Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-746-706-2015 3 აგვისტო, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ--ა ძ--ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებაზე, საქმეზე ლ--ა ძ--ს სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე გ--ი პ--ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის - 1143,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინების თაობაზე იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს.

სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 22 ივლისს და დასრულდა იმავე წლის 27 ივლისის 2400 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და, არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, ლ--ა ძ--ა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ--ა ძ--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა