Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2226–შ–48-2015 10 სექტემბერი, 2015 წ.

ა-2226-შ-48-2015 ნ-ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას მოითხოვს მხარე – კანადის ონტარიოს იუსტიციის სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების /ბრძანების/ (საქმე # M5B 2C4DFO-15-12803-00 A1) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – შვილზე მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კანადის ონტარიოს იუსტიციის სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით /ბრძანებით/ (შემდეგში - კანადის სასამართლოს გადაწყვეტილება) საქმეზე # M5B 2C4DFO-15-12803-00 A1, გ. ნ-ეს (შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი ან ბავშვის მამა) მიენიჭა დროებითი ცალკეული მეურვეობა ბავშვზე. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით /ბრძანებით/ მოპასუხე თ. კ-ას (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის დედა; მცხ. საქართველო, ქ. თ-ი, ფ-ის ქ. .., ბინა ..), მისი შეტყობინების გარეშე, დაევალა მცირეწლოვანი ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნება მისი მამისათვის, როგორც მზრუნველისა და მეურვისათვის.

2. მცირეწლოვანი ბავშვის, … წლის .. დეკემბერს დაბადებული მ. ნ-ის, მამის განცხადებით, არასრულწლოვანი საქართველოში უკანონოდ დააკავა ბავშვის დედამ, რითაც დაირღვა ბავშვის მამის უფლება მეურვეობაზე და, „ჰააგის კონვენციის“ საფუძველზე, მან განაცხადი წარადგინა კანადის სასამართლოში, არასრულწლოვანის მამისათვის დაუყოვნებლივ დაბრუნების მოთხოვნით.

3. კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იგი შესულია კანონიერ ძალაში და არ გაუსაჩივრებია ბავშვის დედას.

4. შუამდგომლობის ავტორმა, რომელიც კანადის მოქალაქეა, უზენაეს სასამართლოს მომართა 2015 წლის 16 ივნისს და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - საერთაშორისო კერძო სამართლის კანონი) 68-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების /ბრძანების/ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

5. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, მასვე საკასაციო სასამართლოს 14 ივლისის, 29 ივლისის და 03 აგვისტოს განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და, საბოლოოდ, იმავე წლის 18 აგვისტოს შუამდგომლობის ავტორმა შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში მიიღო შუამდგომლობა.

6. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინება, რომლითაც წარმოებაშია მიღებული შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, მასვე განემარტა, რომ ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე ის, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, საქმის განხილვა მოხდებოდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მოწვევით, რადგან საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 71-მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ.

7. მოწინააღმდეგე მხარემ 4 სექტემბერს წარმოადგინა ვრცელი პოზიცია შუამდგომლობის ავტორის მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების (ბრძანების) ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებით, მას საქმის ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობისა და საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა მოსაზრებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის პოზიცია არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო კერძო სამართლის კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში-სსსკ) მოთხოვნებს.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით - გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. კანადის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც ითხოვს ბავშვის მამა, მიღებულია ბავშვის დედისათვის შეტყობინების გარეშე, ეს უკანასკნელი კანადის კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (იხ. განჩინების მე-9 პუნქტი).

11. კანადის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბავშვის დედის შეტყობინების გარეშე ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს გასაჩივრების პროცესუალური უფლების რეალიზაციის მიზნით, რაც არ შეესაბამება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს, რომელიც სასარჩელო სამართალწარმოებისას ეფუძნება მხარეთა უფლების სასამართლო წესით დაცვას შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, როდესაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (სსსკ მე-2, მე-4, მე-5 მუხლები).

12. სსსკ-ის მიხედვით დადგენილი საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვის თავისებურებანი (თავი XLIII) სამართალწარმოების ინკვიზიციური ელემენტებითაც ხასიათდება. „სასამართლო აქტიურად ერთვება მტკიცების პროცესში და შეუძლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები თავისი ინიციატივითაც დაადგინოს, კერძოდ, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივთ განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და, მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ, თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია საოჯახო ურთიერთობათა სპეციფიკითა და განსაკუთრებულობით (იხ. სუსგ # ას-904-944-2011, 18.10.2011). ამ საპროცესო ნორმების გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სასამართლო კანონით დადგენილი წესით შეატყობინებს და მოიწვევს მხარეებს სასამართლო სხდომაზე, ამასთან, სასამართლო უწყება მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის (სსსკ 70-ე მუხლი). ქართული საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად ადგენს სასამართლო უწყების შინაარსს, რომელიც მოიცავს მხარის გამოცხადების დროისა და ადგილის, განსახილველი საქმის დასახელების, დავის საგნის, დაბარებული პირის სტატუსის, გამოუცხადებლობის შედეგებზე და სხვა გარემოებებზე მითითებას (სსსკ 72-ე მუხლი).

13. საკასაციო სასამართლო მე-11 და მე-12 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რათა მართებულად წარმოჩინდეს საქართველოში დადგენილი სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების შესახებ.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის დასაბუთებას, რომ საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს ეწინააღმდეგება საქმის განხილვა მოპასუხის დაუსწრებლად, ასევე, მოწინააღმდეგის მითითებას სსსკ 394- ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, როგორც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველზე, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე თავის წერილობით მოსაზრებაში ყურადღებას ამახვილებს ასევე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და კონკრეტულ განჩინებებზე უთითებს (სუსგ # ა-1492-შ-47, 30.06.2014; # ა- 1399-შ - 45 – 2014 , 07.07.2014; # ა- 3667- შ - 97- 2013).

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საქმის მასალებშია მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ბავშვის მამის სარჩელი ბავშვის დედის წინააღმდეგ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, კანადიდან არამართლზომიერად გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვის კანადაში დაბრუნების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლია მე-15 პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსსკ 105-ე მუხლის პირველი ნაწილი), მაგრამ არსებული ფაქტობრივი გარემოებით დასტურდება, რომ ბავშვის მშობელთა შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა. საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ„ ქვეპუნქტით, უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

17. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს და, ასევე, ეყრდნობა „ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას“, რომლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანო - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საუკეთესო ინტერესების დაცვის ცნება თითოეული ბავშვის მიმართ მოქმედებს და უპირატესია მშობლის ინტერესზე.

18. „ბავშვის უფლებათა“ კონვენციის, საერთაშორისო კერძო სამართლის კანონისა და სსსკ-ის მოხმობილი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც არ აკმაყოფილებს ბავშვის მამის მოთხოვნას კანადის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ-ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს იუსტიციის სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების /ბრძანების/ (საქმე # M5B 2C4DFO-15-12803-00 A1) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე