Facebook Twitter

საქმე №ას-964-925-2014 24 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ი.მ, დ.შ., რ.ჭ., ი.ჩ., რ.გ., ლ.ხ., ლ.მ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ხ.ს.კ.“, დირექტორი დ.ხ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ინფორმაციის წარდგენის დავალდებულება

დავის საგანი – ინფორმაციის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი.მ–მ, დ.შ–მ, რ.ჭ–მა, ი.ჩ–მა, რ.გ–მ, ლ.ხ–მ და ლ.მ–მ მოითხოვეს შპს „ლ.ხ.ს.კ–ის“ დირექტორ დ.ხ–ის დავალდებულება, მოსარჩელეებს მიაწოდოს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

1.1. საზოგადოების ერთპიროვნულ დირექტორად დ.ხ–ის დანიშვნიდან (2009 წლის დეკემბრიდან) 2013 წლის 1 ოქტომბრამდე მუშა-მოსამსახურეების სახელზე გაცემული ხელფასის მატების კლების საფუძვლების შესახებ განმარტებითი ბარათი;

1.2. 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული ყველა ბრძანების (ბრძანების წიგნის) ასლები;

1.3. საზოგადოების შინაგანაწესი;

1.4. საზოგადოების დირექტორ დ.ხ–ის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის აღწერა, კონკრეტული საქმიანობისა და მათთვის საჭირო სამუშაო საათების მითითებით;

1.5. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებაში დასაქმებულთა საშტატო ერთეულზე, კერძოდ, ვინ და რამდენი ადამიანია დასაქმებული და რომელ თანამდებობაზე, მათი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა;

1.6. დირექტორ დ.ხ–თან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფ და საზოგადოებაში დასაქმებულ პირთა, ასევე, 2013 წელს მიღებული ყველა თანამშრომლის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, მათი ე.წ „CV“, დირექტორის ახსნა-განმარტებითი ბარათი იმის შესახებ, თუ რომელ თანამდებობაზე რა კრიტერიუმითა და როგორ შეარჩიეს (იხ. დაზუსტებული სასარჩელეო მოთხოვნა).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.მ–ის, დ.შ–ს, რ.ჭ–ის, ი.ჩ–ის, რ.გ–ის, ლ.ხ–ისა და ლ.მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

3.2. შპს „ლ.ხ.ს.კ–ის“ დირექტორ დ.ხ–ს დაევალა საზოგადოების პარტნიორებისათვის შპს „ლ.ხ.ს.კ–ის“ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ასლების მიწოდება:

3.2.1. დ.ხ–ის საზოგადოების ერთპიროვნულ დირექტორად დანიშვნიდან - 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე მუშა-მოსამსახურეების სახელზე გაცემული ხელფასების უწყისთა ასლები ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასთა მატების, კლების საფუძვლების მითითებით;

3.2.2. 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე დირექტორის მიერ გაცემული ყველა ბრძანების, ანუ ბრძანების წიგნების ასლები;

3.2.3. შპს „ლ.ხ.ს.კ–ის“ შინაგანაწესი;

3.2.4. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებაში დასაქმებულთა საშტატო ერთეულზე, კერძოდ, ვინ და რამდენი ადამიანია დასაქმებული, რომელ თანამდებობაზე, მათი განათლებისა და სახელფასო ანაზღაურების ოდენობების მითითებით, მათ შორის ე.წ „CV“;

3.3. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

მხარებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით ი.მ–ის, დ.შ–ს, რ.ჭ–ის, ი.ჩ–ის, რ.გ–ის, ლ.ხ–ისა და ლ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არიან შპს „ლ.ხ.ს.კ–ის“ პარტნიორები და ეკუთვნით საწარმოს წილის 39%;

4.1.2. დ.ხ. ამ საწარმოს დირექტორია;

4.1.3. 2013 წლის 14 მაისს რ.ჭ–მა და ლ.მ–მ წერილობით მოსთხოვეს დ.ხ–ს საწარმოს წლიური ანგარიშებისა და საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობა, ხოლო საზოგადოების დირექტორმა 2013 წლის 20 მაისს წერილობითაც უპასუხა განმცხადებლებს და სთხოვა დაეზუსტებინათ, როგორ სურდათ მათ მოთხოვნილი საბუთების შესწავლა: დამოუკიდებლად თუ წარმომადგენლის მეშვეობით.

4.1.4. 2013 წლის 6 აგვისტოს საზოგადოების პუბლიკაციები მოითხოვა უკვე ყველა მოსარჩელემ ერთობლივად;

4.1.5. საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელეთა კიდევ ერთი, უთარიღო წერილი (ს.ფ. 49-51), რომლითაც დგინდებოდა, რომ დ.ხ–ს საზოგადოების პუბლიკაციების გასაცნობად მიუწვევია მოსარჩელეთა მიერ დაქირავებული იურისტი, თუმცა, მისთვის ინფორმაცია და საბუთები არ გადაუცია. წერილიდან ირკვეოდა, რომ იგი 2013 წლის 26 აგვისტოს შემდეგ იყო შედგენილი, ამდენად, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ დ.ხ–მ საზოგადოების პარტნიორებს მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

4.1.6. სააპელაციო პალატამ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ საზოგადოების პარტნიორს წლიური ანგარიშისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის ასლების მიღების უფლება აქვს დოკუმენტაციის გაცნობისა და შესწავლის უფლებისაგან დამოუკიდებლად. პარტნიორი უფლებამოსილია, შეისწავლოს საზოგადოების დოკუმენტაცია, როგორც უშუალოდ, ასევე, აუდიტორის მეშვეობით, გარდა ამისა, მას შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს საწარმოს წლიური ანგარიშისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის ასლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორს არ შეეძლო, უარი ეთქვა პარტნიორებისათვის საზოგადოების პუბლიკაციების ასლების გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მათ შეეძლოთ შეესწავლათ ისინი უშუალოდ საწარმოში.

4.1.7. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მოპასუხეს ისეთი დოკუმენტების ასლების გადაცემა დაავალა, რომლებიც საწარმოს არ გააჩნია, რადგანაც ამ ფაქტის შესახებ დ.ხ–ს არც სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითებია და არც თავისი პოზიცია დაუმტკიცებია. გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს დაავალა მოსარჩელეთათვის საწარმოში ფაქტობრივად არსებული პუბლიკაციების ასლების გადაცემა.

4.1.8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ნორმაში მითითებული „ინფორმაცია“ გულისხმობდა ინფორმაციას საწარმოს კომერციული, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, ანუ ფაქტობრივად არსებულ ინფორმაციას საზოგადოების კონტრაჰენტების, დადებული გარიგებების, ამ გარიგებათა შინაარსისა და სხვადასხვა საკითხის თაობაზე. „საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის“ მიღების უფლება არ ნიშნავდა, რომ დირექტორი ვალდებული იყო პარტნიორებისათვის აღეწერა „მისი ერთი, ჩვეულებრივი სამუშაო დღე, კონკრეტული საქმიანობების და მათთვის საჭირო სამუშაო საათების მითითებით“, რადგანაც ამგვარი ვალდებულება კანონით დირექტორს არ აკისრია. მოთხოვნის სხვა საფუძვლებზე კი, მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ.

5. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.მ–მ, დ.შ–მ, რ.ჭ–მა, ი.ჩ–მა, რ.გ–მ, ლ.ხ–მ და ლ.მ–მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის დავალდებულება, პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება დირექტორის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის აღწერას, კონკრეტული საქმიანობის მითითებით.

5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

5.1.1. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისას იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით და აპელანტების მოთხოვნა დირექტორის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის აღწერის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რა დროსაც არასწორად განიმარტა კანონის ზემოხსენებული ნორმა, რადგანაც მოსარჩელეების მოთხოვნა უკავშირდება ნორმის იმ დანაწესს, რომლითაც დირექტორი ვალდებულია, პარტნიორს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ.

5.1.2. სააპელაციო სასამართლომ სიტყვა „ინფორმაციის“ მნიშვნელობა შეამცირა, როდესაც აღნიშნა, რომ იგი გულისხმობდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც საწარმოს კომერციულ, სამეწარმეო საქმიანობას შეეხებოდა, ანუ ფაქტობრივად არსებულ ინფორმაციას საზოგადოების კონტრაჰენტების, დადებული გარიგებების ამ გარიგებათა შინაარსისა და სხვა მსგავსის თაობაზე. კასატორთა მოსაზრებით, ხსენებული ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობისაა და გულისხმობს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

5.1.3. მოსარჩელეთა მოთხოვნას კონკრეტული ინტერესი გააჩნია, რომელიც ბუნებრივად წარმოეშობა პარტნიორს, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საზოგადოების დირექტორს, რომელიც საკონტროლო პაკეტის მფლობელი პარტნიორიცაა, საზოგადოებაში დასაქმებული ჰყავს ოჯახის წევრები და ახლობლები, ხოლო ხელფასის მატების შესახებ დოკუმენტაციაში ასახული არ არის ინფორმაცია, თუ რას ეფუძნება მიღებული გადაწყვეტილება, ასეთი ინფორმაცია დირექტორისათვის სუბიექტურადაა ცნობილი. მითითებული მოთხოვნა ემსახურება საზოგადოების 39%-იანი წილის პარტნიორთა უფლებას, იცოდნენ, რა საქმიანობას ეწევა დირექტორი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელებისას, რათა შეფასდეს, გაწეული საქმიანობის ადეკვატური არის თუ არა ანაზღაურება, რომელსაც დირექტორი ხელფასის სახით იღებს საწარმოდან. ამგვარი ინფორმაცია წარმოადგენს სუბიექტურ ინფორმაციას და მხოლოდ დირექტორისათვისაა ცნობილი.

5.1.4. კასატორებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ითხოვეს საზოგადოების დირექტორის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის აღწერა კონკრეტული საათების მითითების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი.მ–ის, დ.შ–ს, რ.ჭ–ის, ი.ჩ–ის, რ.გ–ის, ლ.ხ–ისა და ლ.მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. დირექტორის სამუშაო დღის ამსახველი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ეფუძნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტს. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია უსაფუძვლოდ მიიჩნია და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

1.4. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორების არგუმენტების ანალიზის შედეგად თვლის, რომ მათ დასაბუთებული საკსაციო შედავება არ წარმოუდგენიათ, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება.

1.5. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თაობაზე და კასატორებს განუმარტავს, რომ მათი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას სრულად ექვემდებარება მითითებულ საწარმოში ფაქტობრივად არსებული კომერციული ინფორმაციის მიწოდება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პარტნიორის უფლების დასაცავად, გარდა ზემოთ განხილული ინფორმაციის მიწოდებისა, ითვალისწინებს ისეთ ქმედით მექანიზმებს, როგორიცაა, კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის უფლება (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით); 91 მუხლით განსაზღვრული პარტნიორთა კრების ინსტიტუტი და სხვა. დირექტორის ყოველდღიური საქმიანობა საზოგადოების მოგებაუნარიანობაში ასახული ინფორმაციაა და, მიუხედავად იმისა, პარტნიორისათვის ცნობილი არის თუ არა დირექტორის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას სუბიექტურად არსებული ინფორმაცია, მას, სწორედ, წლიური ანგარიშის შემოწმების შედეგად შეუძლია გამოიტანოს დასკვნები საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების ეფექტურობისა და კანონიერების თაობაზე.

1.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი.მ–ის, დ.შ–ს, რ.ჭ–ის, ი.ჩ–ის, რ.გ–ის, ლ.ხ–ისა და ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ლ.ხ–ის მიერ 2014 წლის 14 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ის, დ.შ–ს, რ.ჭ–ის, ი.ჩ–ის, რ.გ–ის, ლ.ხ–ისა და ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ი.მ–ეს (პ/N......), დ.შ–ს (პ/N.....), რ.ჭ–ს (პ/N.....), ი.ჩ–ს (პ/N.....), რ.გ–ს (პ/N.....), ლ.ხ–სა (პ/N.....) და ლ.მ–ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.ხ–ის მიერ 2014 წლის 14 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე