Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-691-657-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,

ას-691-657-2015 გ-ა ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „გ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,გ-სა’’ (შემდგომში - შემსყიდველი) და სს ,,პ- ს’’ (შემდგომში - მიმწოდებელი) შორის 2012 წლის 6 თებერვალს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის გაზეთის ,,ა- ს’’ (შემდგომში - გაზეთი) ბეჭდვა და ადგილზე მიწოდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 38 200 ლარს. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მისთვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,5 %-ის ოდენობით. [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ, 629-ე მუხლი).

2. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამ უკანასკნელს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაკისრებოდა 7 270.55 ლარის და ზიანის სახით 2 451.63 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნით, თანხის დარიცხვა უნდა გაგრძელებულიყო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი შემსყიდველის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრა 7 270.55 ლარის გადახდა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა 2012 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და შემსყიდველს მიაწოდა 2012 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის გაზეთი.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსყიდველი იღებდა მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას, თუმცა მომსახურების ღირებულება სრულყოფილად არ აუნაზღაურებია. შემსყიდველის (მოპასუხე) დავალიანება მიმწოდებლისადმი (მოსარჩელე) შეადგენს 7 270.55 ლარს.

6. სასამართლომ არ გაიზიარა შემსყიდველის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ დაწუნებული ნომრების ღირებულება არ იქნა გათვალისწინებული ანგარიშსწორებისას და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არის ის თანხა, რომელიც მიმწოდბელს დაექვითა ხარვეზებით გაწეული მომსახურების გამო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების 3.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის და ნაკლის აღმოფხვრას. იმავე ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,5 %-ის ოდენობით.

7. სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული შეთანხმებებიდან გამომდინარე, შემსყიდველი არ იყო უფლებამოსილი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ დაეკავებია გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ფასის 0,5 %-ის ოდენობით.

8. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე, 636-ე, 649-ე მუხლებზე.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს (აპელანტი) პროდუქცია მიაწოდა, ხოლო ამ უკანასკნელს 2012 წლის აგვისტოს შემდეგ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 7 270.55 ლარი არ გადაუხდია. ხელშეკრულების 5.5. მუხლის შესაბამისად, შემსყიდვბელს მიმწოდებლისათვის მომსახურების ღირებულება უნდა გადაეხადა ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, 20 დღის ვადაში, პროდუქციის შემსყიდველისათვის მიწოდების თარიღიდან.

12. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მიიჩნია ნარდობად, სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად და დაასკვნა, რომ რადგან შემსყიდველს მიმწოდებლისათვის გვაროვნული ნივთი უნდა დაემზადებინა, სადავო ურთიერთობა ნასყიდობის წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო.

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ აპელანტს არ ჰქონდა ნივთის ნაკლის გამო ნასყიდობის ფასის შემცირების უფლება.

14. პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროდუქცია იქნებოდა ნაკლის მქონე და შემსყიდველი არ მოითხოვდა არც ნაკლის გამოსწორებას, არც ახლით შეცვლასა და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეეძლო შეემცირებინა ნასყიდობის ფასი (სკ-ის 492-ე მუხლი).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნაკლის მქონე პროდუქციის მიწოდების მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრება.

16. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს ხელშეკრულებით დასაბეჭდი გაზეთის ხარისხი სპეციალურად არ შეუთანხმებიათ, ამიტომ იგი ნივთობრივად უნაკლოდ უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი საგაზეთო ეგზემპლარები, მათი ჩვეულებრივი გამოყენებისათვის სავსებით ვარგისი იყო, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ წარმოდგენილი საგაზეთო ნომრების არა ცალკეული ეგზემპლარები, არამედ მთელი ტირაჟი უხარისხო იყო, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ აპელანტისათვის მიწოდებული პროდუქცია წუნდებულიც რომ ყოფილიყო, კანონის თანახმად, აპელანტს წარმოეშობოდა ფასის შემცირების უფლება არა მთელი ნასყიდობის ფასის ღირებულებით, არამედ იმ ღირებულებით, რაც ნაკლის გამოსასწორებლად იყო საჭირო.

19. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აპელანტის 2012 წლის 29 ნოემბრის წერილიდან და მასზე თანდართული განმარტებიდან ჩანს, რომ აპელანტმა მიწოდებული გაზეთების ნაკლად მიიჩნია ნაბეჭდის ფერთან დაკავშირებული ხარვეზები.

20. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ წერილში მითითებული ნაკლი გაზეთს მისი ჩვეულებრივი გამოყენებისათვის გამოუსადეგარს არ ხდიდა და ეს არც აპელანტს მიუთითებია. ამიტომ, აპელანტს ამ მიწოდების ანაზღაურებაზე მთლიანად უარის თქმის უფლება არ ჰქონდა, ხოლო ის, თუ რა თანხა იყო საჭირო უშუალოდ ნაკლის გამოსწორებისათვის, მას სასამართლოსათვის არ განუმარტავს.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი მეწარმეა და, ამის შესაბამისად, მას ნივთის ნაკლის შესახებ პრეტენზია უნდა წარედგინა, თუ ნივთის მიღებისთანავე არა, ყოველ შემთხვევაში, ანაზღაურების ვადის გასვლამდე მაინც (სსკ 488 - ე მუხლის პირველი ნაწილი).

22. ამის ნაცვლად, შემსყიდველმა მიწოდებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი არა მარტო მიიღო, არამედ მისი ღირებულებაც კი გადაიხადა, ხოლო წერილობითი პრეტენზია ნივთის ნაკლთან დაკავშირებით მიმწოდებელს წარუდგინა მხოლოდ, 2012 წლის 29 ნოემბერს (ს.ფ. 200), ე.ი. მაშინ, როდესაც უნდა აენაზღაურებინა 2012 წლის 10-12 და 27-28 ნოემბრის გამოცემების საფასური. აღსანიშნავია, რომ შესყიდველი ამ წერილში უთითებდა არა 7 270.55 ლარის, არამედ 3 000 ლარის “დავალიანების ჩამოწერაზე”.

23. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ წერილის შედგენის შემდეგ, გაზეთის არც ერთი ე.წ. წუნდებული ნომერი არ გამოცემულა, აშკარაა, 7270.55-3000=4270,55 ლარის ღირებულების შეძენილ პროდუქციაზე აპელანტს პრეტენზია ამ წერილითაც კი არ გამოუთქვამს.

24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ ჩამოთვლილი გაზეთის ყველა ეგზემპლარი ნაკლიანადაც რომ მიჩნეულიყო, გაზეთის 2012 წლის 10-12 ნოემბრის ნომრამდე მიწოდებულ პროდუქციაზე, მას ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება დაკარგული ჰქონდა.

25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ ნაკლიანად მიჩნეულ თითქმის ყველა ნომერსა და მის მიერ წარმოდგენილ ე.წ. უნაკლო საგაზეთო ნომერს (ს.ფ. 399-403) შორის, გამოსახულებისა და შრიფტის ხარისხი, პრაქტიკულად, ერთნაირია და ისინი ერთმანეთისაგან, მხოლოდ, თავფურცელის ფერით განსხვავდება, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

26. სააპელაციო სასამართლოს მოსააზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

27. შემსყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

28. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

28.1. განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

28.2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მხარეებს ხელშეკრულებით დასაბეჭდი გაზეთების ხარისხი სპეციალურად არ შეუთანხმებიათ. 2012 წლის 08 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებათა ნაწილის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ ბეჭდვის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს პოლიგრაფიული ნაწარმის ხარისხის უმაღლეს მოთხოვნებს.

28.3. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ საგაზეთო ეგზემპლარები მათი ჩვეულებრივი გამოყენებისთვის სავსებით ვარგისია. უხარისხოდ და დაბალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი გაზეთების გამო, გაზეთმა დაკარგა მკითხველი.

28.4. სასამართლოსთვის წარდგენილი გაზეთების ნომრები დასვრილი იყო საღებავებით, სურათებს ჰქონდა არასტანდარტული ფერები, ხოლო ხშირ შემთხვევაში სახეზეა გადამეტებული საღებავები და ფერების აცდენა.

28.5. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტმა შესრულება მიიღო და ღირებულებაც გადაიხადა. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. ასეთი აქტები არ გაფორმებულა, ხოლო თანხის გადახდა ხდებოდა ავანსად.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

34. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

გ) დადგენილია, რომ შემსყიდველი იღებდა მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას, თუმცა მომსახურების ღირებულება სრულყოფილად არ აუნაზღაურებია. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელე მხარის მიმართ შეადგენს 7 270.55 ლარს. ასევე დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით დასაბეჭდი გაზეთის ხარისხი სპეციალურად არ შეუთანხმებიათ.

დ) შემსყიდველის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი საგაზეთო ეგზემპლარები მათი ჩვეულებრივი გამოყენებისათვის სავსებით ვარგისია. მხარემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომლითაც დაადასტურებდა, რომ წარდგენილი საგაზეთო ნომრების არა ცალკეული ეგზემპლარები, არამედ მთელი ტირაჟი უხარისხო იყო.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 363.53 ლარის 70% – 254.47 ლარი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებაა 7 270.55 ლარი, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი შეადგენს - 363.53 ლარს, კასატორმა კი სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა - 373.25 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს, ასევე, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 373.25-363.53=9.72 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს შპს „გ-ს“ (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 373.25 ლარიდან (საგადახდო დავალება №1435135355, გადახდის თარიღი 2015 წლის 24 ივნისი) - 264.19 (ორას სამოცდაოთხი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე