საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
6 აგვისტო, 2015 წელი,
№ას-696-662-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – წ--ს მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ--რ ჯ--ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 5 ნოემბერს წ--ს მუნიციპალიტეტსა (შემდგომში „შემკვეთი“) და შპს „ბ--რ ჯ--ს“ (შემდგომში „მენარდე“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენდა 629 999 ლარს [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი].
2. ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდეს 2014 წლის 1 მარტის ჩათვლით უნდა შეესრულებინა სორმონი-მოწამეთის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
3. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით, თუ მენარდე გადააცილებდა შესრულების ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით [სსკ-ის 417-418 მუხლები]. ხელშეკრულების 17.1 „გ“ პუნქტი კი შესაძლებლობას აძლევდა შემკვეთს ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.
4. მენარდემ შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც 2014 წლის 2 მარტიდან შემკვეთმა დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო 2014 წლის 16 მაისს კი შეწყვიტა ხელშეკრულება, ვინაიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ს და შეადგინა 239 399.24 ლარი.
5. შემკვეთმა სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს - სახით 239399.24 (ორასოცდაცხრამეტი ათას სამასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარისა და მის მიერ ზედმეტად გადარიცხული 118738 (ასთვრამეტი ათას შვიდასოცდათვრამეტი) ლარის, სულ ჯამში 358137,24 ლარის მენარდეზე დაკისრება.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მენარდეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 47 879.24 ლარის ოდენობით და ზედმეტად მიღებული 118738 ლარის გადახდა, ჯამში 166617.24 (ასსამოცდაექვსიათას ექვსასჩვიდმეტი ლარისა და ოცდაოთხი თეთრის) ლარის გადახდა.
7. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ მენარდემ შემკვეთს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიაყენა ზიანი 118738 ლარის ოდენობით, რაც უნდა ანაზღაურებულიყო სსკ-ის 394-ე, 408-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შემცირებულ იქნა 0,5%-დან 0,1%-მდე, რამაც 47 879.24 ლარი შეადგინა.
8. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი დასკვნები პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა. მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას არ გაითვალისწინა ვალდებულების შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების თანაფარდობა. გარდა ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის, შემდგომში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წ--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო: სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი და შესაბამისად, სწორად არ დააკმაყოფილა შემკვეთის შუამდგომლობა მენარდის გამოუცხადებლობის გამო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებდა საჩივარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ [იხ.უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე # ას-176-157-2014] .
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სსს-კის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემკვეთის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. წ--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი