Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-757-717-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,

ას-757-717-2015 მ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "მ-ი"

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. ქობულეთში, ა. №... მდებარე 37 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: №1-5 959.9 კვ.მ., №2-1 701.9 კვ.მ., №3-366.4 კვ.მ., №4-256.2 კვ.მ., №5-391.3 კვ.მ., №6-40.8 კვ.მ., №7-44.4 კვ.მ. და №8-452 კვ.მ. (ს/კ ...), აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-10/3200 მომართვის (დამოწმებული 31.08.2011წ) და ამავე სამინისტროს №01-10/1078 წერილის (დამოწმებული 14.03.2014წ) საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

2. 2014 წლის 03 ივნისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად დაკავების ფაქტის, დამკავებლის ვინაობის, დაკავების ვადისა და არამართლზომიერად დაკავებული ფართობის დამდგენმა კომისიამ", რომელიც შექმნილია სამინისტროს 02/04/2014 წლის Nს-157 ბრძანებით, ადგილზე გასვლით დაათვალიერა ქ. ქობულეთში, დ. ა. №... (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება, რა დროსაც შედგა დათვალიერების N38 აქტი. დათვალიერების აქტში მითითებულია, რომ ზ/აღნიშნული უძრავი ქონების არამართლზომიერ მოსარგებლეს წარმოადგენს შპს ”მ-ი”, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას, კერძოდ, შენობის სახურავის ნაწილზე განთავსებულია და ფუნქციონირებს ფიჭური კავშირგაბმულობის ანძა, შენობა-დანადგარებით და საკაბელო არხი. აქტში მითითებულია, რომ შპს ”მ-ს” 2011 წლის 8 სექტემბრიდან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დაკავებული აქვს 20.1 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და საკაბელო არხი.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს "მ-ის" მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 08 სექტემბრიდან, ანუ სადავო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემიდან, სარგებლობის მთელ პერიოდში არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით სასამართლომ წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შეჩერდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენამდე.

8. სააპელაციო სასამართლოს აზრით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად, გამოყენებული უნდა იქნეს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი.

9. ამ მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, 2015 წლის 31 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

11. შპს "მ-მა" კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11.1. სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის და შეეჩერებინა საქმის წარმოება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით და შესაბამისი მატერიალური და საპროცესო კანონის ნორმების მისადაგებით, ამომწურავი სისრულით დაასაბუთა სარჩელის უარყოფის საფუძვლები.

11.2. თუ სააპელაციო სასამართლო კანონის ნორმების კონკრეტულობაში დაეჭვდა, მას უნდა ეხელმძღვანელა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამართლებრივ ნორმათა უპირატესი მოქმედების იერარქიულობით.

11.3. აღნიშნულით სააპელაციო პალატამ ფაქტობრივად საქმის არსებით განხილვამდე წინასწარ გამოთქვა თავისი აზრი განსახილველი საქმის შედეგთან მიმართებაში, რის გამოც პალატის მოცემული შემადგენლობის მიუკერძოებლობამ სამომავლოდ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მხარეთა საფუძვლიანი დაეჭვება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით განსახილველად წარმოებაში მიიღო შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის კონსტიტუციური წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა. ეს განჩინება არ საჩივრდება. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების მიზანშეწონილობა და კანონიერება არ არის კერძო საჩივრით გასაჩივრების საგანი და საკასაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

15. საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად აწესრიგებს, საქმის განხილვისათვის გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით, სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში, საქმის განხილვის შეჩერების ვალდებულებას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმის განხილვა შეეჩერებინა.

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე