საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-656-622-2015 23 ივლისი, 2015 წელი,
ას-656-622-2015 მ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი, ი. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით: სს ''ს-ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. მ-ს სს ''ს-ის'' სასარგებლოდ №1800164 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის 113 005.67 აშშ დოლარის, პროცენტის - 5 598,55 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 146,63 აშშ დოლარის ოდენობით. ი. მ-ს სს ''ს-ის'' სასარგებლოდ №950748 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის 355,16 აშშ დოლარს, პროცენტის - 17,73 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 3,72 აშშ დოლარის ოდენობით. სს ''ს-ის'' მოთხოვნა ი. მ-ისათვის საკომისიოს 130,60 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ი. მ-ის საკუთრებაში არსებული სს ''ს-ის'' სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, წ-ის გზატკეცილი №... (ნაკვეთი №..., საკადასტრო კოდი №...) და ი. პ-ას საკუთრებაში არსებული სს ''ს-ის'' სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, მ-ის ქუჩა №... (საკადასტრო კოდი №...). თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება სს ''ს-ის'' მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი დავალიანების გადახდა განხორციელდეს ი. მ-ის სხვა ქონების რეალიზაციის გზით.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს ,,ს- ის’’ წარმომადგენელმა თ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ი. მ-ისთვის საკომისიოს სახით 130.60 აშშ დოლარის და სს ,,ს-ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება.
3. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 -ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი; ბ) ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს, ანუ იმ პირებს, რომლებმაც შეიძლება გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით. მითითებული ნორმის მიხედვით, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით და მას მიანიჭონ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (სსკ-ის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი, უპირველესად, გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მხარე ან გასაჩივრების უფლებით აღჭურვილი მისი წარმომადგენელი.
7. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ესწრებოდა სს ,,ს-ის’’ წარმომადგენელი თ. ბ-ე, რომელსაც თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, მინიჭებული ჰქონდა გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების უფლება.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოში გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 45-ე დღეს 2015 წლის 11 მაისს და ჩაიბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 28 აპრილიდან და ამოიწურა 2015 წლის 2015 წლის 11 მაისს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2015 წლის 22 მაისსაა შეტანილი. (ს.ფ.152-160)
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ამდენად, ვინაიდან სს ,,ს- ის’’ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს-მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სს „ს-ის“ წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ კანონის შესაბამისად მე-20 დღიდან დაუკავშირდა მოსამართლის სხდომის მდივანს, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილების პროექტი არ იყო მზად, აღნიშნულის ჩაბარება ვერ მოხერხდა 2015 წლის 11 მაისამდე. შესაბამისად, ბანკი მოკლებული იყო შესაძლებლობას სააპელაციო საჩივრით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის 2015 წლის 11 მაისამდე. სს „ს-მა“ სააპელაციო სასამართლოს მიმართა დასაბუთებული გადაწყვეტილების პირადად ჩაბარებიდან მე-11 დღეს (2015 წლის 22 მაისს).
14. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა და სასამართლომ აღნიშნული უნდა განიხილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ „სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად“, რის გამოც აპელანტის მიერ დარღვეული საპროცესო ვადა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით სს „ს-ის“ კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით: სს ''ს-ის'' სარჩელი ი. მ-ისა და ი. პ-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
19. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა სს "ს-ის" წარმომადგენელი თ. ბ-ე, რომელსაც ჰქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. ამ უკანასკნელმა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2015 წლის 11 მაისს, ე.ი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 45-ე დღეს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 22 მაისს, ე.ი. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 56-ე დღეს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 -ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად კი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 28 აპრილიდან და ამოიწურა 2015 წლის 2015 წლის 11 მაისს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2015 წლის 22 მაისს, ე.ი. კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი. (ს.ფ.152-160)
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეოცე დღიდან უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და მდივანს, მაგრამ მისი ბრალის გარეშე 2015 წლის 11 მაისამდე ვერ ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის მსურველი მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის მიღების მიზნით და მისი ბრალის გარეშე ვერ შეძლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება საჩივრის ავტორს აწევს. სს "ს-ის" წარმომადგენელი, ზეპირსიტყვიერი განცხადების გარდა, ვერ ადასტურებს სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიზეზს. სამართლებრივად დაუსაბუთებელია მისი თხოვნა გაშვებული ვადის აღდგენისა და განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით გამოწვეული, გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობის თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმპერატიულად დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია (სსკ-ის 369.1 მუხლი), ამავე კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, მიზეზის საპატიოდ ცნობის შესაძლებლობას კი მხოლოდ მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობისას ითვალისწინებს. (სსსკ-ის 215.3 მუხლი)
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე