Facebook Twitter

საქმე №ას-978-939-2014 17 ივლისი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.მ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს მ–მა“ მოითხოვა შპს „ბ.მ–თვის“ (ყოფილი შპს „მ. ქ.“) საიჯარო ქირის _ 99 000 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

შპს „ბ.მ–მა“ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის იჯარის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუცოი ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2008 წლიდან შპს „მ–ის“ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მცხეთის რაიონის ..... მდებარე 19997 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე 9 ნაგებობასთან ერთად. ამონაწერში მითითებულია შენობა-ნაგებობები შემდეგი ფართობით: N1 - გაშენების ფართი 822,19 კვ.მ; N2 - გაშენების ფართი 922,65 კვ.მ; N3 - გაშენების ფართი 922,65 კვ.მ; N 4 - გაშენების ფართი 922,66 კვ.მ; N5 - გაშენების ფართი 578,21 კვ.მ; N 6 - გაშენების ფართი 31,04 კვ.მ; N 7 გაშენების ფართი 5,55 კვ.მ; N 8 - გაშენების ფართი 12,58 კვ.მ; N 9 -გაშენების ფართი 9,04 კვ.მ.

5.1.2. 21.04.2011წ.-დან 15.08.2011წ. დროის მონაკვეთში, ვალის სანაცვლოდ კრედიტორის საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სს „ბ.ბ.“, რის შემდგომ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება კვლავ შპს „მ–ს“ დაუბრუნდა.

5.1.3. შპს „მ–ის“ 08.03.2012წ. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონება გაიყო ორ ნაწილად, საიდანაც 2715 კვ.მ მიწის ფართი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა და სადავო არ არის, რომ №1 შენობა) საკუთრებაში გადაეცა შპს „მ–ის“ პარტნიორ ა.მ–ს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი სხვა საწარმოს _ შპს „კ–ის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა შენატანის სახით, ამდენად, უძრავი ქონების გამიჯვნის შემდეგ, ამჟამად, მცხეთაში, ...... მდებარე 17 282 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 8 ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია შპს „მ–ის“ საკუთრებად.

5.1.4. მცხეთაში, ........ მდებარე 10 003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ხუთი შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში ირიცხება შპს „ბ.მ–ის“ საკუთრებად და მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

5.1.5. 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე შპს „ბ.მ–ის“ მფლობელობაში იყო შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობების ნაწილი - N2, N3, ნაგებობები (საფრინველეები), ინკუბატორი, დამხმარე ნაგებობები - ორი წყლის ჭაბურღილი, ელექტროჯიხური, სველი წერტილი. ამავე პერიოდის მანძილზე ინკუბატორით სარგებლობდა თავად შპს „მ–ც“, რომელიც ქონებას იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის.

5.1.6. 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის მარტამდე შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებულ N2 ნაგებობაზე შპს „ბ.მ–მა“ ელექტრომომარაგების კომუნიკაციების განახლებისათვის გასწია ხარჯი _ 2 641 ლარი და გადაიხადა მოსარჩელის მიერ გადაუხდელი 3 501,01 ლარის ღირებულების მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება. შპს „ბ.მ–მა“ მოსარჩელის კუთვნილ შენობებზე ჩაატარა სარემონტო სამუშაოებიც.

5.1.7. შპს „მ–ის“ კუთვნილი ქონების ნაწილის შპს „ბ.მ–ის“ მიერ 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე ფლობის საფუძველი არ ყოფილა საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა და მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა.

5.1.8. სადავო გარემოებას წარმოადგენდა 2010 წლის 15 მარტს იჯარის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოსარჩელემ იჯარის ხელშეკრულების დადების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულების ასლი, რომელსაც ხელს აწერენ შპს „მ–ის“ დირექტორი თ.ბ. და შპს „ბ.მ–ის“ დირექტორი ლ. ლ. მოსარჩელის განმარტებით, მას იჯარის ხელშეკრულების დედანი არ ჰქონდა, რადგან ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი მისთვის შპს „ბ.მ–ს“ არ გადაუცია. ხელშეკრულებაზე მეორე მხარის ხელმოწერის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამმართველოსთვის მოპასუხის გამოსახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემდეგ, სადაც მოპასუხემ წარადგინა აღნიშნული ხელშეკრულების ასლი.

5.1.9. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ტექსტზე ხელმოწერა შესრულებული იყო ლ.ლ–ძის მიერ, მოპასუხის განმარტებით, საზოგადოების დირექტორმა ხელი მოაწერა ხელშეკრულების ასლს, ხელშეკრულების პირველ და მესამე გვერდს, ხოლო მეორე გვერდს ხელი არ მოაწერა, რადგან არ ეთანხმებოდა ამ გვერდზე მოცემულ საიჯარო ქირის პირობებს. ხელშეკრულება არ იყო დადასტურებული შპს „ბ.მ–ის“ ბეჭდით, რაც იყო შპს „მ–ის“ მოთხოვნა.

5.1.10. 2009 წლის 15 მარტს შპს „მ–მა“ შპს „ბ.მ–ს“ ფოსტით გაუგზავნა 2010 წლის 15 მარტის იჯარის ხელშეკრულის ტექსტი, რომელზეც ხელს შპს „მ–ის“ დირექტორი თ.ბ. აწერდა და დამოწმებული იყო შპს „მ–ის“ ბეჭდით. ხელშეკრულების თანახმად, იჯარის საგანი მცხეთის რაიონის ...... მდებარე 19 997 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 9 შენობა-ნაგებობა იყო. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, საიჯარო გადასახადი შეადგენდა ყოველთვიურად 3 000 ლარს და გადახდის ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 1 ნოემბრიდან. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საიჯარო ქირა მოიჯარეს თებერვლის ბოლომდე სრულად უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მეიჯარე იჯარის საგანს გადასცემს, ხოლო მოიჯარეს მიღებული აქვს 2009 წლის 1 ნოემბრიდან იჯარის საგანი. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ აფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც მითითებული იქნებოდა გადაცემული ფართის საბალანსო ღირებულება, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, საიჯარო ფართში განთავსებული ნივთების ნუსხა და მათი ღირებულება.

5.1.11. საქმეში წარმოდგენილ შპს „მ–ის“ 2010 წლის 12 აპრილისა და 30 აპრილის წერილებში, რომლებიც ფოსტით გაეგზავნა შპს „ბ.მ–ის“ დირექტორ ლ. ლ–ს, თ.ბ. აღნიშნავდა შემდეგს: „2010 წლის 15 მარტს გამოგეგზავნათ წერილი თანდართული იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებული იყო ჩვენი ანუ მეიჯარის მხრიდან და გთხოვეთ, გაგეფორმებინათ თქვენი მხრიდან, ანუ დაგემოწმებინათ ხელმოწერითა და ბეჭდით, ვინაიდან ხელშეკრულებაში იყო ჩადებული პირობები, რომელზედაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, თქვენ ვალდებული იყავით, გადმოგეცათ ჩვენთვის დამოწმებული ხელშეკრულების ერთი პირი, თანაც გადაგეხადათ საიჯარო ქირა 2009 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, ვინაიდან ფაქტიურად იყენებთ საიჯარო ქონებას. ჩვენს წერილში მითითებული იყო, რომ ხელშეკრულების გაუფორმებლობისა და საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოგიწევდათ დაკავებული ფართის დაცლა. ჩემთან სატელეფონო საუბარში თქვენ განაცხადეთ, რომ წყვეტთ ჩვენ მხარესთან მოლაპარაკებას, თუმცა ისევ სარგებლობთ საიჯარო ფართით. ამიტომ, გთხოვთ, სასწრაფოდ დაცალოთ ჩვენი საკუთარი ტერიტორია და გადაიხადოთ ფართით სარგებლობისათვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი ქირა. ზემოაღნიშნულთან ერთად, გაცნობებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ დაიდოს თქვენთან საიჯარო ხელშეკრულება, ვინაიდან თქვენ უარი განაცხადეთ საიჯარო ურთიერთობებზე, საერთოდ პარტნიორულ ურთიერთობებზე და მოლაპარაკებაზეც კი“.

5.1.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე შპს „მ–ის“ წარმომადგენელ ა.მ–ის განმარტებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ „მ–ის“ 2010 წლის 15 მარტის წერილში ხელშეკრულებაზე ხელმოწერის კონკრეტული ვადა არ იყო განსაზღვრული.

5.1.13. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 329-ე, 330-ე და 331-ე მუხლების მიხედვით აღნიშნა, რომ შპს „მ–ის“ მიერ ოფერტი გაკეთდა არათანამყოფი პირის მიმართ, ხელშეკრულების დადებაზე მეორე მხარის თანხმობა უნდა განხორციელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ისეთ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის განცხადების ვადა ოფერენტს არ განუსაზღვრავს, აქცეპტი უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში, ხოლო ვადის გონივრულობა უნდა შეფასდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსის, მხარეებს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის გათვალისწინებით. მხარეებს შორის შესათანხმებელი ხელშეკრულება იჯარის ხელშეკრულება იყო, რომლის არსებითი პირობა იჯარის საფასურია. შპს „მ–ის“ მიერ გაგზავნილი 2010 წლის 15 მარტის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, იჯარის საფასური განისაზღვრა ყოველთვიურად გადასახდელი თანხით, რის გამოც შპს „მ–ის“ მიერ გაგზავნილ წერილზე თანხმობის განცხადების გონივრული ვადას არა უმეტეს ერთი თვე წარმოადგენდა.

5.1.14. შპს „მ–ის“ 2010 წლის 12 და 30 აპრილის წერილებით დასტურდებოდა, რომ ამ ვადაში შპს „ბ.მ–ს“ თანხმობა იჯარის ხელშეკრულების დადებაზე არ განუცხადებია. წერილში მითითებული იყო, რომ სატელეფონო საუბარში „ბ.მ–ის“ დირექტორმა უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე, ხოლო წერილობით ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა შპს „ბ.მ–ს“ არ განუცხადებია, ხელშეკრულების ორმხრივად ხელმოწერილი ტექსტი მოსარჩელისთვის არ გადაუცია, შესაბამისად, აქცეპტის მიღებისათვის გონივრულ ვადაში შპს „მ–თვის“ ცნობილი იყო ის გარემოება, რომ შპს „ბ.მ.“ უარს აცხადებდა შეთავაზებული პირობებით იჯარის ხელშეკრულების დადებაზე, რის საპასუხოდ შპს „მ–მა“ 2010 წლის 12 და 30 აპრილის წერილებით თავადაც უარი განაცხადა 2010 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ტექსტში შეთავაზებული პირობებით იჯარის ხელშეკრულების დადებაზე და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

5.1.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დედნის წარუდგენლობის მიზეზი იყო ის, რომ ხელშეკრულების მეორე მხარეს შპს „მ–ის“ დირექტორისათვის არ გაუგზავნია მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ეგზემპლარი და მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არსებობის შესახებ შეიტყო პოლიციის მეშვეობით პოლიციაში წარდგენილი ხელშეკრულების ასლის მიღების გზით, როდესაც შპს „მ–მა“ მცხეთის რაიონის ..... შინაგან საქმეთა სამმართველოს მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან შპს „ბ.მ–ის“ გამოსახლების მოთხოვნით მიმართა 2011 წლის 24 აგვისტოს, შესაბამისად, 2011 წლის 24 აგვისტოსთვის მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. 2010 წლის 15 მარტის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებული იყო 1 წელი, რომელიც ამოიწურა 2011 წლის 15 მარტს. აღნიშნული ვადის განმავლობაში შპს „მ–ს“ ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი არ გადასცემია და უფრო მეტიც, მისთვის საერთოდ უცნობი იყო ხელმოწერილი ასლის არსებობის თაობაზე.

5.1.16. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 71-ე, 51-ე მუხლებზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ოფერტი და აქცეპტი, როგორც ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა მიუვიდეს მეორე მხარეს, შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე ნათლად და გარკვევით გამოხატავს ნებას, რომ ეთანხმება ოფერტში მითითებულ პირობებს და ამის შესახებ ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. შპს „მ–სა“ და შპს „ბ.მ–ს“ შორის იჯარის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელისათვის განკუთვნილ ხელშეკრულების ეგზემპლარზე ხელმოწერის შესახებ „ბ.მ.“ აცნობებდა შპს „მ–ს“, გარიგების დადებაზე თანხმობის შესახებ ნებას გაუგზავნიდა ხელშეკრულების მეორე მხარეს.

5.1.17. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით დადგენილი ნების ნამდვილობის წინაპირობა, რადგან აქცეპტისთვის არც განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და არც შეთავაზებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, შპს „ბ.მ–ს“ არ განუცხადებია იჯარის ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა „შპს მ–თვის“. გაზიარებულ იქნა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომ აქცეპტი არც გარიგების მხარეთა მოქმედებით განხორციელებულა, რომელიც აშკარად დაადასტურებდა შეთავაზებული პირობებით ხელშეკრულების დადებაზე თანხმობას, კერძოდ, 2010 წლის 15 მარტის იჯარის ხელშეკრულების შეთავაზებული პირობა იჯარით შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე 9 ნაგებობის გაცემა იყო. საიჯარო ქირად თვეში 3 000 ლარი იყო მითითებული. მოპასუხე იჯარის საგანში მითითებული უძრავი ქონებიდან ფლობდა მის ნაწილს - 7 ნაგებობას, რომლებით სარგებლობა მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შეთავაზების შემდეგ არ დაუწყია, ფაქტობრივად, 2009 წლის ნოემბრიდან მოსარჩელის კუთვნილი ამ ნაგებობებიდან ერთი საფრინველეთი სარგებლობდა. სადავო პერიოდის მანძილზე ინკუბატორით თავად მოსარჩელეც სარგებლობდა, რომელიც იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. სადავო პერიოდში იჯარის საგანში მითითებული ერთი ნაგებობა შპს „მ–ის“ ქონებიდან გაიმიჯნა და მოსარჩელის საკუთრებას აღარ წარმოადგენს, ამდენად, შპს „მ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოიცავდა იმ ქონებით სარგებლობის საფასურს, როგორც იჯარის ქირის ანაზღაურებას, რაც მის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა.

5.1.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაზიარებულ იქნა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ შპს „მ–სა“ და შპს „ბ.მ–ს“ შორის იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა.

5.1.19. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით, 581-ე მუხლის პირველი ნაწილით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის იჯარის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და ამავე საფუძვლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არც იჯარის საგნის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გააჩნდა. გარდა აღნიშნულისა, გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობა არ გამორიცხავდა მოპასუხის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი ქონების სარგებლობის საზღაური სამოქალაქო კოდექსის 981-ე და 982-ე მუხლების შესაბამისად, როგორც ფაქტობრივი ზარალის, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს ის გარემოება, შპს „ბ.მ–ის“ მიერ მოსარჩელის ქონებაზე ხარჯების გაწევა და ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენება წარმოადგენდა თუ არა აქცეპტს. საქმის მასალებიდან, მოწმეთა ჩვენებებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ მხარეთა შორის ყველა პირობა შეთანხმებული იყო.

6.1.2. სასამართლო თავის მსჯელობას ეწინააღმდეგება, რადგანაც ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ მოპასუხე შპს „მ–ის“ ქონებას 2009 წლის ნოემბრიდან ფლობდა და, აქედან გამომდინარე, ოფერტი ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე ვერ დაიდებოდა 2010 წლის 15 აპრილს. აღნიშნულ დღეს მოსარჩელე ცდილობდა არსებული ურთიერთობის წერილობითი ფორმით დაფიქსირებას, რასაც მოპასუხე თავს არიდებდა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო საუბრობს ოფერტსა და აქცეპტზე მაშინ, როდესაც სხდომაზე მოპასუხემ აღიარა, რომ მათ ხელშეკრულების ეგზემპლარს ხელი მოაწერეს, აღნიშნული კი, ახსნა იმით, რომ პოლიციელებისათვის მტკიცებულება ეჩვენებინათ იჯარის შესახებ მოლაპარაკების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

6.1.3. სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე შპს „მ–ის“ კუთვნილი ქონების ნაწილის შპს „ბ.მ–ის“ მიერ ფლობის საფუძველი საიჯარო ურთიერთობა არ ყოფილა და მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა. პალატამ არ გაითვალისწინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: შპს „ბ.მ–ის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბ.მ–მა იჯარის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა თითქოსდა იმ მოტივით, რომ დაედასტურებინა მხარეთა შორის ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა, ამასთან, ეს 2010 წლის დეკემბერში განხორციელდა, როდესაც დაცვის პოლიცია გამოცხადდა ობიექტზე. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ხელმოწერით გამოხატა თუ არა ნება „ბ.მ–მა“, არ უმსჯელია 2011 წელს მიღწეული შეთანხმება, რომ შპს „ბ.მ–ი“ ფართს ორი თვის ვადაში დაცლიდა, ადასტურებდა თუ არა უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების ნამდვილობას.

6.1.4. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ოფერტსა და აქცეპტზე იმ მოცულობაში, როდესაც სასამართლო ოფერტად აღიქვამს 2010 წლის 15 მარტს ხელშეკრულების გაგზავნის ფაქტს. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „მ–ის“ ქონების ფლობას შეუდგა 2009 წლის ნოემბრიდან, ხოლო მანამდე მან ამ ქონებას გარკვეული რემონტი ჩაუტარა. აღნიშნული ცალსახად მოწმობს, რომ ოფერტი არა 2010 წლის 15 მარტს, არამედ 2009 წლის შემოდგომას განხორციელდა, ხოლო ქონებაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და შემდგომ ამ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობის დაწყება თავისი შინაარსით აქცეპტის არსებობაზე მიუთითებდა. 2010 წლის 15 მარტს, როდესაც ხელშეკრულება გაიგზავნა, გაკეთდა არა ოფერტი, არამედ ეს იყო უკვე შეთანხმებული პირობების წერილობითი ფორმით დეკლარირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის იჯარის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა ორმხრივი ნების არსებობას.

1.4. კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ სასამართლომ არასწორად შეფასა საქმის მასალები და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ იჯარის ხელშეკრულების გაგზავნა წარმოადგენდა არათანმყოფი პირისათვის გაკეთებულ ოფერტს, რომელსაც მოპასუხის მხრიდან გონივრულ ვადაში აქცეპტი არ მოჰყოლია.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „მ–ის“ პოზიციას მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობისა და მისი წერილობით დეკლარირების მცდელობის თაობაზე და განმარტავს, რომ საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ მოთხვნის მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, მოიჯარეს გადასცეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

1.7. ასეთ ვითარებაში, უპირველესად მოსარჩელეს ევალება იჯარის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამტკიცება (სსსკ-ის 102.1 მუხლი), რაც მან სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს არათანმყოფი პირის მიერ გონივრულ ვადაში აქცეპტის განუხორციელებლობის თაობაზე, რაც, ასევე, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შპს „მ–ის“ დირექტორის წერილით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 329-ე-330-ე მუხლები.

1.8. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიზნებისათვის, როდესაც საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის წერილობითი განმარტება (იგულისხმება შპს „მ–ის“ დირექტორის წერილი) ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, გარიგების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმების მტკიცება, არ შეიძლება ემყარებოდეს არაპირდაპირ, ირიბ მტკიცებულებებს. სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა იჯარის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 981-ე და 982-ე მუხლებს ემყარება.

1.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

1.11. რაც შეეხება შპს „ბ.მ–ის“ მიერ 2015 წლის 15 ივლისს წარმოდგენილ Nა-2724-15 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს: სასამართლოს უწყებებსა და შპს „მ–ის“ სარჩელის ასლს, პალატა მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

1.12. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმით დადგენილია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%-ის დატოვების აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 4 950 ლარის გადახდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განჩინებით შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30% _ 1 485 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „მ–ს“ (ს/N......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 4 950 ლარის 30%-ის _ 1 485 ლარის გადახდა.

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. შპს „ბ.მ–ს“ დაუბრუნდეს 2015 წლის 15 ივლისის Nა-2724-15 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: მცხეთის რაიონული სასამართლოს უწყებებისა და შპს „მ–ის“ სარჩელის ასლი 15 (თხუთმეტი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

6.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე