Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ა-2511-შ-51-2015 18 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ-ა ნ--ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ--ლ ნ--ი

განხილვის საგანი – იერუსალიმის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

იერუსალიმის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ქორწინება გ--ლ ნ--სა და დ--ა ნ--ას შორის.

2015 წლის 2 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ--ა ნ--ამ და მოითხოვა იერუსალიმის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით დ-ა ნ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინა აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე თარგმნილი ცნობა იერუსალიმის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ დ. ნ--ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2015 წლის 9 ივლისს.

დ--ა ნ--ას განცხადების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაურძელდა 30 დღით. აღნიშნულის თაობაზე, დ. ნ--ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2015 წლის 29 ივლისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა დაიწყო 2015 წლის 10 ივლისს და დასრულდა 2015 წლის 31 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 10 ივლისს და დასრულდა 2015 წლის 31 აგვისტოს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, არსებულ ფაქტობრივ ვითარებაში, კერძოდ, იმის გამო, რომ დ--ა ნ--ამ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო, არსებობს მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 399-ე, 372-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ--ა ნ--ას შუამდგომლობა იერუსალიმის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მზია თოდუა