საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-706-672-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,
ას-706-672-2015 ა-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. უ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ა-ს ქ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 920 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ქ. უ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მოითხოვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი. ა-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2015 წლის 14 მაისს (ს.ფ.98), შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 15 მაისს და ამოიწურა 2015 წლის 28 მაისს. ი. ა-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 16 ივნისს, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა.
5. სააპელაციო სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას, რაც მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6. ი. ა-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი ავად იყო და არ ჰყავდა წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ, რის გამოც ვერ შეძლო ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარდგენილია სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
12. მომჩივანი გასაჩივრებული განჩინების უკანონობის საფუძვლად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ავადმყოფობის, ასევე წარმომადგენლის არყოლის გამო, სასამართლომ უარი უთხრა გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების (განჩინებების) გასაჩივრების ვადები საპროცესო კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულია და იმპერატიულად დადგენილია, რომ მათი გაგრძელება და აღდგენა, თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია.
15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ა-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე