Facebook Twitter

საქმე №ა-3234-ბ-12-2015 25 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ჰ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორი ი.გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარი სამმართველო, შ.ჭ-ძე, ზ. მ-ძე, ვ. კ-შვილი

გასაჩივრებული განჩინებები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრისა და 2015 წლის 8 ივნისის განჩინებები

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ-რმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ.ჭ-ძის, ზ. მ-ძისა და ვ. (ვ.ნ) კ-შვილის (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა შემდეგი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიმართ შპს „ჰ-ის“ დირექტორ ი.გ-ძის 2009 წლის 3 დეკემბრის N02-204 წერილის ბათილად ცნობა, შსს გურიის სამხარეო სამმართველოს, მისი ყოფილი უფროსის - შ.ჭ-ძის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის - ზ.მ-ძისა და ტექნიკური ზედამხედველობის უფროსის - ვ.კ-ლისათვის სოლიდარულად 326831,90 ლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელის არ ცნეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „ჰ-ის“ დირექტორ დ. შ-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე, შპს „ჰ-ის“ სარჩელის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ.ჭ-ძის, ზ. მ-ძისა და ვ. (ვ.) კ-შვილის მიმართ, შპს „ჰ-ის“ დირექტორ ი.გ-ძის 2009 წლის 3 დეკემბრის N02-204 წერილის ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, კასატორ შპს „ჰ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 2014 წლის 17 ივლისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8 000 ლარი და განემარტა, რომ განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორმა ი.გ-ძემ, მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს კვლავ მომართა განცხადებით მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორმა ი.გ-ძემ და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრისა და 2015 წლის 8 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმის წარმოების განახლებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. განჩინების გაცნობის შემდგომ განმცხადებელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლის 2015 წლის 30 ივლისის ამონაწერით გასწორდა რეესტრის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და საზოგადოების დირექტორ დ.შ-შვილის უფლებამოსილების შეზღუდვა აღირიცხა რეესტრის მონაცემებში, რომლის საფუძველიც საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 22 სექტემბრის #1 კრების ოქმია, ეს გარემოება მოწმობს, რომ საკასაციო სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის დროისათვის დ.შ-შვილის უფლებამოსილება იყო შეზღუდული, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილების გადამეტებამ საზოგადოებას მიაყენა ზიანი, რადგანაც საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, დავა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „ჰ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორის ი.გ-ძის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრისა და 2015 წლის 8 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე (სსსკ 422.1 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები). მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი, მიიჩნევს იმას, რომ საზოგადოების დირექტორ დ.შეყლაშვილს პარტნიორთა კრების 2014 წლის 22 სექტემბრის ოქმით შეზღუდული ჰქონდა უფლებამოსილება, რაც წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმის წარმოების განახლებაზე უარი მხარეს იმ საფუძვლით განუცხადა, რომ შეზღუდვა არ იყო რეგისტრირებული. სწორედ ამ გარემოების შეტყობის შემდგომ მიმართა ი.გ-ძემ სარეგისტრაციო ორგანოს, რომელმაც, თავის მხრივ, 2015 წლის 30 ივლისის ამონაწერით გაასწორა ტექნიკური ხარვეზი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული საფუძვლებით მხარე საქმის წარმოების განახლებას უკვე მოითხოვდა, რაც არ იქნა გაზიარებული საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით. პალატა კვლავ მიუთითებს აღნიშნული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაზე, რომელიც ემყარება საჯარო რეესტრში ამა თუ იმ უფლება/შეზღუდვის სამართლებრივ შედეგებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეზღუდვის საფუძვლის წარმოშობისა (პარტნიორთა 2014 წლის 22 სექტემბრის კრების #... ოქმი), მესამე პირების, მათ შორის სასამართლოსათვის რეგისტრაციასავალდებულო უფლებას სამართლებრივი ძალა გააჩნია რეგისტრაციის მომენტიდან.

წარმოდგენილი მტკიცებულებით (ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან) დასტურდება, რომ უფლებამოსილება დ.შ-შვილს 2015 წლის 30 ივლისიდან შეეზღუდა (ამ დროს მოხდა შეზღუდვის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში). საპირისპირო ვითარებაშიც კი, თუკი გაზიარებულ იქნება განმცხადებლის პოზიცია ტექნიკური ხარვეზის არსებობის თაობაზე. განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობა მაინც ვერ იარსებებდა, რადგანაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მითითებული ნორმის საფუძველზე რეესტრში რეგისტრირებული უფლების ნაკლის თაობაზე განმცხადებლისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2015 წლის 7 აპრილს, როდესაც მან პირველად მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. რეესტრის საჯაროობის საყოველთაო პრინციპის გათვალისწინებით, უზუსტობის არცოდნის ფაქტი ვერ დაემყარება მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას რეგისტრირებული ჩანაწერის მიმართ და ვერ იქნება გაზიარებული მსჯელობა, რომ მან ტექნიკური ხარვეზის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განჩინების გაცნობის შედეგად შეიტყო. ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებული კანონის ცოდნის პრეზუმფცია.

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ი.გ-ძისათვის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის რეგისტრაციის განუხორციელებლობის ფაქტის თაობაზე ცნობილი იყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების სარეგისტრაციოდ წარდგენის შემდგომ, შესაბამისად, ი.გ-ძეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, განცხადებაში მითითებული გარემოება სადავოდ გაეხადა ჯერ კიდევ 2015 წლის 7 აპრილს (საქმის წარმოების განახლების თაობაზე თავდაპირველი განცხადების წარმოდგენისას).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნორმაში მითითებული საფუძვლებით (რასაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

განცხადებაში მითითებული საკითხის თუნდაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონტექსტში შეფასების შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა განცხადების დაშვების წინაპირობა, რადგანაც აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე სამართლებრივი შეფასება, ბუნებრივია არ ეხება განცხადების არსებით საფუძვლიანობას, არამედ, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, ობიექტურად თუ როდის იყო ცნობილი განმცხადებლისათვის მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები. რადგანაც განცხადების განსახილველად დაშვების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ამ განცხადების სასამართლოში წარდგენის ვადის დაცვა, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, – მას ან მის მხარდამჭერს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.

მოცემულ შემთხვევაში, უფლების რეგისტრაციის ხარვეზის შეტყობის უკიდურეს ვადად საკასაციო პალატა მიიჩნევს 2015 წლის 25 მარტს, როდესაც ი.გ-ძის უფლებამოსილ წარმომადგენელს საკასაციო პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა და არა იმ მომენტიდან, როდესაც ი.გ-ძე გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განჩინებას.

წინამდებარე განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2015 წლის 27 აგვისტოს, რაც უდავოდ მოწმობს, რომ დარღვეულია განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, საპროცესო წესების დაცვით მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება, რომელთა დაუცველობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორის ი.გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრისა და 2015 წლის 8 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობის, ასევე საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად მიჩნევის გამო დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე