Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

6 აგვისტო, 2015 წელი,

№ას-717-682-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ზ--ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ბ--კ პ--ი, შ--ა ჭ--ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 16 აგვისტოს შპს „ზ--სა“ (შემდგომში „კომპანია“) და შ--ა ჭ--ს (შემდგომში „კრედიტორი“) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც კრედიტორს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება [800კვ.მ მიწის ნაკვეთი], მდებარე ქ. თბილისში, გ--ს ქ. #--, ს/კ #-- [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 183-ე და 311-ე მუხლები].

2. ქონების საკუთრებაში გადაცემით კომპანიამ შეასრულა კრედიტორის წინაშე არსებული 50 000 აშშ დოლარის სასესხო ვალდებულება [სსკ-ის 442 (1)-ე მუხლი]

3. 2011 წლის 17 აგვისტოს კრედიტორმა ზემოაღნიშნული ქონება მიყიდა ბ--კ პ--ს გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა ერთი თვით, 2011 წლის 18 სექტემბრამდე [სსკ-ის 477-ე, 509-ე 183-ე და 311-ე მუხლები].

4. კომპანიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა, როგორც 2011 წლის 16 აგვისტოს, ისე 2011 წლის 17 დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების კრედიტორზე გადაცემის დროს მის მიერ გამოვლენილი ნება არ იყო ნამდვილი. კომპანია ეწეოდა სამშენებლო საქმიანობას. მან საჭირო თანხების მოსაზიდად კრედიტორისაგან ისესხა ფულადი თანხა. ეს უკანასკნელი მოითხოვდა თანხის დაბრუნებას; რადგანაც კომპანია თანხის გასტუმრებას ვერ ახერხებდა, კრედიტორმა მას შესთავაზა ბ--კ პ--ი, რომელმაც კომპანიის ნაცვლად დაუბრუნა კრედიტოს კუთვნილი თანხა. შესაბამისად, წინა გამსესხებელი, კრედიტორი, ახალი გამსესხებლით, პაპისმედოვით ჩანაცვლდა და სწორედ ამ უკანასკნელის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა ორივე ნასყიდობა. სინამდვილეში ამ გარიგებებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სსკ-ის 54-56-ე, 81-82-ე, 85-86-ე მუხლებზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კომპანიამ კრედიტორს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადასცა, მათ შორის არსებული სასეხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების, 50 000 აშშ დოლარის, შესასრულებლად. სასამართლომ დაასკვნა, რომ სსკ-ის 428-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას. ამდენად, სადავო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, კომპანიამ კრედიტორის, წინაშე ფულადი ვალდებულების შესასრულებლად მას საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რითაც შეწყდა მათ შორის არსებული სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება სადავო გარიგებების ბათილობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება მიზნად ისახავდა ბ--კ პ--თან სხვა შინაარსის გარიგების - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვას.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა კომპანიამ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ. საკასაციო საჩივარი დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ სადავო გარიგებები მხოლოდ მოსაჩვენებლად იქნა დადებული. ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად - 50 000 $-ის - მითითება ფორმალურად მოხდა, სინამდვილეში თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ნასყიდობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატებოდა ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს.

9. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის, შემდგომში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ--ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კომპანიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ზ--ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ზ--ს“ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით (საქმე № ას-717-682-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (2650 აშშ დოლარი) 30%-ის - 795 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

ნინო ბაქაქური

ეკატერინე გასიტაშვილი