საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-764-723-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,
ას-764-723-2015 ჭ-ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების ბ. ჭ-ის, კ. ს-ის, ზ. გ-ის, მ. მ-ის, დ. კ-ის, ვ. შ-ის, შპს "პ-ას" დირექტორის პ. ქ-ის, შპს "დ-ის", ი. კ-ის, გ. კ-ის, ჟ. ჯ-ის, ლ. ც-ის, ვ. თ-ისა და გ. თ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ჭ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 1) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის; 2) კერძო საჩივრის, რომელზეც მითითებული იქნებოდა კერძო საჩივრის ავტორის მისამართი; 3) ბ. ჭ-ის მიერ ნ. ა-ის სახელზე გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, მინდობილობის წარმოდგენა.
2015 წლის 04 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, განცხადებით მომართა ბ. ჭ-ემ, წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ბ. ჭ-ე თბილისში არ იმყოფებოდა. ასევე, მისთვის უცნობი იყო, რომ საპროცესო ვადაში შაბათ-კვირაც შედიოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჭ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 1) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის; 2) კერძო საჩივრის, რომელზეც მითითებული იქნებოდა კერძო საჩივრის ავტორის მისამართი; 3) ბ. ჭ-ის მიერ ნ. ა-ის სახელზე გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, მინდობილობის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 30 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის, ბ. ჭ-ის დედას - ჟ. ჯ-ს (პ/ნ …)(ტ. 3, ს/ფ 51), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 31 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 03 აგვისტოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვადის დარღვევით, 2015 წლის 04 აგვისტოს მომართა განცხადებით, წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენა (ტ.3, ს/ფ 52).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. ჭ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და განცხადება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის თაობაზე, წარმოადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ბ. ჭ-ეს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადახდო დავალება №23, გადახდის თარიღი 2015 წლის 04 აგვისტო).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი