833029f9 ხელშეკრულება განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ვ.ა–ის სახელზე გაიცა ლიმიტი 600 აშშ დოლარი, ბარათის მოქმედების ვადად მიეთითა 48 თვე, განაღდების ვადად კი - 8 თვე;

4.2.6. მოპასუხეებმა ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულეს. 28.03.2013წ. და 03.07.2013წ. გაფრთხილებების თანახმად, მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ სარჩელის შეტანამდე ეცნობათ მიმდინარე დავალიანების არსებობის თაობაზე და განესაზღვრათ ერთთვიანი ვადა დავალიანების დასაფარავად;

4.2.7. 19.09.2013წ. შპს „მ.ო.კ–ს“ მიერ გაცემული #5 ცნობის თანახმად, ვ.ა–ს, ასევე, თავდებებს: ვ.ტ–ს, გ.ჯ–სა და მ.ა–ე მითითებული დროისთვის მოსარჩელის მიმართ ჰქონდათ დავალიანება 6 338,76 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს - 3 030,82 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი _ 434,88 აშშ დოლარს, დაზღვევა _ 37,18 აშშ დოლარსა და ჯარიმა _ 2 835,88 აშშ დოლარს; აგრეთვე, ვ.ა–ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება LD1.... ბარათზე – 709,27 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი შეადგენდა 312,29 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული სარგებელი _ 50,04 აშშ დოლარს, დაზღვევა _ 4,08 აშშ დოლარს და ჯარიმა _ 342,86 აშშ დოლარს. საქმეში წარმოდგენილი იყო სესხის გადახდის გრაფიკი და ფაქტობრივად შესრულებული გადახდების გრაფიკი ორივე ზემოაღნიშნულ სესხთან მიმართებით 2012 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით;

4.2.8. ვ.ა–ს შესრულებული აქვს ვალდებულების ნაწილი _ 3146,45 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ ბოლოს 2013 წლის 18 მაისს გადაიხადა;

4.2.9. ვ.ა–ის მიერ გადახდილი 3 146,45 აშშ დოლარიდან, დაიფარა ძირი 1 969,18 აშშ დოლარი, სარგებელი _ 803,46 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა _ 45,92 აშშ დოლარი და ჯარიმა _ 25,65 აშშ დოლარი, შესაბამისად, 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის დავალიანება შეადგენდა 3 030,82 აშშ დოლარს, პროცენტის _ 434,88 აშშ დოლარს, დაზღვევის _ 37,18 აშშ დოლარს. რაც შეეხებოდა განვადების ბარათს, ვ.ა–ის ძირი თანხის დავალიანება შეადგენდა 265,98 აშშ დოლარს, პროცენტის _ 41,7 აშშ დოლარს, დაზღვევის _ 3,4 აშშ დოლარს;

4.2.10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის _ 1 500 აშშ დოლარის, ხოლო განვადების ბარათიდან გამომდინარე, ვ.ა–ს ინდივიდუალურად დაეკისრა ჯარიმის _ 100 აშშ დოლარის გადახდა.

4.2.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ, 2012 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიიდან გამომდინარე პირგასამტეხლო _ 2 835.88 აშშ დოლარიდან შეამცირა 1 500 აშშ დოლარამდე, ხოლო განვადების ბარათიდან გამომდინარე ჯარიმა _ 342.86 აშშ დოლარიდან 100 აშშ დოლარამდე. პალატის შეფასებით, 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც მოთხოვნილი, ისე დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრული იყო, რადგანაც დარღვევის თანაზომიერ ჯარიმას შეადგენდა 1 000 აშშ დოლარი, ხოლო განვადების ბარათიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა), ქვემდგომმა სასამართლომ გონივრულად განსაზღვრა და არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

4.2.12. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 623-ე მუხლებით, 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, 895-ე მუხლით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მსესხებელს მართებულად დაეკისრა თავდებ პირებთან ერთად, სოლიდარულად 24.09.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის _ 3 030,82 აშშ დოლარის, პროცენტის _ 434,88 აშშ დოლარისა და დაზღვევის _ 37,18 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, მართებულად დაეკისრა მოპასუხე ვ.ა–ს ინდივიდუალურად ძირი თანხის _ 265,98 აშშ დოლარის, პროცენტის _ 41,7 აშშ დოლარისა და დაზღვევის _ 3,4 აშშ დოლარის გადახდა.

4.2.13. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 420-ე მუხლზე და განმარტა შემდეგი: ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის _ პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პალატის აზრით, ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 1 000 აშშ დოლარამდე, განვადების ბარათი კი პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობებს არ ითვალისწინებდა.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და მ. ა–მა, მოითხოვეს პირგასამტეხლოს _ 1 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება.

5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო პალატამ დაარღვია კანონი, რამდენადაც პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან შეუსაბამოდ ბევრი თანხა დაეკისრათ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ვალდებულების შესრულების ვადა, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ გადაცილებული იყო თანხის გადახდის გრაფიკი. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი, რომელიც სრულად გაათავისუფლებდა მხარეს ვალდებულების შესრულებისაგან, რადგანაც თანხის გადახდის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ოჯახის წევრის ავადმყოფობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. და მ. ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ ვალდებულების არსებობის, მისი შეუსრულებლობისა და სოლიდარული ვალდებულების კუთხით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები, არამედ სადავოა მხოლოდ 24.09.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება. ამ თვალსაზრისით კი, კასატორებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 24.09.2012წ. ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განისაზღვრა მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან) დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით კი, თუ მსესხებელი არ გადაიხდიდა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს და, შესაბამისად, გამსესხებელი მიმართავდა თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დავის განმხილველ ორგანოს, მაშინ მსესხებელს თავდებებსა და გარანტორს გამსესხებლისათვის გადასახდელად ჯარიმის სახით დამატებით დაეკისრებოდათ ვადაგადაცილების მომენტიდან დავის განმხილველ ორგანოში საჩივრის შეტანის დღემდე მთლიანი ძირითადი თანხის დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.4. დადგენილია და საკასაციო საჩივრის ავტორებიც ადასტურებენ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტს.

1.5. პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლს, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ, არაჯეროვანი შესრულებაც, რაც მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადასტურებულია.

1.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას დაკისრებული პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური თვალსაზრისით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

1.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო როგორც ვალდებულების დარღვევის ვადა, ისე მხარეთა ინტერესები ვალდებულების შესრულების მიმართ და მათი ქონებრივი მდგომარეობა. ამ კუთხით კასატორს არანაირი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

1.8. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. კონსტიტუციის ეს დებულება ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში და დადგენილია, რომ მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს იმგვარი შემცირების შესაძლებლობას, რომ თავად პირგასამტეხლოს ინსტიტუტმა დაკარგოს აზრი. ნორმა განსაზღვრავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს რაიმე სპეციალური მტკიცებულება, იგი ყოველთვის გონივრული განსჯის შედეგია და ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს როგორც დარღვეული ვალდებულების ხასიათი, ისე კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა თანაფარდობა.

უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ 420-ე მუხლის რეგულაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია, რაც დავის ფაქტობრივი გარემოებებითაა განპირობებული, ის ფაქტი, რომ სასამართლო უფლებამოსილია, ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში და შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში შეამციროს მოთხოვნილი თანხა, გამართლებულია მხარეთა თანასწორობის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალის (მოპასუხის) ინტერესების თანაზომიერად უნდა იქნეს დაცული მოსარჩელე კრედიტორის ინტერესიც. თავის მხრივ, საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს ევალება მითითება ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც სამართლიანს გახდის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებას, ამგვარი მტკიცება კასატორს არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის, ხოლო ის ფაქტი, რომ მას ნაწილობრივ შესრულებული აქვს ვალდებულება, სააპელაციო პლატამ მოთხოვნილი თანხის მეტად შემცირების წინაპირობად მართებულად არ მიიჩნია.

1.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (იხ. სუსგ №ას-921-960-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ვ. და მ. ა–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. და მ. ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე