საქმე №ას-981-942-2014 20 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ც. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 1 980 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ექსპერტიზის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ.–მ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის _ 2 160 ლარის ვ.ც–თვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
ვ.ც–მ სარჩელი ნაწილობრივ, 180 ლარის გადახდის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ. სარჩელი დაკმაყოფილდა;
3.2. ვ.ც–ს სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ.–ს სასარგებლოდ დაეკისრა 2 160 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ც–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4.3. ვ.ც–ეს სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს სასარგებლოდ დაეკისრა 180 ლარის ანაზღაურება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე №2/12852-12 დაინიშნა საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: შპს „ო.პ–ის“ დამფუძნებლებს შორის 2010 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების შესახებ სამ წერილობით დოკუმენტზე ვ.ც–ის სახელის და გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერები ხომ არ იყო გადმოტანილი რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით - გადატანილი სხვა დოკუმენტიდან;
5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით ექსპერტიზისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხე ვ.ც–ს;
5.3. ექსპერტმა ექსპერტიზა ჩაატარა შესადარებლად წარმოდგენილი 10 ხელწერის ნიმუშის შესაბამისად და კვლევის ღირებულებად განისაზღვრა 2 160 ლარი.
5.4. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით, 629-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო შესრულებული სამუშაოს ღირებულების ოდენობა და მისი დაანგარიშების წესი იყო. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სასამართლოს განჩინების შესაბამისად, სამი გამოსაკვლევი ხელმოწერის ობიექტი შედარდა ხელმოწერის 10 თავისუფალ ნიმუშს, ანუ კვლევა ჩატარდა 30 ობიექტზე. ექსპერტის მიერ დაჯამებულ იქნა გამოსაკვლევი ობიექტების რაოდენობა და მიღებულ იქნა 36 გამოსაკვლევი ობიექტი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან თითოეული ობიექტის ღირებულება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების შესაბამისად შეადგენდა 60 ლარს, ჯამში ექსპერტიზის ღირებულება 2 160 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე ვ.ც. განმარტავდა, რომ ექსპერტიზის საფასური გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი დოკუმენტების რაოდენობის მიხედვით (სამი ერთეული) და არა კვლევისათვის გამოყენებული შესადარებელი დოკუმენტების რაოდენობის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მას უნდა დაკისრებოდა მხოლოდ 180 ლარის გადახდის ვალდებულება.
5.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სწორედ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეს, რომელსაც ეკისრება სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტიზაში გარკვეული სახით მონაწილეობა, იქნება ეს ექსპერტიზის ხარჯის გადახდა, თუ ექსპერტიზისათვის საკვლევი მასალის მიწოდება, იმთავითვე უნდა შეეძლოს გაითვალისწინოს ის რისკები, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს მისთვის არასასურველი ექსპერტიზის დასკვნის მიღებას. გონივრული წინდახედულობის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებიც, რათა გასაღები ხარჯის ოდენობა არ აღმოჩნდეს დავის საგანთან შეუსაბამო და არ გამოიწვიოს ექსპერტიზის ჩატარების მიმართ მხარის ინტერესის შემცირება. ექსპერტიზის ხარჯის წინასწარ განუსაზღვრელობის შემთხვევაში კი, ექსპერტიზის დასკვნის შედგენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მხარის გონივრული მოლოდინს, რომელიც, თავის მხრივ, დამყარებული იქნება საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლითაც დგინდება შესაბამისი მომსახურების ტარიფები.
5.6. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №... დადგენილებით განისაზღვრება სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს მომსახურების ტარიფები. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებით შესრულებული (გაყალბებული) ხელმოწერის კვლევის (ერთი ხელმოწერის) საფასური 60 ლარია.
5.7. მხარეთა შორის ხელშეკრულებისა და ექსპერტიზის ხარჯის ოდენობაზე წინასწარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ექსპერტიზის ჩატარება სამ საკვლევ ობიექტზე, ვ.ც–ს, გონივრული წინდახედულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №... დადგენილებით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკაზე დაყრდნობით, შეეძლო ევარაუდა, რომ ექსპერტიზის ხარჯი დაანგარიშდებოდა, სწორედ, ტექნიკური საშუალებით შესრულებული (გაყალბებული) ხელმოწერის _ გამოსაკვლევი დოკუმენტის რაოდენობის შესაბამისად, რაც, განსახილველ შემთხვევაში, შეადგენდა სამ ერთეულს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, ამა თუ იმ მომსახურების ტარიფი მოიცავდა ამ მომსახურებისათვის საჭირო მოქმედებებისა და მასალის ღირებულებასაც, ვ.ც–ს გონივრული მოლოდინი მართებულად გააჩნდა, რომ ექსპერტიზის საფასური დამოკიდებული არ იქნებოდა კვლევისათვის გამოყენებული შესადარებელი ნიმუშების რაოდენობაზე. ამდენად, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია ექსპერტიზის საფასურის ოდენობის არასწორ დაანგარიშებასთან დაკავშირებით.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (1 980 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების არარსებობისა და საექსპერტო მომსახურების ფასის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობის პირობებში, ვ.ც–ს შეეძლო ევარაუდა, რომ ექსპერტიზის ხარჯი დაანგარიშებული იქნებოდა, სწორედ, ტექნიკური საშუალებით შესრულებული ხელმოწერის გამოსაკვლევი დოკუმენტის რაოდენობის შესაბამისად, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა სამ ერთეულს და ვ.ც–ს მართებულად გააჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ ექსპერტიზის საფასური დამოკიდებული არ იქნებოდა კვლევისათვის გამოყენებული შესადარებელი ნიმუშის რაოდენობაზე. არ ყოფილა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ექსპერტიზა დანიშნა სასამართლო ორგანომ, ამასთან, ვ.ც. არ უარყოფს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინაშე ვალდებულების არსებობას. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა, თუ როგორ ინტერპრეტაციას აძლევს სასამართლო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N... დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების მე-4 კოდის ნორმას, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური საშუალებით შესრულებული (გაყალბებული) ხელმოწერის ერთი ობიექტის ღირებულების საფასურის გაანგარიშებას. სასამართლოს დასკვნები ემყარება იმას, თუ რა უნდა ევარაუდა ვ.ც–ს, შესაბამისად, მთავრობის დადგენილების სადავო დებულება არასწორადაა განმარტებული, აგებულია მხოლოდ სასამართლოს ვარაუდზე, რაც წარმოადგენს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა დაარღვია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
6.1.2. ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტს საკვლევად გადაეცა საქმის მასალები ორ ტომად, რომელიც შეიცავდა გამოსაკვლევი სამი სადავო დოკუმენტის გარდა რამდენიმე ათეულ საკვლევ ნიმუშს. კვლევის მიმდინარეობისას ექსპერტი დაუკავშირდა ექსპერტიზის დამნიშვნელი მოსამართლის თანაშემწეს და მოითხოვა განმარტება, რიცხობრივად რამდენი ნიმუშის გამოკვლევის თანხმობას იძლეოდა სასამართლო, ვინაიდან აღნიშნულზე იქნებოდა დამოკიდებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური (მითითებული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე სადავო არ გამხდარა). მოსამართლის თანაშემწემ მოსამართლესთან შეთანხმებით ექსპერტს აუწყა, რომ ექსპერტს შეეძლო იმდენი ნიმუში გამოეყენებინა, რამდენსაც გამოკვლევის პროცესში საჭიროდ ჩათვლიდა. ექსპერტმა გამოიკვლია სამი სადავო დოკუმენტის გარდა ათი ნიმუში. 2013 წლის 20 ივნისს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულებამ 2 160 ლარი შეადგინა.
6.1.3. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ მითითებული ექსპერტიზა ვერ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სადავო დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერების გამოკვლევით. ხელმოწერის გამოკვლევისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი ნიმუშების გამოკვლევაც, რაც დამოუკიდებელი კვლევის ობიექტს წარმოადგენს.
6.1.4. საექსპერტო მომსახურების საფასური დადგენილია ნორმატიული აქტით, ანუ მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფებით. საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ექსპერტიზის სახე და რამდენი ობიექტი იყო გამოკვლეული დასკვნის მომზადებისას. საექსპერტო გამოკვლევის პრაქტიკით დადგენილია, რომ ნიმუშის ოდენობა ნორმალურ ვითარებაში არ უნდა იყოს ათ ერთეულზე ნაკლები. მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული ის გარემოება, რომ საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად ექსპერტს დაჭირდებოდა შესაბამისი ნიმუშების გამოკვლევა.
6.1.5. ხელმოწერის გამოკვლევა ნიმუშების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. ამასთან, სადავო დოკუმენტზე ხელმოწერის გამოკვლევა და სანიმუშოდ წარდგენილი დოკუმენტების ხელმოწერების გამოკვლევა თანაბარწილად წარმოადგენს ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტების გამოკვლევას.
6.1.6. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ არასწორად განმარტა ვ.ც–ის შესაძლებლობები გონივრული განსჯის თაობაზე, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება, ხოლო საბოლოო ჯამში მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტება.
6.1.7. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე დანიშნული ექსპერტიზის თანახმად, კასატორს დაევალა სამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის კვლევა. დოკუმენტები შედარდა და კვლევა ჩატარდა სულ 30 ობიექტზე. ვინაიდან წინამდებარე დავის სუბიექტთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არ იყო მომსახურების თანხა შეთანხმებული, ვ.ც–ს ჰქონდა გონივრული ვარაუდი, რომ ხარჯი დაანგარიშდებოდა გამოსაკვლევი დოკუმენტის რაოდენობის შესაბამისად.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმადაც საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რიცხობრივად რამდენი ნიმუშის გამოკვლევის თანხმობას იძლეოდა სასამართლო, რადგანაც ეს გარემოება მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
1.6. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლს და განმარტავს, რომ შეთანხმების არარსებობის პირობებში, ნარდობიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურება სატარიფო განაკვეთის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. როგორც კასატორი თავადვე აღნიშნავს, საექსპერტო კვლევისათვის შესადარებელი ნიმუშების ნორმალურ რაოდენობად მიიჩნევა ათი, თუმცა აღნიშნული გარემოება, საკასაციო პალატის შეფასებით, იმდენად სპეციფიკური საკითხია, რომ მისი ცოდნის მოპასუხისათვის დავალდებულება შეუძლებელია.
1.7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნარდობა, როგორც ორმხრივი გარიგება, თითოეულ მხარეს უდგენს გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ, მენარდემ, სწორედ მეორე მხარის მიმართ კანონით განსაზღვრული გულისხმიერების პრინციპი დაარღვია, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას გამორიცხავდა, ხოლო ამ გარემოების წინააღმდეგ, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
1.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 23 ივლისს N44643 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ ლ.ს.ს.ე.ე.ბ–ს (ს/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 23 ივლისს N44643 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე