საქმე №ას-924-886-2014 20 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.“(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ. და გ.ტ–ები (შეგებებული სარჩელის ავტორები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნება, შეგებებულ სარჩელში _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს–მა“ მოითხოვა გ.ტ–თვის ზედმეტად მიღებული თანხის _ 4 284,60 ლარის, ვ.ტ–თვის _ 3 600 ლარის, ხოლო გ.ტ–თვის _ 3 200 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3.შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
გ., ვ. და გ. ტ–ებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სს „ს–თვის“ სახელფასო დავალიანების _ 13 546 ლარის დაკისრება.
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
სს „ს–ს“ შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს–ის“ სარჩელი ვ.ტ–ის, გ.ტ–ისა და გ.ტ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
5.2. ვ.ტ–ის, გ.ტ–ისა და გ.ტ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს „ს–ს“ ვ.ტ–ის, გ.ტ–ისა და გ.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 1 3545.4 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს–მა“.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით სს „ს–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ტ. და ვ.ტ. 2011 წლის 1 აგვისტოს №.. ბრძანების თანახმად 1 აგვისტოდან დროებით მიღებულ იქნენ ტყის მჭრელად შავი ზღვის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, ხოლო გ.ტ., 2012 წლის 1 მაისის №.. ბრძანების თანახმად 27 აპრილიდან დროებით მიღებულ იქნა ტყის მჭრელად შავი ზღვის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე.
6.1.2. 2012 წლის 30 ნოემბერს მოპასუხეებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ შემდეგი თანხები: გ.ტ–ს _ 4 284.60 ლარი, ვ.ტ–ს _ 3 600 ლარი, გ.ტ–ს _ 3 200 ლარი;
6.1.3. 2012 წლის 30 სექტემბრის №.. ბრძანების თანახმად, შავი ზღვის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტზე დროებით მომუშავე პერსონალი, მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლდა;
6.1.4. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, განმარტა, რომ საპროცესო უფლებებთან ერთად მხარეებს ეკისრებათ საპროცესო მოვალეობებიც. მხარეთა საპროცესო მოვალეობაა მიუთითონ ფაქტებზე, თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით. მხარეთა მოვალეობაა დაამტკიცონ მათ მიერ მითითებული ფაქტები და ა.შ. იმისათვის არის განსაზღვრული კანონმდებლობით მხარეთა საპროცესო მოვალეობები, რომ ასეთი მოვალეობის შეუსრულებლობას უკავშირდება არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისადმი, რომელმაც მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა. თუ მხარემ ვერ ან არ დაამტკიცა ის ფაქტები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებს ან შესაგებელს, სასამართლო გამოიტანს მისთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებას.
გ., გ. და ვ.ტ–ების შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი მოპასუხეს არ წარუდგენია, შესაბამისად, პალატამ მხოლოდ შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 16 ოქტომბერს და არა 1 ოქტომბერს სს „ს–ის“ მითითებით მოპასუხეებმა შეწყვიტეს გამოზიდვის სამუშაოები;
6.1.5. 2012 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 16 ოქტომბრამდე მოპასუხეთა მიერ ბაღდათის სატყეო მეურნეობაში ჩატანილ იქნა 410,5 კუბური მეტრი ხე-ტყე;
6.1.6. მხარეთა შეთანხმებით, სატყეო მეურნეობაში ჩატანილ ყოველ კუბურ მეტრ ხე-ტყეზე „ს.“ მოპასუხეებს ხელფასის სახით გადაუხდიდა 60 ლარს.
6.1.7. მოპასუხეთა განმარტებით, 2012 წლის ზაფხულის დასაწყისიდან, იმ მოტივით, რომ ვერ ესწრებოდა ელექტროგადამცემი ხაზისათვის ტყის ზოლის გაკაფვა, „ს–ის“ მითითებით, ძირითადი ყურადღება გამახვილდა ტყის ჭრაზე, რომელიც დამთავრდა 2012 წლის ივლისის ბოლოს, რის შემდეგაც ჭრაზე დასაქმებული მუშების ნაწილს, რომელთაც არ ჰქონდათ ხე-ტყის გამოტანაზე მუშაობის გამოცდილება, არ უმუშავიათ, ხოლო გ., ვ. და გ.ტ–ებმა 2012 წლის 1 აგვისტოდან დაიწყეს უკვე მოჭრილი ხე-ტყის ტყეკაფიდან გამოტანა და ტრანსპორტირება;
6.1.8. 2012 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 16 ოქტომბრამდე მოპასუხეთა მიერ ბაღდათის სატყეო მეურნეობაში ჩატანილ იქნა 410,5 კუბური მეტრი ხე-ტყე, რის შედეგადაც „ს–ის“ სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 24 630 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი, 11 084.6 ლარი, 2012 წლის 30 ნოემბერს „ს–ის“ მიერ ჩარიცხულ იქნა მოპასუხეების (იგივე მოსარჩელეების) ანგარიშზე, კერძოდ, გ.ტ–ს ჩაერიცხა 4 284.60 ლარი, ვ.ტ–ს _ 3 600 ლარი, გ.ტ–ს კი _ 3 200 ლარი. სს „ს–ს“ გააჩნია სახელფასო დავალიანება 13 545.4 ლარის ოდენობით.
6.1.9. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42.1, 30.4 მუხლებით, შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი მუხლით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სს „ს–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ვ., გ. და გ.ტ–ების შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
7. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. სასამართლომ მხედველობაში არასწორად არ მიიღო მტკიცებულებები, რომლებიც საპატიო მიზეზით იყო დაგვიანებით წარდგენილი, ხოლო საქმეზე დაკითხულმა მოწმემ იცრუა, რომლის მიმართაც სისხსლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. სასამართლომ ხელი შეუწყო პირთა უსაფუძვლო გამდიდრებას. მტკიცებულებათა დაგვიანებით წარუდგენლობა განპირობებული იყო მათ ფინანსურ პოლიციაში ყოფნით და პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლებელი იყო.
7.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 410 კუბური მეტრი ხე-ტყის ჩაბარების ფაქტი და ამის შესაბამისად გამოიანგარიშა გადასახდელი თანხა, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ სექტემბერში ეს თანხა გადახდილი იყო. პირთა შრომის უფლება არ დარღვეულა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომლებიც სექტემბერში მთელი ბრიგადისათვის თანხის გადახდის ფაქტს ადასტურებდა. ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე მხარეს ეკუთვნოდა და წარმოადგენდა ავანსს გასაწევი სამუშაოსათვის. დაკითხული მოწმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად ხორციელდებოდა თანხის გადახდა, სწორედ ეს პირი იყო პასუხისმგებელი შესასრულებელი სამუშაოს აღწერასა და ე.წ ტაბელის მომზადებაზე.
7.1.3. პალატამ ასევე არასწორად არ დაადგინა ნოემბერში თანხის გადახდის ფაქტი, რომელიც დარჩენილი სამუშაოების შესრულების ავანსს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ეფუძნება სს „ს–ის“ მიერ იმ საპროცესო წესების დარღვევას, რომლითაც გათვალისწინებულია სარჩელში (შეგებებულ სარჩელში) მითითებული გარემოებების გაქარწყლების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ სს „ს–ს“ შესაგებელი არ წარუდგენია, გაიზიარა გ., ვ. და გ.ტ–ების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილებაც სწორედ მათ დაამყარა.
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.4. კასატორი საკუთრი პოზიციის დადასტურების მიზნით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მის მიერ დაგვიანებით წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა დაგვიანებით წარდგენა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, კერძოდ დოკუმენტები იმყოფება ფინანსურ პოლიციაში და სს „ს–მა“ ისინი ამ მიზეზით ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ამასთანავე, მითითებული დოკუმენტაცია ადასტურებდა ხელფასის გადახდის ფაქტს.
საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ის გარემოება, რომ სს „ს–ს“ არ განუკარგავს მითითებული ნორმით მინიჭებული სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალება. აღნიშნული გარემოება, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე დათანხმებად განიხილება, რა დროსაც სასამართლოს სრული უფლება გააჩნია, დაეყრდნოს მათ.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს შეზღუდული აპელაციის პრინციპს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა ნორმის ეს დანაწესი არ არის აბსოლუტური და 380-ე მუხლით მოწესრიგებულია სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის საკითხი, ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ასევე საპატიო მიზეზის ცნებას და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით ადგენს, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
თუკი მხარე, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაამტკიცებს საპატიო მიზეზით მტკიცებულებათა წარდგენას, სასამართლო შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
განსახილველ შემთხვევაში, სს „ს.“ მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ამ მტკიცებულებების ფინანსურ პოლიციაში ყოფნის ფაქტზე, რაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნას, რადგანაც საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი მე-2 ნაწილი მხარეთა უფლებადამცავი ნორმაა და ადგენს, რომ თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
კასატორს მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტზე არ მიუთითებია, რაც დაგვიანებით წარდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვას გამორიცხავდა.
1.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს–ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 ოქტომბერს N971 საგადახდო დავალებით გადახდილი 335,27 ლარისა და გ.ჯ–ის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბერს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 342 ლარის, სულ _ 677,27 70% _ 474,089 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს–ს“ (ს/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 ოქტომბერს N971 საგადახდო დავალებით გადახდილი 335,27 ლარისა და გ.ჯ–ის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბერს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 342 ლარის, სულ _ 677,27 70% _ 474,089 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე