Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-700-666-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,

ას-700-666-2015 ტ-ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ც. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

1. ც. ტ-ე და პ. ბ-ი რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2011 წლის 20 სექტემბერს; 2013 წლის 29 სექტემბერს შეეძინათ შვილი - ე. ბ-ა.

2. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ: პ. ბ-ს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი; ე. ბ-ა ცხოვრობს დედასთან.

3. პ. ბ-ს ჰყავს კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი: ა. ბ-ა (დაბადებული ... წლის .. იანვარს; იხ: დაბადების მოწმობა - ს.ფ.71) და ო. ბ-ა (დაბადებული ... წლის .. თებერვალს; იხ: დაბადების მოწმობა - ს.ფ.72).

4.პ. ბ-ი თევზაობს, დაჭერილ თევზს ჰყიდის და იღებს შემოსავალს, მაგრამ ეს შემოსავალი არაა სტაბილური.

5. ც. ტ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს პ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის - ე. ბ-ას სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პ. ბ-ს მცირეწლოვანი შვილის - ე. ბ-ას (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს) სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2014 წლის 10 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 160 ლარის ოდენობით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ, 1234 - ე მუხლის მეორე ნაწილი].

7. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის, სსკ-ის 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლების ნორმებით და მიუთითა, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა, მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ბავშვს, მიღებული უნდა იქნეს სწორედ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებს, ბავშვებთან მიმართებით, აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობანი, რათა ბავშვები აღიზარდონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც. თუ ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ შეთანხმდებიან, დავას წყვეტს სასამართლო, რომელიც ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

8. დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლის მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის გონივრული ოდენობა იყო 160 ლარი, რომელიც უნდა დაკისრებოდა პ. ბ-ს ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

9. პ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა იმგვარად, რომ ალიმენტი განსაზღვრულიყო 50 ლარის ოდენობით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ც. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პ. ბ-ს ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის - ... წლის .. სექტემბერს დაბადებული ე. ბ-ას სასარგებლოდ, 2014 წლის 10 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

11. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სსკ-ის 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებზე.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ ნორმათა ანალიზით დგინდება, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის მომენტისათვის, პ. ბ-ის მიერ სხვა შემოსავლის მიღების გარემოება, გარდა თევზაობის შედეგად მოპოვებული თევზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისა (რომლის ზუსტი ოდენობაც დაუდგენელია), არ დამტკიცებულა. ეს შემოსავალიც არაა სტაბილური: იგი დამოკიდებულია ამინდზე, შედეგიან თევზაობაზე და თევზაობის სეზონზე, ასევე - დაჭერილი თევზის გასაღებაზე. ასეთ პირობებში, იმის გათვალისწინებითაც, რომ პ. ბ-ს, ე-ს გარდა, კიდევ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მიმართ ასევე გააჩნია რჩენის ვალდებულება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ 160 ლარს, სააპელაციო სასამართლო არაგონივრულად მიიჩნევს, რადგან არ დასტურდება ის გარემოება, რომ პ. ბ-ს რეალურად შეუძლია ალიმენტის ამ ოდენობით გადახდა. ამ დაშვებით, ფაქტიურად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ პ. ბ-ს შესწევს უნარი სამივე არასრულწლოვან შვილს გადაუხადოს ალიმენტი თვეში დაახლოებით 500 ლარის ოდენობით; იმის გათვალისწინებით, რომ პ. ბ-მა საკუთარი თავიც უნდა ირჩინოს, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ფიზიკური პირის მიერ თუნდაც თევზაობის შედეგად მოპოვებული თევზის რეალიზაციით, შესაძლებელია ამ ოდენობის შემოსავლის მიღება. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი და მშობელს არ უნდა დაეკისროს იმგვარი საალიმენტო ვალდებულება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარვე იყოს განწირული აღუსრულებლოსათვის.

14. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოში შრომისუნარიანი პირის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 160 ლარს შეადგენს, ვინაიდან შვილის მიმართ ორივე მშობელს ეკისრება თანაბარი საალიმენტო ვალდებულება.

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ბ-ის ყოველთვიური საალიმენტო ვალდებულება ე. ბ-ას მიმართ უნდა განსაზღვრულიყო მითითებული თანხის ნახევრით - 80 ლარით.

16. ც. ტ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი შეცვლა იმგვარდ, რომ ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ განისაზღვროს 160 ლარის ოდენობით.

17. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად და დაუსაბუთებლად მიუთითა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე შრომისუნარიანი პირის საარსებო მინიმუმის თაობაზე და არასრულწლოვანი ბავშვი არასწორად შეადარა შრომისუნარიან პირს.

17.2. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის შესწავლილი და გამოკვლეული. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ბ-ს გააჩნია საალიმენტო ვალდებულება და მონაწილეობას იღებს პირველი მეუღლისგან შეძენილი შვილის აღზრდაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

17.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე ეჭვქვეშ დააყენა პ. ბ-ის მიერ თევზის ჭერით მიღებული შემოსავლის საკმარისობა და დაეყრდნო მხოლოდ მხარის განმარტებას, მაშინ, როცა პ. ბ-ი ერთ დღეში იღებს იმაზე მეტ შემოსავალს, ვიდრე სასამართლომ განუსაზღვრა ბავშვის რჩენის ვალდებულებად.

17.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით არაგონივრულია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის აუცილებელ, მინიმალურ სტანდარტებს. აღნიშნული ოდენობა არა მარტო ბავშვის უფლებების კონვენციით, არამედ ქართული სტანდარტებითაც შვილის რჩენისთვის არასაკმარისია.

17.5. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლები და არ იხელმძღვანელა "ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულით.

17.6. სამოქალაქო კოდექსისა და "ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

17.7. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

17.8. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხის, როგორც თევზის მომპოვებლის შემოსავლების ოდენობა და არასწორად არ გამოიკვლია იგი, რადგან რეალურად 500 ლარს აღემატება პ. ბ-ის შემოსავალი.

17.9. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი და წინა პლანზე დააყენა მხოლოდ პ. ბ-ის ინტერესები.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 08 ივლისის განჩინებით ც. ტ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

გ) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ პ. ბ-ი არის მეთევზე, მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი და, ე. ბ-ას გარდა, მას კიდევ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა რჩენის ვალდებულება აქვს.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე