საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
14 აგვისტო, 2015 წელი
№ას-671-637-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ--ა გ--ი
მ--ე ჭ--ა
მოწინააღმდეგე მხარე – ტ--ა ქ--ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 19 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ნ--ა გ--მა ტ--ა ქ--აგან ორი თვით ისესხა 30 000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 4%-ით, ხოლო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,3% [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 623-ე, 625-ე, 417-ე მუხლები].
2. ნ--ა გ--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების [სესხის დაბრუნების] უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--ე ჭ--ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თბილისში, ბ--ს ქუჩაზე ---ლ კორპუსში მდებარე, 148 მ2, --ე ბინა, ( საკადასტრო კოდი #--). მხარეთა შორის კანონით დადგენილი ფორმით დადებული შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით იპოთეკამ შეიძინა იურიდიული ძალა [სსკ-ის 289-ე მუხლი].
3. კრედიტორ ტ--ა ქა--ას განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 26 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 20 სექტემბრიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგენილ იქნა იპოთეკის საგნის რეალიზაცია [სსკ-ის 301 -ე მუხლი პირველი ნაწილი].
4. დაიწყო იძულებითი აღსრულების პროცესი. კერძო აღმასრულებელმა 2013 წლის 5 მარტს მოვალესა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც მათ მიეცათ დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად {„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი} .
5. ნ--ა გ--მა და მ--ე ჭ--ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს: ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ძირითადი თანხის ნაწილში მოთხოვნის მოცულობის შემცირება 6000 აშშ დოლარით და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოს განსაზღვრა 0.01% -ით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ს--ო მ--ს მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში [სანოტარო მოქმედების რეესტრის #--] მითითებული კრედიტორის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მე-2 აბზაცში მოვალე ნ--ა გ--ათვის 2011 წლის 20 სექტემბრიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.3%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში და ნ--ა გ--ის ვალდებულება კერძოდ, პირგასამტეხლო კრედიტორ ტ--ა ქ--ას წინაშე განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.06%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 20 სექტემბრიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,3%-დან 0,06%-მდე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ნ--ა გ--მა და მ--ე ჭ--მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება კასაციის წესით გაასაჩივრეს ნ--ა გ--მა და მ--ე ჭ--მ. საჩივარი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: სასამართლომ დაუსაბუთებლად არ შეამცირა ძირითადი ვალდებულება 6000 აშშ დოლარით. მან სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ 6000 აშშ დოლარი მ--ა ნ--ს მათ გადასცეს ტ--ა ქ--ას ვალის ნაწილობრივ გასასტუმრებლად. კასატორებს, ასევე, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიაჩნიათ 0,06% და ითხოვენ მის შემცირებას 0,01%-მდე.
10. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ--ა გ--ის და მ--ე ჭ--ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა კასატორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ--ა ნ--ეს 6000 აშშ დოლარი გადაუხადეს ტ. ქ--ას წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით. ამ გარემოების დამადასტურებელი კანონით დასაშვები მტკიცებულება კასატორების მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. გამსესხებელი ტ--ა ქ--ა შესრულების ნაწილობრივ მიღებას არ ადასტურებდა. ამ შემთხვევაში დასაშვები მტკიცებულება იქნებოდა სსკ-ის 430-ე მუხლის მიხედვით კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სწორედ კასატორებს უნდა მოეთხოვათ კრედიტორისაგან შესრულების ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: „პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ იხ. საქმე ას-176-157-2014 მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 0.3% -დან 0.06% შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი;
15. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ--ა გ--ის და მ--ე ჭ--ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2319,65 ლარის 70%-1623,75 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--ა გ--სა და მ--ე ჭ--ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს, ნ--ა გ--სა (---) და მ--ე ჭ--ს (--) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1. გადამხდელი-მ--ე ჭ--ა, თანხა 1134,85 ლარი, საგადასახდო დავალება #2, გადახდის თარიღი 2015 წლის 16 ივლისი, სს ,,საქართველოს ბანკი“, 2. გადამხდელი თ--რ ი--ი (--), თანხა 1184,80, საგადასახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 2015 წლის 23 ივლისი, სს ,,საქართველოს ბანკი“), 2319,65 ლარის, 70% – 1623,75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
ეკატერინე გასიტაშვილი