Facebook Twitter

№ას-982-943-2014 30 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საზოგადოების საბუღალტრო და სხვა დოკუმენტების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ-ის“ მიმართ საზოგადოების საბუღალტრო და სხვა დოკუმენტების გადაცემის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელე იყო შპს „ჰ-ის“ კაპიტალის 40 % წილის მესაკუთრე. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ ეძლეოდა საშუალება გაცნობოდა ინფორმაციას საზოგადოების საქმიანობის შესახებ, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. თ-ის მოქმედება ეწინააღმდეგება სამეწარმეო და კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს და მიმართულია საზოგადოების ინტერესების საზიანოდ, პარტნიორი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას საზოგადოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ჰ-ს“ დაევალა გადაეცა ლ. თ-ისთვის შემდეგი დოკუმენტები: 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია, წლიური ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, პარტნიორთა კრების ყველა ოქმი, საწარმოს მიერ დადებული ხელშეკრულებები, საბუღალტრო პროგრამა და საწყობის დათვლის პროგრამა, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია (შესყიდვები, გაყიდვები შესაბამისი ანგარიშფაქტურების ჩათვლით), ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან, 2011 -2012 წლების ინვენტარიზაციის შედეგები და დირექტორის 2011-2012 წლების ანგარიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა: შპს „ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ჰ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს „ჰ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ჰ-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

კასატორი არსებითად სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ. თ-ის მიერ დაარსდა შპს „ჰ-ის“ კონკურენტი საწარმო შპს „ჰ. ი-ი“, რომელიც ეწევა იდენტურ საქმიანობას და მისი დაფუძნების მიზანია შპს „ჰ-ის“ გაკოტრება და ბაზრიდან გაძევება. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად ესაჭიროება ლ. თ-ს ორგანიზაციის სრული საბუღალტრო დოკუმენტები, რათა შემდგომ მოახდინოს ფასებით მანიპულირება და გაანადგუროს შპს „ჰ-ი“. ამგვარი ქმედებებით იგი ზიანს აყენებს ორგანიზაციას.

კასატორის განმარტებით, ლ. თ-ს წარდგენილი აქვს ასევე სამოქალაქო სარჩელი შპს „ჰ-ის“, მ. ზ-ისა და ნ. ზ-ის მიმართ შპს „ჰ-ის“ დირექტორის, მ. ზ-ისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის, დირექტორის მიერ კომპანიისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების, საიჯარო ქირის გადახდისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეში ლ. თ-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა იგივე დოკუმენტები, რომელიც მის მიერ სარჩელით მოთხოვნილია მოცემულ საქმეში. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „ჰ-ს“ დაევალა 2007-2013 წლების აუდიტის დასკვნის წარმოდგენა. აღნიშნული დასკვნა გადაეცა ლ. თ-ის წარმომადგენელს.

საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, იმ პირობებში, თუ ძალაში დარჩება და კანონიერ ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღსრულების შემთხვევაში შპს „ჰ-ი“ იძულებული იქნება გადასცეს მოპასუხეს კომპანიის 6 წლის საბუღალტრო დოკუმენტაცია, რაზეც უკვე გაცემულია კომპეტენტური სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და იგი გადაცემულია ლ. თ-ისათვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე სხვა სამოქალაქო საქმეში. ამრიგად, ეს გადაწყვეტილება შექმნის აღსრულების ნაწილში სამართლებრივად აბსურდულ კაზუსს, რაც არ უნდა იქნას დაშვებული, რადგან ლ. თ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამრიგად, კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისი აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი შპს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება და საკასაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მ. რ-ეს უწყება გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2014 წლის 22 იანვარს (იხ. ტ.2. ს.ფ. 14). უწყება იმავე დღეს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, ლ. თ-ს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 15).

დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 19 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 26-29).

საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა.

როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, იგი მიიჩნევს შემდეგს:

2014 წლის 19 თებერვალს სასამართლო პროცესის დაწყებამდე აპელანტის წარმომადგენელი ტელეფონით ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, აცნობა, რომ ქალაქში არყოფნის გამო ვერ მოახერხებდა სხდომაზე დასწრებას და მოითხოვა სასამართლო პროცესის სხვა დროისთვის გადადება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს საჩივარში მითითებულ მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ შპს „ჰ-ის“ წარმომადგენლის, მ. რ-ის მიერ მოსამართლის თანაშემწისათვის სატელეფონო საუბრით მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე ვერ მიიჩნევა ორგანიზაციის სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საკმარის საფუძვლად. აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ჰ-ის“ წარმომადგენელს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა დასწრებოდა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივრის განხილვას.

თუმცა იმ პირობებშიც კი, თუ აღნიშნული პირის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური (საპატიო) მიზეზებით, ეს თავისთავად არ გამორიცხავდა შპს „ჰ-ის“ მიერ საკუთარი უფლებების სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. ვინაიდან დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი, რომელსაც თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველეყო მისი წარმომადგენლის საპატიო მიზეზით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის პირობებში აღნიშნული პირის ჩანაცვლება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლით.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას განსახილველ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც არეგულირებს აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (სააპელაციო მოპასუხე), მაგრამ არ გამოცხადდა აპელანტი (სააპელაციო მოსარჩელე), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად არსებობისას: პირველი - აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (სააპელაციო მოპასუხემ) უნდა იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მეორე - არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ასევე არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

ზემოაღნიშნული გარემოება, შესაძლებელია ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებოდა აპელანტი და არ გამოცხადდებოდა მისი მოწინააღმდეგე მხარე. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას (სსკ-ის 387.2-ე და 230-ე მუხლები). იმ შემთხვევაში კი, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება თავად აპელანტი, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არც მთლიანად საქმეს სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და არა საქმის მასალების მიხედვით.

ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. შესაბამისად, შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ლ. თ-ის შუამდგომლობა სარჩელის აღძრვამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განჩინება სარჩელის აღძრვამდე მისი უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; ლ. თ-ის სარჩელი; შპს „ჰ-ის“ შესაგებელი; ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი „დ. რ-ის“ 2013 წლის 24 დეკემბრის #... ექსპერტიზის დასკვნა თანდართული საილუსტრაციო მასალებით; სასაქონლო ნიშანზე სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ მოთხოვნის რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტის 2013 წლის 30 აპრილის #... ბრძანება; საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ინდივიდუალური აუდიტორი დ. რ-ის 2014 წლის 24 იანვრის #... დ.რ. აუდიტის დასკვნა; შპს „ჰ-ის“ შეგებებული სარჩელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება შპს „ჰ-ის“ შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ; 2014 წლის 23 ივლისის სატელეფონო შეტყობინების აქტი; შპს „ჰ-ის“ შესაგებელი; შპს „ჰ-ის“ წარმომადგენლის თ. ლ-ას განცხადება; საგადასახადო შემოწმების აქტისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი; ლ. თ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის განცხადება 2014 წლის 30 მაისის სარჩელის დაზუსტების თაობაზე; შპს „ჰ-ის“ წარმომადგენლის თ. მ-ის განცხადება შეგებებული სარჩელის გახმობის შესახებ; ლ. თ-ის 2015 წლის 3 თებერვლის განცხადება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის #2/9041 გადაწყვეტილება; ლ. თ-ის სააპელაციო საჩივარი) მთლიანობაში „129“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 179-304).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 11 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. კასატორ შპს „ჰ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ლ. თ-ის შუამდგომლობა სარჩელის აღძრვამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განჩინება სარჩელის აღძრვამდე მისი უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; ლ. თ-ის სარჩელი; შპს „ჰ-ის“ შესაგებელი; ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი „დ. რ-ის“ 2013 წლის 24 დეკემბრის #..... ექსპერტიზის დასკვნა თანდართული საილუსტრაციო მასალებით; სასაქონლო ნიშანზე სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ მოთხოვნის რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტის 2013 წლის 30 აპრილის #... ბრძანება; საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ინდივიდუალური აუდიტორი დ. რ-ის 2014 წლის 24 იანვრის #.. დ.რ. აუდიტის დასკვნა; შპს „ჰ-ის“ შეგებებული სარჩელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება შპს „ჰ-ის“ შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ; 2014 წლის 23 ივლისის სატელეფონო შეტყობინების აქტი; შპს „ჰ-ის“ შესაგებელი; შპს „ჰ-ის“ წარმომადგენლის თ. ლ-ას განცხადება; საგადასახადო შემოწმების აქტისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი; ლ. თ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის განცხადება 2014 წლის 30 მაისის სარჩელის დაზუსტების თაობაზე; შპს „ჰ-ის“ წარმომადგენლის თ. მ-ის განცხადება შეგებებული სარჩელის გახმობის შესახებ; ლ. თ-ის 2015 წლის 3 თებერვლის განცხადება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის #2/9041 გადაწყვეტილება; ლ. თ-ის სააპელაციო საჩივარი) მთლიანობაში „129“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 179-304);

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე