საქმე №ას-955-917-2014 24 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.გ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. და გ.ლ–ები, ნოტარიუსი დ.გ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სანოტარო აქტის _ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შ.გ–მა მოითხოვა 2012 წლის 7 დეკემბერს გ.ლ–ის სახელზე გაცემული მინდობილობის, ასევე 2013 წლის 21 თებერვალს გ. და გ.ლ–ებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
გ.ლ–მ, გ.ლ–მ და ნოტარიუსმა დ.გ–მ სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ამბროლაურის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.გაბისიანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 (2014) წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენელ რ.პ–ის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე;
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით შ.გ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4.3. გასაჩივრებული განჩინების/დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.3.1. პალატამ მიუთითა საქმეში განთავსებულ სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ აქტზე, რომლის თანახმადაც 2014 წლის 28 მაისს, 14:00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე აპელანტის წარმომადგენელი რ.პ. გაფრთხილებული იყო ჯერ კიდევ 2014 წლის 24 აპრილს. 2014 წლის 28 მაისს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა აპელანტის წარმომადგენელ რ.პ–ის განცხადება-შუამდგომლობა, რომ იყო ავად და ითხოვა საქმის განხილვის გადადება. განაცხადა, რომ ავადმყოფობის ცნობას წარმოადგენდა მოგვიანებით. განცხადებას სხვა რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა;
4.3.2. 2014 წლის 28 მაისს, 14:00 საათზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი შ.გ. და მისი წარმომადგენელი რ.პ., შ.გ–ს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა გ. და გ.ლ–ბის წარმომადგენელმა ი.კ–მ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რასაც ასევე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე დ.გ–ე (ნოტარიუსი);
4.3.3. სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის წარმომადგენლის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების გზით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
4.3.4. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ საპატიო მიზეზად ითვლება მხარის ავადმყოფობა, რაც დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად კი, ამგვარი მტკიცებულების წარდგენა გამოუცხადებელი მხარის ვალდებულება იყო.
4.3.5. საჩივრის განხილვის დროს წარმოდგენილი რ.პ–ის სახელზე გაცემული სავაადმყოფო ფურცელი, პალატის მოსაზრებით, კანონშესაბამისი არ იყო, რადგან იგი არც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი იყო და პირდაპირ მითითებას შეიცავდა გადაადგილების შეუძლებლობაზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა, გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ განმარტა, რომ რ.პ–ს არც შ.გ–ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მიუთითებია, ამასთან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები არსებობდა, რაც შეიძლება საფუძვლად დადებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.გ–მა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულება, რაც სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა. ამასთან, წარდგენილი მტკიცებულება არ შეიცავდა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერას. ასეთ ვითარებაში სასამართლოს შეეძლო დაედგინა ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც მხარე უზრუნველყოფდა. რაც შეეხება უშუალოდ შ.გ–ის გამოუცხადებლობას, მისთვის სასამართლო სხდომის თარიღი იყო უცნობი, ვინაიდან წარმომადგენელს აღნიშნული აპელანტისათვის არ უცნობებია. შ.გ–ს არ გააჩნია საკმარისი განათლება, რომ თავად უზრუნველყოს საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვა, სწორედ ამ მიზნით ჰყავდა მას წარმომადგენელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შ.გ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების/დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
1.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
1.1.1.საქმის მასალებით დასტურდება და კასატორს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით დანიშნული მთავარი სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე (28.05.2014 წ. 14:00 საათი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ რ.პ–ს 2014 წლის 24 აპრილს, 11:15 საათზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე;
1.1.2. ამავე აქტით ირკვევა, რომ რ.პ–ს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები;
1.1.3. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით დგინდება და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ რ.პ. შ.გ–ის უფლებამოსილი წარმომადგენელია, რომელსაც მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი;
1.1.4. სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის დაწყებამდე წარდგენილ იქნა რ.პ–ის განცხადება, რომლითაც იგი საქმის განხილვის გადადებას მოითხოვდა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, განცხადების თანახმად, რ.პ. იმყოფებოდა ავად და არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ამასთანავე, აღნიშნავდა, რომ ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარადგენდა დამატებით.
1.1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს 2013 (2014) წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეფასებას, რომ მტკიცებულებათა წარუდგენლობის გამო, საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ დგინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, ამასთანავე, რადგანაც გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორად განმარტების გზით მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობები, კერძოდ, 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით სასამართლომ დაარღვია, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულების გამოკვლევის წესი, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელი საპროცესო სამართლის ნორმები, რის თაობაზეც კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა (სსსკ 393.3 მუხლი).
1.1.6. 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა, ამასთანავე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძვლად პალატამ მიუთითა თავად შ.გ–ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაზეც.
1.2. სამართლებრივი დასაბუთება:
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
1.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სპეციალური ნორმით გაუთვალისწინებელი ყველა სხვა შემთხვევის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ვინაიდან სააპელაციო სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები არ შეიცავს რაიმე დანაწესს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ნორმებით უნდა შეფასდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
1.2.2. საქმეში წარმოდგენილ საჩივარს ერთვის საავადმყოფო ფურცლის დედანი, რომლის თანახმადაც, შპს „ს.მ.რ.ც–ის“ ოჯახის ექიმის მიერაა ხელმოწერილი და დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით. დასკვნითი დიაგნოზის თანახმად, რ.პ–ს 2014 წლის 28 მაისს დაუდგინდა მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი და დაევალა ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობა, შესაბამისად, 2014 წლის 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გათავისუფლდა სამუშაოდან.
საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მტკიცებულების შეფასების გზით პალატა მიიჩნევს, რომ რ.პ–მ საჩივრის განხილვის ეტაპზე უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება, მტკიცებულებაში ნათლადაა ასახული, როგორც ავადმყოფობის ფაქტი, ისე სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობა და მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ.პ–ის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.2.3. რაც შეეხება თავად მხარის გამოუცხადებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ არც ეს გარემოება წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას სასამართლო სხდომის თარიღი შ.გ–თვის არ უცნობებია. აღნიშნულით მან დაარღვია საპროცესო მოთხოვნები, რადგანაც 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის ვალდებულება, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს, მაგრამ ეს გარემოება ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც გასაზიარებელია თავად რ.პ–ის განმარტება მისი მარწმუნებლის მიერ დავალების ხელშეკრულების (რწმუნებულების) გაფორმების მიზნებთან დაკავშირებით (მხარეს არ გააჩნია სათანადო ცოდნა საკუთარი უფლებების ჯეროვნად დაცვისათვის). ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, რომელსაც არც უშუალოდ მხარე ესწრებოდა, მიიჩნია საპატიოდ და განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ. სუსგ Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი).
1.2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 28 მაისს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც მან საჩივრის განხილვისას სათანადოდ დაასაბუთა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმათა არასწორი განმარტებისა და წარდგენილი მტკიცებულების არასწორად შეფასების გამო აპელანტს უსაფუძვლოდ უთხრა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე