საქმე №ას-931-893-2014 24 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.ბ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ს. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ს.ბ–მ მოითხოვა მოპასუხე ჯ.ს–ის უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება, ასევე ხელშეშლის აღკვეთა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საჩხერის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით ს.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეებს შორის იმავე დავაზე, იმავე საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ს.ბ–ის კერძო საჩივარი, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა საჩხერის რაიონულ სასამართლოს. განჩინების თანახმად, მხარეები, როგორც დასრულებულ დავაში, ისე განსახილველ დავაში, იდენტური იყო, თუმცა, განსახილველი იყო დავის საგანი და დავის საფუძვლებიც, კერძოდ, შეცვლილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან მოსარჩელე ს.ბ. ითხოვდა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ჯ.ს–ის უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, შესაბამისად, სარჩელიც სწორედ აღნიშნულ ფარგლებში უნდა განხილულიყო;
4.1.2. მოსარჩელე სონა იგივე ს.ბ. ცხოვრობს ჭიათურის რაიონის ..... და მას საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ესაზღვრება ჯ.ს–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას;
4.1.3. ჯ.ს–მ 2010 წელს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს ს.ბ–ის მიმართ და ითხოვა საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა. მოპასუხემ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ სადავო მიწის ნაკვეთთან მისული იყო აღმასრულებელი, რომელმაც მხარეთა მონაწილეობით და მეზობლების თანდასწრებით განუსაზღვრა მას საერთო სარგებლობის გზამდე მისასვლელი გზა. იგი სარგებლობს მხოლოდ აღმასრულებლის მიერ დადგენილი მისასვლელი გზით, რომელიც მას არ გაუფართოვებია. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ.ს–ის სარჩელი ს.ბ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაევალა, სასაზღვრო მიჯნისაგან გაეთავისუფლებინა ჯ.ს–ის ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორია ისე, რომ ამ უკანასკნელს შეძლებოდა ჭიშკრით სარგებლობა, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის ხელშეშლა ე.წ შავი ეზოდან გასასვლელი ჭიშკრით სარგებლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ს.ბ–მ სააპელაციო და საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
4.1.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ს.ბ. სოფელ ..... საკუთრების უფლებით ფლობდა 7429 კვ.მ მიწის ნაკვეთს. №2 მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ჯ.ს–თან გააჩნდა 50-მეტრიანი და №3 მიწის ნაკვეთთან (330 კვ.მ) მიმართებაში _ 30-მეტრიანი საზღვარი. 30-მეტრიანი საზღვრის თავზე ჯ.ს–ს განთავსებული აქვს თავის სასაზღვრე მიჯნაში პირუტყვის გამოსასვლელი ჭიშკარი, რომელიც ესაზღვრება საერთო სარგებლობაში (სახელმწიფო საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთს. ამ მიწის ნაკვეთით წლების მანძილზე სარგებლობდნენ მხარეები, ვიდრე იგი 2010 წელს არ ჩაკეტა ს.ბ–მ. რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯ.ს. უზრუნველყო საჭირო გზით ე.წ „შავი ეზოს“ ჭიშკრიდან საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად. ს.ბ–მ მოხსნა ღობე, რომლითაც შემოსაზღვრული ჰქონდა შესასვლელი;
4.1.5. ჭიათურის რაიონის სოფელ ეწერში მდებარე 331 კვ.მ №3 მიწის ნაკვეთი, 2011 წლის 10 აგვისტოს №....... საარქივო ცნობისა და №22 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2011 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ს. და ნ. ბ–ბის საკუთრებად;
4.1.6. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო ნაკვეთი არ ეკუთვნის ს.ბ–ს, იგი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას და ს.ბ–მ ის თვითნებურად შემოღობა;
4.1.7. მოსარჩელემ, როგორც წინა, ისე მოცემული საქმის განხილვისას უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. დამატებით სადავო მიწასთან რაიმე შემხებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის შეძენა არ მომხდარა. მას ჰქონდა და აქვს საკუთრებაში №22 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთები. განსხვავებული მტკიცებულება სასამართლოში ს.ბ–ს არ წარუდგენია;
4.1.8. წინამდებარე სარჩელით ს.ბ. ითხოვდა იმ ნაკვეთის განთავისუფლებას და მოპასუხისაგან მის მფლობელობაში დაბრუნებას, რომელიც, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ითვლება საერთო სარგებლობის გზად და ჯ.ს. იყენებს თავის სასაზღვრე მიჯნაში არსებულ ჭიშკარში შესასვლელად. ეს მიწის ნაკვეთი ს.ბ–ს არ ეკუთვნის;
4.1.9. ჭიშკართან მისასვლელი სადავო გზა არ არის შემოსაზღვრული, ჯ.ს. სადავო გზას იყენებს ჭიშკართან დასაკავშირებლად, სადაც დაჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მოსარჩელის განმარტებით გზა არის დანაგვიანებული, რითაც მას ხელი ეშლება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელობაში. მოპასუხის უკანონო მფლობელობა დაკავშირებულია მისასვლელი გზის გამოყენებასთან და არა შემოსაზღვრასთან ან საზღვრის გადმოწევასთან. მოპასუხე სადავო გზას იყენებს შავ ეზოდ, ჩიხად, თუმცა მისასვლელი გზის დანაგვიანების შესახებ მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია;
4.1.10. პალატამ დადგენილად ცნო, რომ ე.წ „შავი ეზოდან“ გამოსასვლელი ჭიშკარი იმავე ადგილასაა განთავსებული, სადაც იგი თავდაპირველი დავის განხილვისას იყო. დღეის მდგომარეობით, ჯ.ს–ის კუთვნილი ეზოს საზღვარზე არსებული ხის ჭიშკარი შეცვლილია მავთულბადის რკინის ჭიშკრით რომელსაც მოპასუხე იყენებს პირუტყვის გამოსაყვანად და იმავე ღიობშია განთავსებული, სადაც განთავსებული იყო ხის ჭიშკარი. კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შესვლის სარგებლობის ხელშეშლის შესახებ ს.ბ–ს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღმასრულებლის მიერ 2012 წლის 17 ივლისის შედგენილი ოქმითაც დასტურდებოდა, რომ ს.ბ–ს განემარტა, არ შეეშალა ხელი ჯ.ს–თვის ჭიშკრით სარგებლობაში. ს.ბ–ის №3 ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი, სასამართლოს განმარტებით, ვერ შეცვლის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულ გარემოებებს, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ რეგისტრაციის საფუძველი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი _ №22 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი იყო და ამ აქტით უტყუარად დასტურდებოდა საკუთრება და საკუთრების კონფიგურაცია.
4.1.11. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად, გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მოცემული დავა უძრავი ნივთით სარგებლობის უფლებას ეხებოდა. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის თანახმად აღნიშნა, რომ მესაკუთრეს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა შეუძლია, როდესაც სახეზეა შემდეგი ელემენტები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
4.1.12. მოცემულ შემთხვევაში, იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლითაც სარგებლობდა მოპასუხე, არ წარმოადგენდა მოსარჩელე. არც მოსარჩელის საკუთრების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა დადასტურებულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად.
4.1.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, წინამდებარე დავის ახალ, განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და ჩათვალა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი იყო, კერძოდ, ხელშეშლის შესახებ მტკიცებულებები, შეჯიბრებითობის წესების დაცვით, მოსარჩელეს არ წარუდგენია. იგი საქმის განხილვის დროს უთითებდა გარკვეულ მტკიცებულებებზე, მაგრამ ასეთი დოკუმენტები არ წარმოუდგენია და საქმეშიც არ მოიპოვება. ის ხელშეშლის ფაქტს ამყარებს მხოლოდ ზეპირი განმარტებაზე (მისასვლელი გზა დანაგვიანებულია, რითაც ხელი ეშლება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში).
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ბ–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
5.1.1. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე იმ მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას მოითხოვს, რომელიც მას არ ეკუთვნის და წარმოადგენს საერთო საკუთრების მიწას. საქმის განხილვისას მოსარჩელემ წარადგინა ყველა საჭირო მასალა და დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობას, ამგვარი მტკიცებულებაა N22 აქტი მიწის მიღება-ჩაბარების თაობაზე, საკადასტრო რუკა, რომელიც ელექტრონულად ზუსტად ასახავს მიწის ფართობსა და მდებარეობას, ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც მეტად განამყარებს მიწაზე საკუთრების უფლებასა და კონფიგურაციას.
5.1.2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა. მოსარჩელემ წარადგინა ფოტოები, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის ჭიშკარი შედის მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში და მას არავითარი კავშირი არ აქვს საერთო სარგებლობის მიწასთან, ვინაიდან ამგვარი მიწა მოსარჩელის ნაკვეთის ზემოთ მდებარეობს. ასევე დგინდება, რომ სადავო ფართი მოპასუხეს ნაგავსაყრელად აქვს გამოყენებული, რაც ხელს უშლის საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად დამტკიცებული 331 კვ.მ მიწის შემოღობვას.
5.1.3. სასამართლო სხდომაზე ჯ.ს–მ დაადასტურა, რომ მან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ თვითნებურად შეცვალა ჭიშკრის პარამეტრები და ამჟამად იყენებს სამანქანე გზად. მანვე დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთი დაკანონებული არ აქვს და არ გააჩნია საჯარო რეესტრის ამონაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს.ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მხარეთა საკუთრება უძრავ ქონებებზე; სადავო ჭიშკარი ესაზღვრება საერთო სარგებლობის (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ) მიწის ნაკვეთს; მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლით სარგებლობის ხელშეშლასაც მოსარჩელე მოითხოვს, არ წარმოადგენს ს.ბ., ხოლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მასალებით ირკვევა, რომ აღმასრულებელმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად განუსაზღვრა მხარეებს კუთვნილ ნაკვეთებთან მისასვლელი გზა.
1.4. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
1.5. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ.
1.6. პალატა განმარტავს, რომ პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს.
1.7. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
1.8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც განსაზღვრული იყო მხარეთა თანასაკუთრების ფარგლები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მიწის მიღება-ჩაბარების N22 აქტს, რომელიც არ ადასტურებს სადავო მიწაზე მოსარჩელის უფლებას, ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის ჭიშკრის პარამეტრები არ არის შეცვლილი, შეცვლილია მხოლოდ თავად ჭიშკარი, რომელიც თავდაპირველად იყო ხის. კასატორი, მართალია, პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო პალატის მის დადგენილ ამ გარემოებაზე და მიუთითებს მოპასუხის მიერ ფაქტობრივი გარემოებების აღიარებაზე, თუმცა მას ამ ნაწილში დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს განმარტებას სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლში მოცემული ვინდიკაციური სარჩელის ელემენტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მართებულად დააკისრა სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი, რომელიც მან, განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაძლია.
1.9. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.10. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.11. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
1.12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვისა და გამოკვლევის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
1.13. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა.
1.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამ ნორმისა და ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ს.ბ–ს უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის 3 ივლისის განცხადებაზე დართული სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 7 (შვიდი) ფურცლად.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ს.ბრეგვაძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და ს.ბ–ს დაუბრუნდეს 2015 წლის 3 ივლისის განცხადებაზე დართული სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 7 (შვიდი) ფურცლად.
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე