Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2834-შ-59-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი,

ა-2834-შ-59-2015 მ-ო ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მზია თოდუა,

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. მ-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ო

დავის საგანი – განქორწინება

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე – აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის 2004 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება N 34771/03.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის 2004 წლის 09 იანვრის N 34771/03 გადაწყვეტილებით ქ. მ-ოსა (მოსარჩელე) და ე. მ-ოს (მოპასუხე) შორის ქორწინება შეწყვეტილია. მოსარჩელეს მიეცა უფლება შეენარჩუნებინა მისი ამჟამინდელი გვარი - მ-ო.

2. ქ. მ-ომ 2015 წლის 21 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოსარჩელე მხარე - ქ. მ-ო, რომელიც შუამდგომლობის ავტორია, გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ხოლო მოპასუხეს, რომელსაც პირადად ჩაბარდა სარჩელი ნიუ-იორკის შტატში, არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არ გამოუყენებია შეპასუხების უფლება.

4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილია, რომ ქ. მ-ოსა და ე. მ-ოს შორის ქორწინება შეწყდა ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელის მიტოვების გამო ერთ წელზე მეტი ვადით, რაც არ იყო გამოწყვეული მოპასუხის სამხედრო სტატუსით.

5. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის 2004 წლის 09 იანვრის N 34771/03 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 09 იანვარს და აღსრულებულია აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით ქ. მ-ოს შუამდგომლობა ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განსახილველად მიიღო.

7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება თანდართული მასალებით, 2015 წლის 04 აგვისტოს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ე. მ-ოს, რომელსაც გზავნილი ჩაბარდა ამავე წლის 17 აგვისტოს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ქ. მ-ოს შუამდგომლობა ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის 2004 წლის 09 იანვრის N 34771/03 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა ქ. მ-ომ, მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა ე. მ-ოს მიერ ქ. მ-ოს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვების საფუძვლით, რაც არ იყო გამოწვეული მოპასუხის სამხედრო სტატუსით; ე. მ-ოს სასამართლომ პირადად ჩააბარა სარჩელი, იგი არ გამოცხადდა ქინგსის ოლქის სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, არ გამოიყენა შეპასუხების უფლება (იხ. ამ განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტები);

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - ე. მ-ოს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის ცნობაც საქართველოს სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს, დათარიღებულია 2004 წლის 09 იანვრით და უკვე აღსრულებულია აშშ-ს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს ამ გადაწყვეტილების საქართველოს მიერ ცნობისათვის კანონმდებლობით დამაბრკოლებელი გარემოება.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. მ-ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის 2004 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება N 34771/03, რომლის საფუძველზეც შეწყვეტილია ქ. მ-ოსა და ე. მ-ოს ქორწინება.

3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე