საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
5 აგვისტო, 2015 წელი
№აs-684-650-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ--ზ რ--ისა და დ--ა ნ--ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ლ--ა შ--ას სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხების ნ--ზ რ--ისა და დ--ა ნ--ის მიმართ საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ: 1) დ--ა ნ--ეს წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან ნ--ზ რ--ზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც მინიჭებული ექნებოდა საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება: 2) წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ დ--ა ნ--ძეს 1003,55 ლარის ოდენობით, ხოლო ნ--ზ რ--ს 300 ლარის ოდენობით. 2015 წლის 13 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ--ზ რ--მა. განცხადების შესაბამისად, ნაწილობრივ აღმოფხვრილი იქნა ხარვეზი, კერძოდ, მოძიებულ იქნა დ--ა ნ--ის მიერ ნ--ზ რ--ზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც მინიჭებულია საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდას, განმცხადებელი შუამდგომლობდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით ნ--ზ რ--სა და დ--ა ნ--ძეს ხარვეზის შევსების (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 14 დღით. აღნიშნული განჩინების თაობაზე ნ--ზ რ--ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2015 წლის 15 ივლისს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 16 ივლისს და დასრულდა იმავე წლის 29 ივლისის 2400 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და, არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში ნ--ზ რ--მა და დ--ა ნ--ემ დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოს გადაწყვეტილებებში ან სხდომის ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სსსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტომი 4, ს.ფ. 175-199).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე,104-ე 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ--ზ რ--სა და დ--ა ნი--ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ნ--ზ რ--ს დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ტ.4 ს.ფ.175-199;
3 განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა