Facebook Twitter

საქმე №ას-945-907-2014 14 აგვისტო, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

მზია თოდუა, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.ბ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ხ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

რ.ხ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა დ.ბ–თვის (შემდგომში _ მოპასუხე) 1999 წლის 15 სექტემბრისა და ამავე წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კურსის ცვალებადობისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, დავალიანების _ 25 794.52 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების _ 1 880,50 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რამდენადაც მან, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

3.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის დავალიანების _ 6 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

3.3. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის კურსის ცვალებადობისა და ინფლაციის გათვალისწინებით 25 794.52 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

3.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აგრეთვე, სასამართლო ხარჯის _ 940,50 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.1.2. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

4.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას გაწეული საპროცესო ხარჯების ნაწილის – 812.38 ლარის ანაზღაურება;

4.1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურების ხარჯის ნაწილის – 492.00 ლარის ანაზღაურება.

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 25 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან უპროცენტო სესხად მიიღო 3 300 აშშ დოლარი, ხოლო 1999 წლის 14 ნოემბერს - 3 000 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მხარეები გასესხებული თანხის კონკრეტულ ვადაში დაბრუნებაზე არ შეთანხმებულან, პალატამ მიიჩნია, რომ სესხი უვადოდ იყო გაცემული, სესხის თანხის სრულად დაბრუნებამდე. სესხის დაბრუნების კონკრეტულ ვადაზე შეთანხმება არ დასტურდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე ბ.გ–ის ჩვენებითაც.

4.2.2. მოპასუხეს ნასესხები თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია. მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენა.

4.2.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 623-ე, 624-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან, ორი ხელშეკრულების საფუძველზე, სესხად დაბრუნების ვადის განსაზღვრის გარეშე მიიღო 6 300 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელს არ დაუბრუნებია, შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ მსესხებლისათვის 6 300 აშშ დოლარის დაკისრების საფუძვლები.

4.2.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე, 130-ე, 365-ე და 626-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ მოსარჩელემ სესხის დაბრუნების მოთხოვნით აპელანტს მიმართა 2012 წლის დეკემბერში, თუმცა, მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა, სამი თვის გასვლის შემდეგ - 2013 წლის 29 აპრილს მან სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამდენად, კრედიტორის მიერ დაცული იყო განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები და სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

4.2.5. გაზიარებულ იქნა აპელანტის პრეტენზია რაიონული სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების არასწორად განაწილების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ჯამში 25 798.52 ლარის დაკისრებას. მოსარჩელემ დავა მოიგო 6 300.00 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ეროვნულ ვალუტაში (კურსით 1$=1.7693 ლარს) შეადგენს 11 146.69 ლარს (დავის საგნის ღირებულების 43.20%). მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას გაწეული საპროცესო ხარჯები ჯამში 1 880.50 ლარს შეადგენდა (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 774.00 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 51.00 ლარი, მოპასუხის ქონების ამონაწერის განახლების ბაჟი - 16.50 ლარი, ყადაღის რეგისტრაციის ბაჟი - 21.00 ლარი, საქსტატის მომსახურების ბაჟი - 18 ლარი, ადვოკატის ჰონორარი - 1 000 ლარი). გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოიგო 43,20%-ით, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას გაწეული ხარჯების ნაწილის - (1880.50-ის 43.20%) 812.38 ლარის ანაზღაურება.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

5.1.1. კასატორმა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და სრულად გადაუხადა მოსარჩელეს 6 300 აშშ დოლარი, რომლის გადახდასაც ესწრებოდა ბ.გ. ამ უკანასკნელმა კი, როგორც მოწმემ, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მითითებული გარემოება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ სესხის დაბრუნება წერილობით უნდა განხორციელებულიყო, რადგანაც არც სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი და არც სესხის ხელშეკრულება ამას არ ითვალისწინებდა, რაც შეეხება ამავე კოდექსის 429-ე და 430-ე მუხლებზე მითითებას, მასში საუბარია კრედიტორის ვალდებულებაზე, გასცეს შესაბამისი დოკუმენტი და, რადგანაც კასატორმა ამ უფლებით არ ისარგებლა, არსებული რისკის მატარებელი ის არ შეიძლება გახდეს;

5.1.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენება და იგი არასწორად მიიჩნია არასაკმარის მტკიცებულებად თანხის დაბრუნების ფაქტის დადასტურებისათვის;

5.1.3. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ხელშეკრულების პირობა „დათქმულ დროს“ სწორედ სესხის ვადაზე მხარეთა შეთანხმებას ადასტურებს, რომელიც, შეიძლება ზეპირადაც განხორციელდეს, რომლის ნამდვილობაც მხარის ახსნა-განმარტებითა და მოწმის ჩვენებით მტკიცდება. სესხი დაბრუნდა 2001 წელს და ამ დროიდან გასულია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 131-ე და 365-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სარჩელში ასახული პოზიციის თანახმად, მოსარჩელეს თანხის დაბრუნება სურდა კასატორის საზღვარგარეთ წასვლამდეც. ამ განმარტებათა ლოგიკური შეფასება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ 2001 წლისთვის მოსარჩელისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო კასატორის ადგილსამყოფელი, მოითხოვდა თანხას, ანუ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა 2001 წელს და იგი ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მხარეთა შორის 1999 წლის 25 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს წერილობით დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს ჯამში 6 300 აშშ დოლარი გადაეცა. სესხის სარგებელზე მხარეები არ შეთანხმებულან, ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული სესხის დაბრუნების ვადაც. მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ვალდებულების შესრულების ფაქტი, ხოლო, რადგანაც, უვადოდ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორმა მოვალეს 2012 წლის დეკემბერში მიმართა, კრედიტორის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2013 წლის მარტში, შესაბამისად, სარჩელი არ არის ხანდაზმული.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს სესხის დაბრუნების თაობაზე, რადგანაც მოვალემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმით დადგენილია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რომელიც ზოგად, საპროცესო სტანდარტს ადგენს, თუმცა, სადავო ურთიერთობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, შესაძლოა იგი, რიგ ურთიერთობებში, განსხვავებულად რეგულირდებოდეს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებით სადავო გარემოებების დადასტურების აუცილებლობაზე, რაც, ვალდებულების შესრულების მიმართ, განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით. სადავოობის შემთხვევაში, მოვალეს ყოველთვის ეკისრება სავალო საბუთის წარდგენა, რათა დაამტკიცოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამასთანავე, რადგანაც კანონით განსაზღვრულია სათანადო მტკიცებულების სახე, იგი სხვა, მაგალითად, მოწმის ჩვენებით არ შეიძლება შეიცვალოს.

1.4.1. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება სესხის დაბრუნების ვადაზე ზეპირი შეთანხმების შესახებ. სესხის დაბრუნების ვადაზე ზეპირი შეთანხმება მოპასუხის შესაგებლის პოზიციაა, რომლის დადასტურებაც, ბუნებრივია, მას ეკისრებოდა, ამგვარი შეთანხმების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოპასუხეს ამ კუთხით სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სასამართლოში.

1.4.2. საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის ის არგუმენტიც, რომ კრედიტორს თანხის მოთხოვნის უფლება 2001 წელს წარმოეშვა და სარჩელი ხანდაზმულია, რადგანაც სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უვადოდ დადებული სესხის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მოთხოვნა კრედიტორმა 2012 წლის დეკემბერში წარუდგინა მოვალეს. ამ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 365-ე, 626-ე მუხლებით და სწორად დაადგინა, რომ უფლების დარღვევის თაობაზე გამსესხებელმა 2013 წლის მარტში შეიტყო, რადგანაც მოვალემ სესხის ხელშეკრულების მოშლისათვის დადგენილ ვადაში არ დააბრუნა თანხა, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2013 წლის 29 აპრილს, რაც უდავოდ მოწმობს, რომ არ არის დარღვეული სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

1.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2014 წლის 6 ოქტომბრის N2 საგადახდო დავალებით ზ.ბ–ის მიერ (დ.ბ–ის სახელით) გადახდილი 553,37 ლარის 70% – 387,359ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ.ბ–ს (პ/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2014 წლის 6 ოქტომბრის N2 საგადახდო დავალებით ზ.ბ–ის მიერ (დ.ბ–ის სახელით) გადახდილი 553,37 ლარის 70% – 387,359ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: მ. თოდუა

ე. გასიტაშვილი