საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-748-708-2015 19 აგვისტო, 2015 წელი,
ას-748-708-2015 ბ-ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ლ. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, 12 485 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 624.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
2015 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, განცხადებით მომართა კასატორმა და, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება ერთი თვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 624.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 30 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა კასატორს, ლ. ბ-ეს (პ/ნ ...)(ტ. 2, ს/ფ 71).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 31 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 06 აგვისტოს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2015 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს ვადის დარღვევით, 2015 წლის 10 აგვისტოს მომართა და, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება ერთი თვით. (ტ.2, ს/ფ 72).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი