საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1825-შ-39-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფედერალური სახაზინო დაწესებულების _ #31 გამოსასწორებელი კოლონიის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი, რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის უსტ-ვიმსკის რაიონის აიკინსკის სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, რომლითაც კ. ფ-ას დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
პალატამ გამოარკვია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფედერალური სახაზინო დაწესებულების _ #31 გამოსასწორებელი კოლონიის შუამდგომლობას, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა შუამდგომლობის მოთხოვნის განსაზღვრა; გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის შემთხვევაში მხარეს ასევე დაევალა შემდეგი მტკიცებულებების წარმოდგენა: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლის, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც მოითხოვს; ბ) ცნობა სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ; გ) ცნობა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
ხარვეზის გამოსწორების ვადად სასამართლომ შუამდგომლობის ავტორს განუსაზღვრა 10 (ათი) დღე და განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა აღარ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოში დაბრუნებული შპს „სკს-ს“ საფოსტო განყოფილების აქტის თანახმად, გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 30 ივნისს.
შუამდგომლობის ავტორმა საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით დოკუმენტები საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2015 წლის 17 ივლისს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფედერალური სახაზინო დაწესებულების _ #31 გამოსასწორებელი კოლონიის შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს აგრეთვე სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება საქმეზე გამოიტანა პირველ ინსტანციაში. ეს სასამართლო შუამდგომლობას უგზავნის სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის განხილვაზე კომპეტენტურ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესი და განსაზღვრულია საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, თუ რა განიხილება მხარის ჯეროვან შეტყობინებად, რასაც შესაძლოა, გარკვეული სამართლებრივი შედეგები მოჰქვეს. 73-ე მუხლის მე-8 ნაწილს თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო აქტის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს 2015 წლის 30 ივნისს ჩაბარდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 1 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივლისს, პარასკევს, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები კი, ფოსტას ჩაბარდა 2015 წლის 17 ივლისს, რითაც მხარემ დაარღვია დადგენილი საპროცესო ვადა, გარდა აღნიშნულისა, საპროცესო ვადის დარღვევას ადასტურებს თავად შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც, რომლებიც 2015 წლის 15 ივლისითაა დათარიღებული. საგულისხმოა, რომ შუამდგომლობის ავტორს საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევა ან/და დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენა არ მოუთხოვია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ დაარღვია საპროცესო ვადა, პალატა თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფედერალური სახაზინო დაწესებულების _ #31 გამოსასწორებელი კოლონიის შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფედერალური სახაზინო დაწესებულების _ #31 გამოსასწორებელი კოლონიის შუამდგომლობა კომის რესპუბლიკის უსტ-ვიმსკის რაიონის აიკინსკის სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე