საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2545-შ-53-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი,
ა-2545-შ-53-2015 ნ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მზია თოდუა,
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ-ი
დავის საგანი - განქორწინება
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე – გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება Az: 567F 6835/13
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საოჯახო საქმეზე # Az: 567F 6835/13, შეწყდა მიუნხენის მმაჩის დაწესებულებაში, 2009 წლის 09 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება ლ. ნ-სა და ა. ზ-ს შორის (ქორწინების რეესტრი N 602/2009). ამავე გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის ურთიერთმიმართ უზრუნველყოფის კომპენსაცია არ შემდგარა, მათვე საპროცესო ხარჯები დაეკისრათ ერთმანეთის სასარგებლოდ.
2. ლ. ნ-მა 2015 წლის 03 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას, მხარეებს სასამართლოში წარმოადგენდნენ ადვოკატები, ასევე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 11 სექტემბერს.
4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ლ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების (საოჯახო საქმე # Az: 567F 6835/13) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განსახილველად მიიღო.
6. ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით 2015 წლის 16 ივლისს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ა. ზ-ს, რომელსაც გზავნილი ჩაბარდა ამავე წლის 27 ივლისს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების (# Az: 567F 6835/13) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს წარმოადგენდნენ ადვოკატები; მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და იგი გადაწყვეტილების მიღების დღესვე შევიდა კანონიერ ძალაში (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - ა. ზ-ს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება (Az: 567F 6835/13), რომლის საფუძველზეც შეწყდა ლ. ნ-სა და ა. ზ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე