Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

6 აგვისტო, 2015 წელი,

№ას-733-697-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ--ა დ--ე

მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა--ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის რეალურად გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. ბათუმში, ჯ--ს ქ. #---ში დაფუძნებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „--“ [შემდგომში „ამხანაგობა“].

2. ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრირებულია 2345 მ2 მიწის ნაკვეთი.

3. 2008 წლიდან ამხანაგობის წევრი იყო ლ--ი ე--ე.

4. 2008 წლის 15 დეკემბრის ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებით ლ--ი ე--ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ჯ--ს ქ. #--ის ეზოში მდებარე 20,7 მ2 დამხმარე ფართი, რაც აღირიცხა მის საკუთრებად [საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ მუხლი მე-6, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 183-ე და 311-ე მუხლები].

5. 2009 წლის 19 მარტს ლ--ი ე--სა და გ--ა დ--ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ---ა დ--ის საკუთრებაში გადავიდა ქ. ბათუმში, ჯ--ს ქ. #--ის ეზოში განთავსებული 20,7 მ2 დამხმარე ფართი [სსკ-ის 477.1-ე, 183-ე მუხლები].

6. გ--ა დ--მ სარჩელი აღძრა ამხანაგობის წინააღმდეგ. მან მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება და თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალური გაყოფა. იგი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სსკ-ის 961-ე და 963-ე მუხლებზე.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ ამ ურთიერთობაზე ვრცელდება სპეციალური კანონი - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის საერთო საკუთრების განკარგვა საჭიროებს მისი ყველა წევრის თანხმობას.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--ი ე--ს მიწის ნაკვეთზე [ქ. ბათუმში, ჯ--ს ქ. #--] საკუთრების უფლება არ წარმოშობია და, შესაბამისად, ასეთი უფლება გ--ა დ--ს არ გადაუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

9. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გ--ა დ--მ გაასაჩივრა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გადაწყვეტილებაში გამოტანილი დასკვნა იმის თაობაზე, რომ დავა ექვემდებარებოდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებით მოწესრიგებას და ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესი გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ დაასკვნა, რომ გ--ა დ--ე წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს და, შესაბამისად, იგი ამ ურთიერთობაში კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობების მატარებელი იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ იგი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 2345 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ ჩათვალა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გია დოლიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმები; ასევე სააპელაციო სასამართლომ იგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად არასწორად მიიჩნია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის (შემდგომში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ--ა დ--ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ამხანაგობის წევრობა არ არის ნებაყოფლობითი, ის არ არის დამოკიდებული მრავალბინიანი (იგულისხმება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, ასევე, კომერციული ფართიც) სახლის ერთ-ერთი ფართის მესაკუთრის ნებაზე, არამედ პირი ამხანაგობის წევრი ხდება მსგავს მრავალ საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ბინიან ან კომერციულ ფართიან შენობაში ფართის შეძენისთანავე.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში წევრობა ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება მრავალბინიან სახლში (ამ შემთხვევაში მრავალ ფართიან შენობაში). ამხანაგობის წევრობა თავისუფალი განვითარების უფლების ჯგუფური განხორციელების ფორმა არ არის. იგი საკუთრების ობიექტის ბუნებიდან გამომდინარე და ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტური გარემობებით განპირობებული რეალობაა. ამხანაგობის წევრთა გაერთიანება ხდება უძრავი ნივთისადმი სამართლებრივი დამოკიდებულების გამო. გაერთიანების წევრობა წყდება ავტომატურად ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვისთანავე. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა არ არის სუბიექტური მისწრაფებისა და თავისუფალი ნების რეალიზაციის პროდუქტი, იგი ობიექტურ გარემოებათა გამო შექმნილი გაერთიანებაა და განპირობებულია ამხანაგობის ამოცანებით“ [იხილეთ უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე № ას-1152-1098-2013 12.06.2014 წ].

სადავო ურთიერთობის სპეციალური კანონით მოწესრიგების აუცილებლობაზეა საუბარი უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებაშიც: „საზიარო უფლებებთან მიმართებით გასათვალისწინებელია “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიან სახლად მიიჩნევა სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. საგულისხმოა ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა ეკისრებათ მესაკუთრეებს, ხოლო, მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.“

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსს-კის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გია დოლიძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70%-210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ--ა დ--ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს გ--ა დ--ს დაუბრუნდეს მის მიერ (---) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #4, გადახდის თარიღი 01.07.15 სს „საქართველოს ბანკი“) 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

ნინო ბაქაქური

ეკატერინე გასიტაშვილი