Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ას-672-638-2015 14 აგვისტო, 2015 წელი

ას-672-638-2015 ე-ო ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ე-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი-ე“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სს "ი-ის" სარჩელი სს "ე-ას" მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს "ე-ას" სს "ი-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 40 126.14 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა 21 028.86 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს "ე-ამ" და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, 2015 წლის 11 მარტს, ესწრებოდა მოპასუხე სს "ე-ას" წარმომადგენელი - თ. ლ-ა (ტ. 1, ს/ფ 85).

5. 2015 წლის 31 მარტს, ე.ი. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღეს სს "ე-ას" წარმომადგენელმა - შ. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება დაწერა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით (ტ. 1, ს/ფ 97).

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ამ დროისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.

7. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის სასამართლო მოხელის აქტი დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების შესახებ, ხოლო სს "ე-ას" წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 16 აპრილს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 36-ე დღეს, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაიწყოს.

8. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 11 აპრილს და ამოიწურა 2015 წლის 24 აპრილს.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სს "ე-ას" სააპელაციო საჩივარი შ.პ.ს. "ს-ას" 2015 წლის 27 აპრილს ჩაბარდა (ტ. 2, ს/ფ 4-23).

10. გამომდინარე ზემოთ მითითებულიდან სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 369-ე, 2591-ე მუხლების საფუძველზე სს "ე-ას" სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დაუშვებლად მიიჩნია.

11. სს "ე-ას" გენერალურმა დირექტორმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

12. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების უგულებელყოფით, კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდზე აპელირებით მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაწყებულიყო.

12.2. არასწორია სასამართლოს ვარაუდი, რომ სასამართლო მოხელის აქტის არ არსებობა ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად იყო.

12.3. აპელანტს არ გააჩნია სხვა ლეგიტიმური საშუალება, გარდა იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ შუალედში გამოცხადდეს სასამართლოში და მოითხოვოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.

12.4. სს "ე-ას" არ გააჩნია გადაწყვეტილების მომზადების თარიღის გადამოწმების საშუალება და ეს არც არის მისი ვალდებულება.

12.5. აპელანტმა, მისი ბრალის მიუხედავად, გადაწყვეტილების ასლი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 36-ე დღეს ჩაიბარა და გასაჩივრების ვადის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 02 ივლისის განჩინებით სს "ე-ას" კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი:

14. საკასაციო სასამართლომ განიხილა სს "ე-ას" კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

16. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

18. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რადგან საქმეში არ დევს სასამართლო მოხელის მიერ მომზადებული აქტი, არსებობს ვარაუდი, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დროულად მომზადდა, მაგრამ მხარის ბრალით არ მოხდა მისი დროულად ჩაბარება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში მხარემ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, ხოლო მტკიცება იმისა, რატომ არ ჩაბარდა მხარეს დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლი სასამართლომ უნდა უზრუნველყოს.

21. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 11 მარტს გამოცხადდა. 2015 წლის 31 მარტს, ე.ი. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღეს სს "ე-ას" წარმომადგენელმა - შ. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება დაწერა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. მაგრამ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადასცემია. გადაწყვეტილება მოპასუხეს 2015 წლის 16 აპრილს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 36-ე დღეს ჩაბარდა.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ევალება, მხარის მიმართვის შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ იქნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში და არა მე-20 ან 30-ე დღეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ივარაუდება, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. საპირისპირო უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით. ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ. (უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-490-464-2014 ).

23. საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში სს "ე-ამ" შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღეს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, რის გამოც, გასაჩივრების ვადის ათვლა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

24. ვინაიდან დასაბუთებული გადაწყვეტილება სს "ე-ას" წარმომადგენელს 2015 წლის 16 აპრილს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, 2015 წლის 17 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს ამოიწურა. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი 27 აპრილსაა შეტანილი, სააპელაციო სასამართლოს იგი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "ე-ას" კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე-ას“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე