Facebook Twitter

№ას-1301-1239-2014 23 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. გ-ე, გ. გ-ე (კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე) (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწორება საპროცესო ხარჯების მხარეთათვის განაწილების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. შ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში თ. გ-ისა და გ. გ-ის მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა თ. გ-ისათვის თანხის გადახდის ვადაგადაცილებით სარჩელის წარდგენამდე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 4887,5 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო სარჩელის წარდგენიდან - ყოველთვიურად 287,5 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება თანხის (23 000 აშშ დოლარის) გადახდის ვალდებულების შესრულებამდე შემდეგი დასაბუთებით:

2012 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებით ნ. შ-ემ თ. გ-ეს სამი თვის ვადით სარგებლის გარეშე 23 000 აშშ დოლარი ასესხა. იმავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველსაყოფად თ. გ-ის კუთვნილი, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1208 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....) იპოთეკით დაიტვირთა. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ნ. შ-ემ, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი თ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად 23 000 აშშ დოლარი დაეკისრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. შ-ის სარჩელი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის ნაწილში. მიუხედავად დასახელებული გადაწყვეტილებისა, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა, თ. გ-ემ ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონება ჩუქების ხელშეკრულებით შვილიშვილ გ. გ-ეზე გაასხვისა. თანხის გადახდის დაყოვნებით მიღებული ზიანის ოდენობა ბანკთაშორისი საკრედიტო საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ოდენობის - წლიური 15%-ის გათვალისწინებით უნდა იქნეს დაანგარიშებული, შესაბამისად, თანხის დროულად მიიღების შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლებოდა, თვეში 287,5 აშშ დოლარი სარგებელი მიეღო (23 000 აშშ დოლარის 15% / 12 თვე). ამდენად, ვალდებულების შესრულების დროიდან, 2012 წლის 28 აპრილიდან, სარჩელის წარდგენამდე - 2013 წლის 25 სექტემბრამდე მოსარჩელე 4887,7 აშშ დოლარის სარგებელს მიიღებდა, ასევე, სარჩელის წარდგენიდან ყოველთვიურად - 287,5 აშშ დოლარის სარგებელს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს სარგებლის გადახდის მოთხოვნის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ხელშეკრულება სესხისათვის პროცენტის გადახდას არ ითვალისწინებს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის დროისათვის მიუღებელი სარგებლის სახით 4887.5 აშშ დოლარის ანაზღაურება და სარჩელის წარდგენიდან ყოველთვიურად 287.5 აშშ დოლარის გადახდა სესხის ძირითადი თანხის - 23 000 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე. იმავე გადაწყვეტილებით, სესხის ძირითადი თანხის, საპროცესო ხარჯებისა და მიუღებელი სარგებლის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1208 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....) იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: 1. თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა; 3. ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 4. თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დროისათვის 3258.33 აშშ დოლარის ანაზღაურება და სარჩელის აღძვრის შემდეგ დავალიანების ძირითადი თანხის სრულად გადახდამდე ყოველთვიურად 191.66 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; 5. დავალიანების ძირითადი თანხის - 23 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლისა და საპროცესო ხარჯების უზრუნველსაყოფად იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქონება - 1208 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:

2012 წლის 27 იანვარს მოსარჩელე ნ. შ-ესა და მოპასუხე თ. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. შ-ემ, 3 თვის ვადით, კერძოდ, 2012 წლის 27 აპრილამდე, თ. გ-ეს 23 000 აშშ დოლარი ასესხა;

2012 წლის 27 იანვრის უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხელვაჩაურში, სოფელ გ-ში მდებარე, თ. გ-ის საკუთრებაში არსებული, 1208.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობანი (საკადასტრო კოდი: .....);

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ 23 000 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 1132 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე ნ. შ-ეს ეთქვა უარი;

2013 წლის 22 თებერვალს, თ. გ-ესა და გ. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც, თ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1208 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 297,36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....) გ. გ-ეს გადაეცა;

გ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია შემდეგი მონაცემებით: განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ....., რეგისტრაციის თარიღი - 2013 წლის 22 თებერვალი, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2013 წლის 28 თებერვალი, ქონება - ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გ-ში მდებარე 1208 კვ/მ (დაზუსტებული ფართობი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: .....), 297,36 კვ.მ შენობა-ნაგებობა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 2013 წლის 22 თებერვალს. ქონებაზე, 2012 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 2 თებერვალს რეგისტრირებულია იპოთეკა;

სესხის თანხის გადაცემა მოსარჩელე ნ. შ-ის მიერ განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე - 2012 წლის 27 იანვარს;

თ. გ-ეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სამი თვის განმავლობაში დაფარვის ვალდებულება არ შეუსრულებია;

სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ გაიზიარა და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს მიუღებელი თანხის წლიური 10%-ით, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, გონივრული ოდენობაა და შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (Nას-1207-1152-2013). შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუღებელი შემოსავალი თვეში 191,5 აშშ დოლარს (23 000 აშშ დოლარის 10% /12 თვე) შეადგენს;

სესხი - 23 000 აშშ დოლარი თ. გ-ეს ნ. შ-ისათვის 2012 წლის 27 აპრილს უნდა დაებრუნებინა, რაც არ განუხორციელებია. ნ. შ-ემ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სასამართლოში 2013 წლის 25 სექტემბერს წარადგინა. მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის წარდგენის დღემდე გასულია 17 თვე;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და მიიჩნია, რომ თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის დროისათვის 3258,33 აშშ დოლარის ანაზღაურება (17*191,5=3258,33,აშშ დოლარს), სარჩელის აღძვრის შემდეგ კი, ყოველთვიურად 191,66 აშშ დოლარის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე.

სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე და 302-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. გ-ემ და გ. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა თ. გ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მთლიანად გაუქმება, ასევე, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მიუღებელი შემოსავლისა და საპროცესო ხარჯების გადახდის უძრავ ქონებაზე იძულებით აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში და გადაწყვეტილების მე-6-9 პუნქტით განსაზღვრული საპროცესო ხარჯების ხელახალი გადანაწილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული, №ას-1207-1152-2013 უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების, ასევე, იმავე შინაარსის №ას-1701-1685-2011 გადაწყვეტილების შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებები, რომელთა შესრულების ვადაგადაცილებისათვის მოვალეს თანხის გადახდა დაეკისრა, იყო სარგებლიანი, კერძოდ, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ პროცენტზე. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულება არის უპროცენტო და მხარეებს რაიმე პასუხიმგებლობა ვალდებულების დარღვევის გამო არ დაუთქვამთ (პროცენტი, პირგასამტეხლო და ა.შ). შესაბამისად, როცა პასუხისმგებლობის საკითხი დგება, იგი უნდა გადაწყდეს კანონის საფუძველზე, ანუ, სამოქალაქო კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით.

სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვული ზიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. იმავე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია, რა იყო ნ. შ-ის მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნა იყო იპოთეკით დატვირთული ქონების ნატურით გადაცემა, რაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო ნ. შ-ეს ზემდგომ ინსტანციებში აღარ უდავია. დასახელებული გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 წლის შემდგომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა გამორიცხავს ზიანის მიყენებას გ-ის ბრალით. ნ. შ-ემ არასწორად აღძრა თავდაპირველი სარჩელი, მას დროულად არ მოუთხოვია ზიანის ანაზღურება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რის გამოც განსახილველი დავის საგნად არსებული ზიანის მიღებაში ბრალი თავად მიუძღვის. როცა სასესხო ურთიერთობა უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით, ხოლო მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს და კრედიტორმა იცის, რომ მოვალეს ვალდებულების შესრულების საშუალება არ გააჩნია, რის ადეკვატურადაც კრედიტორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცდილობს უზრუნველყოფილი ქონებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ფაქტია, რომ აქ ზიანის დადგომაში უფრო მეტი წილი კრედიტორს მიუძღვის. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ, თუკი მოვალე ვადას დაარღვევს, კრედიტორს უფლება ეძლევა, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფილი ნივთით და არ დაელოდოს, თუ როდის გაუჩნდება მოვალეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა. ხშირია შემთხვევები, როცა ბანკები თუ მევახშეები უზრუნველყოფილი ქონებით ბოროტად სარგებლობენ და სარჩელის აღძვრას შეგნებულად აჭიანურებენ (უზრუნველყოფილი ქონების ღირებულების ფარგლებში), რათა მხარეებს დააკისრონ მეტი პროცენტი თუ პირგასამტეხლო;

სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამატებითი ვადის დაწესება აუცილებელი არაა, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, ანდა ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ამდენად, კრედიტორის განმარტება, რომ მის მიმართ ვალდებულება არ სრულდება და ამით ზიანს განიცდის, საფუძველს მოკლებულია;

ნ. შ-ეს სააღსრულებო ბიუროში შეტანილი აქვს სააღსრულებო ფურცელი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდგომ პროცენტისა და საურავის დაკისრება წყდება. აქედან გამომდინარე, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ემ სარგებელი უნდა გადაიხადოს, მაშინ იგი 2013 წლის 2 აგვისტომდე - სააღსრულებო ბიუროში 23 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე უნდა დაეკისროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე) საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლის - თ. გ-ის) საკასაციო საჩივარი მხოლოდ სასამართლო ხარჯების მხარეთათვის განაწილებაზე პრეტენზიის ნაწილში აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ხოლო დანარჩენ ნაწილში - დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დავის არსებითად გადაწყვეტის ნაწილში არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, თუმცა დასაშვებია სასამართლო ხარჯების მხარეთათვის განაწილების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატამ გამოარკვია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევითა გამოტანილი სასამართლო ხარჯების მხარეთათვის განაწილების ნაწილში, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ვალდებულებების საფუძვლებთან დაკავშირებით, ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახული დებულებები არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მოთხოვნები. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო საჩივარი დავის არსებითად გადაწყვეტის ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

კასატორის პრეტენზიის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს Nას-1207-1152-2013 განჩინების, ასევე, იმავე შინაარსის Nას-1701-1685-2011 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვალეს სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა თანხის გადახდა, მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეები არ შეთანხმებულან სესხისათვის პროცენტის გადახდაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვადაგადაცილების გამო თანხა არასწორად, დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ დააკისრა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას. უზენაესი სასამართლოს Nას-1207-1152-2013 და Nას-1701-1685-2011 გადაწყვეტილებებით სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის ხელშეკრულებები იყო სარგებლიანი, თუმცა სარგებლის გადახდაზე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ არცერთ ზემოაღნიშნულ საქმეში არ დააკმაყოფილა კრედიტორის მოთხოვნა, მოვალეს დაკისრებოდა სარგებლის გადახდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა Nას-1207-1152-2013 საქმეში სასამართლომ დააკმაყოფილა კრედიტორის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც წარმოადგენს არა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცენტს, არამედ 411-ე მუხლით გათვალისწინებულ ზიანს, რაც განსახილველი დავის საგანია და არ უკავშირდება მხარეთა მიერ შეთანხმებულ პროცენტს.

უზენაესი სასამართლოს Nას-1207-1152-2013 განჩინების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. პალატის აზრით, ... ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით თ. ზ-ს მიადგა ზიანი იმ თანხის ოდენობით, რასაც იგი მიიღებდა გასესხებული თანხა საბანკო ანგარიშზე რომ განეთავსებინა“. სწორედ სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის გონივრული ოდენობა დაიანგარიშა სასამართლომ სესხის თანხის ანაბარზე განთავსების შემთხვევაში მისაღების თანხის - წელიწადში სესხის 10%-ის სახით, სააპელაციო სასამართლომ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას მართლზომიერად იხელმძღვანელა მითითებული პრაქტიკით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით და სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად: 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული; 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში _ თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამდენად, დასახელებული მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა იმ ფარგლებში, რაც შეესაბამება ზიანის მიმყენებლის ბრალს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის პოზიცია არ ყოფილა დასაბუთებული იმ კუთხით, თუ კონკრეტულად რა მოცულობით შეიძლებოდა, განსაზღვრულიყო მისი ბრალი დამდგარ ზიანთან მიმართებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, სასარჩელო მოთხოვნაზე ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს ნებისმიერ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ჰქონდა ვალდებულება, სესხი დაებრუნებინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-1385-1307-2012 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმარტებულია, რომ: „სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით რეგლამენტირებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან, ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში და მისი ქმედება კანონიერ მიზნებს ემსახურება“.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს მხარის უფლებას, უარი თქვას ორმხრივ ხელშეკრულებაზე მეორე მხარის მიერ მისგან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და არც კასატორი ასაბუთებს, თუ კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელებული არსებული სამართალურთიერთობის ამ მუხლის საფუძველზე შეფასება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ასევე, კასატორის მოსაზრებას, რომლის შესაბამისად, მას შეიძლება ზიანის ანაზღაურება დაეკისროს ძირითადი ვალდებულების შესასრულებლად სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე პერიოდისათვის, თანახმად სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. დასახელებული მუხლის შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს არც მითითებული მუხლით გათვალისწინებულ სარგებელს ან/და საურავს და არც სესხის ძირითადი თანხის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება არ ყოფილა წარდგენილი აღსასრულებლად. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი.

ამრიგად, მხარის მიერ წარმოდგენილია დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, დავის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლის - თ. გ-ის) საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული სასამართლო ხარჯების მხარეთათვის განაწილების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განსახილველად დაშვებულ ნაწილში განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრისათვის მ. ზ-ის მიერ 2015 წლის 26 იანვარს N1 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1012,70 ლარი. ამდენად, არსებით ნაწილში საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ 1012,70 ლარის 70% - 708,89 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე) საკასაციო საჩივარი დავის არსებითად გადაწყვეტაზე წარდგენილი პრეტენზიების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე) საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების განაწილებაზე წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში, დასაშვებად იქნას ცნობილი;

3. საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობილ ნაწილში განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე 2015 წლის 30 ივლისს, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით;

4. კასატორებს - თ. გ-ესა (პ/ნ .....) და გ. გ-ეს (პ/ნ .....), წარმოდგენილს კანონიერი წარმომადგენლის - თ. გ-ის (პ/ნ .....) მიერ, დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრისათვის მ. ზ-ის მიერ 2015 წლის 26 იანვარს N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1012,70 ლარის 70% - 708,89 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე