საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2269-შ-50-2015 10 სექტემბერი, 2015წ.
ა-2269-შ-50-2015 ჯ-ა ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მზია თოდუა,
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ც. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ტ-ი
დავის საგანი - მშობლის უფლების ჩამორთმევა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე – მოსკოვის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის სააპელაციო განჩინების (საქმე # 33- 21802) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც. ჯ-ა და გ. ტ-ი 2003 წლის 23 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში; მათ ... წლის .. ნოემბერს შეეძინათ ქალიშვილი - ა.
2. ქ. მოსკოვის სოკოლის რაიონის # 78 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, ც. ჯ-ასა და გ. ტ-ის ქორწინება გაუქმდა.
3. ც. ჯ-ამ სარჩელი აღძრა გ. ტ-ის წინააღმდეგ, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე; მოსარჩელე უთითებდა, რომ განქორწინების შემდეგ, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მოპასუხე, გ. ტ-ს არ ჰქონდა ურთიერთობა შვილთან, თავს არიდებდა მასთან შეხვედრას, არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში და არც მატერიალურად ეხმარებოდა. მოსარჩელის პოზიციას მხარს უჭერდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი.
4. მოსკოვის ოლქის კაშირის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გ. ტ-ი არ გამოცხადდა, ამასთან, მან წარადგინა განცხადება, სადაც ითხოვდა საქმის მის დაუსწრებლად განხილვას, ადასტურებდა, რომ თანახმა იყო ჩამორთმეოდა მშობლის უფლება შვილის - ა-ს მიმართ.
5. კაშირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც გამოტანილია გ. ტ-ის დაუსწრებლად, არ დაკმაყოფილდა ც. ჯ-ას სარჩელი.
6. ც. ჯ-ამ მოსკოვის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება.
7. ც. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება და, 2014 წლის 27 ოქტომბერს მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, გ. ტ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება.
8. 2015 წლის 18 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლომით მომართა ც. ჯ-ამ და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა საქმეზე N 33-21802 მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ სურს საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, რისთვისაც უნდა წარადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ამ მიზნით სჭირდება ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ც. ჯ-ას შუამდგოლობა.
11. მე-10 პუნქტში მითითებული განჩინება თანდართული მასალებით, 2015 წლის 08 ივლისს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს-გ. ტ-ს, რომელსაც გზავნილი ჩაბარდა ამავე წლის 16 ივლისს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს; უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
13. ამ განჩინების მე-12 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - გ. ტ-ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).
14. კონკრეტულ შემთხვევაში, შუამდგომლობას თან ერთვის მოსკოვის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის სააპელაციო განჩინების (საქმე # 33- 21802) სრული ტექსტი, რომლის ორიგინალი დამოწმებულია სახელმწიფო გერბიანი ბეჭდით და ხელმოწერილია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნილი ტექსტი დამოწმებულია სანოტარო წესით.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 აპრილის კონვენცია საქართველოსთვის ძალაშია 1996 წლის 11 ივნისიდან. კონვენციის მონაწილე მხარე არის რუსეთი, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სასამართლო აქტი, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი პირის მიერ და გერბიანი ბეჭდით, საქართველოს, როგორც მინსკის კონვენციის მონაწილე მხარის, მიერ მიიღება რაიმე სპეციალური მოწმობის გარეშე და არ საჭიროებს დამატებით სხვა წესით დამოწმებას.
16. მე-14 პუნქტში მითითებული განჩინებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2014 წლის 27 ოქტომბერს.
17. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ მე-14 პუნქტში მითითებული განჩინება აღსრულებულია რუსეთში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მოსკოვის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის სააპელაციო განჩინება (საქმე # 33-21802), რომლითაც გ. ტ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება ა. ტ-ის მიმართ.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე