საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
6 აგვისტო, 2015 წელი,
№ას-661-627-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ--ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ--ა მ--ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 24 მაისის მონაცემებით, შპს „რ--ს“ [ს/კ-- შემდგომში „კომპანია“], ერთადერთი პარტნიორი (100%-იანი წილი) იყო ბ--ა მ--ი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ: ზ--ა მ--ი, მ--ა მ--ი და თ--ი მ--ი [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლი].
2. 2012 წლის 29 მაისს სამეთვალყურეო საბჭო [სხდომის ოქმი#5], დაეთანხმა კომპანიის დირექტორებს სს „თ--ი ბ--ნ“ [შემდგომში „ბანკი“] 50 წლის ვადით აეღოთ 35000000 [ოცდათხუთმეტი მილიონი] აშშ დოლარის საკრედიტო პროდუქტები და ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოეყენებინათ კომპანიის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება, მათ შორის, სამომავლო ქონება და აღნაგობის უფლებაც [სსკ-ის 254-ე და მომდევნო, 286-ე და მომდევნო მუხლები].
3. 2012 წლის 30 მაისს კომპანიასა და ბანკს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება #0011.1234751.001. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს, მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ოთხი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, კომპანიას ჯამში უნდა მიეღო 25 000 000 აშშ დოლარის კრედიტი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის 623-ე, 867-ე მუხლები].
4. 2012 წლის 30 მაისს კომპანიის პარტნიორმა, ბ--ა მ--მა, მის საკუთრებაში არსებული საწარმოს წილის ნაწილი დაუთმო მ--ა მ--სა და ზ--ა მ--ს; შესაბამისად, 2012 წლის 31 მაისის მონაცემებით, კომპანიის პარტნიორები არიან: ბ--ა მ--ი (9%-იანი წილი), მ--ა მ--ი (52%-ით) და ზ--ა მ--ი (39%-ით) [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51,, 44.3 და 46.3 მუხლები].
5. 2012 წლის 2 აგვისტოს ბ--ა და მ--ა მ--მა კომპანიაში მათი კუთვნილი წილი დააგირავეს ბანკის წინაშე არსებული საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად [სსკ-ის 254.1-ე და 258-ე მუხლები].
6. 2012 წლის 16 ოქტომბერს ბანკმა კომპანიას აცნობა, რომ აჩერებდა საბანკო კრედიტების გაცემას და ყველა მათგანზე 1%-ით ზრდიდა წლიურ საპროცენტო სარგებელს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია რიგი გარემოებები, რაც არ შესრულდა კომპანიის მხრიდან.
7. 2013 წლის 5 აპრილს კომპანიამ სარჩელი აღძრა ზ--ა მ--ის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის სახელზე კომპანიის სასარგებლოდ 5 127 263,42 ლარისა და 47072,52 აშშ დოლარის დაკისრება. მასვე 2013 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საბანკო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის 1%-ის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა.
8. კომპანია სარჩელის აღძვრის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ზ--ა მ--მა დაარღვია პარტნიორთა შეთანხმება და ბანკის სასარგებლოდ გირავნობის უფლებით არ დატვირთა კომპანიაში მისი კუთვნილი წილი (39%). ამის გამო ბანკმა მიიღო კრედიტებზე პროცენტის გაზრდისა და მათი გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება. შეთანხმების დარღვევის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოსარჩელე ელექტრონულ წერილებზე, 2012 წლის 29 მაისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომისა და 2012 წლის 10 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმებზე აპელირებდა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ზ--ა მ--ის ქმედებით კომპანიამ განიცადა ზიანი, როგორც ფაქტობრივი, ისევე მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელე მოთხოვნებს ამყარებდა სსკ-ის 50-ე, 69.1, 394.1, 411-412-ე და 414-ე მუხლებზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პარტნიორთა შეთანხმებას ბანკის წინაშე არსებული კომპანიის საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად მათი კუთვნილი წილების გირავნობის უფლებით დატვირთვის თაობაზე. რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: ელექტრონული წერილებს, 2012 წლის 29 მაისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომისა და 2012 წლის 10 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მათი გამოკვლევითა და ანალიზით არ დგინდებოდა პარტნიორთა შეთანხმება ბანკის წინაშე არსებული კომპანიის საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად მათი კუთვნილი წილების გირავნობის უფლებით დატვირთვის თაობაზე და, შესაბამისად, ზ--ა მ--ი არ იყო ვალდებული დაეგირავებინა მისი კუთვნილი წილი. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს, რომ ბანკის მიერ კრედიტების გაცემის შეჩერებისა და ყველა მათგანზე წლიური საპროცენტო სარგებელის 1%-ით გაზრდა გამოწვეული იყო არა მარტო ზ. მ--ის წილის დაუგირავებლობით, არამედ სხვა ფაქტორებითაც.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა კომპანიამ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
12. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინება კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე: სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა. მან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ გამოიკვლია. საქმეში წარმოდგენილი იყო ელექტრონული წერილები, 2012 წლის 29 მაისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი #5 და 2012 წლის 10 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი, რომელთა ერთობლივად განხილვის შედეგად, კასატორის მოსაზრებით, დგინდებოდა ის გარემოება, რომ არსებობდა პარტნიორთა შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული კომპანიის წილების ბანკის სასარგებლოდ დაგირავების თაობაზე.
13. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდგომში სსსკ-ის), 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კომპანიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „რ--ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს შპს „რ--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ --) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #1432799024, გადახდის თარიღი 28.05.15 სს „თიბისი ბანკი“) 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი