Facebook Twitter

¹ბს-888-474(კ-05) 9 მარტი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ.სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-მა 17.09.04წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. აქტით ინდ. მეწარმე «გ. გ-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 282 253.69 ლარი. მოსარჩელის განცხადებით, საწარმოს მეპატრონე გარდაიცვალა 2004წ. თებერვალში და სამკვიდრო გაიხსნა მის მემკვიდრეებზე, მათ შორის‚ მოსარჩელეზე, რის გამოც იგი სათანადო მოსარჩელედ უნდა ჩაითვალოს. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი უკანონოა, იგი შედგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე და არ ემყარება საწარმოს რეალურ შემოსავლებს. საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის გარეშე და მას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ინდ. მეწარმის დავალიანება. საგადასახადო შემოწმება ფაქტობრივად არ ჩატარებულა, მას არ ესწრებოდა მეწარმე, რაც მოსარჩელემ, აქტის შედგენის პროცესუალურ დარღვევად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე‚ მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 26.10.04წ გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ყველა თანმდევი შედეგით გორის საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.04.05წ განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 26.10.04წ. გადაწყვეტილება, სადავო საკითხების გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. საგადასახადო შემოწმების აქტი და გორის საგადასახადო ინსპექციას ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის გამოტანისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, თუმცა მიიჩნია, რომ აღნიშნულის გამო რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა გაეუქმებინა და საგადასახადო ინსპექციისათვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და მის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალებინა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და შესაბამისად, უსაფუძვლოა დასკვნა იმის შესახებ, თუ რა შედეგი დადგებოდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს სადავო აქტის მიღებისას არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. საგადასახადო ინსპექცია დაეყრდნო გორის ენერგოკომპანიიდან მიღებულ ცნობას, საიდანაც ირკვეოდა, რომ ქვეშის ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სოფლებს ელექტროენერგია 2002წ. 1 აგვისტოდან 2003წ. ივლისამდე მიეწოდებათ გრაფიკით. გორის საგადასახადო ინსპექციამ ჩათვალა, რომ ელექტროენერგიას აწვდიდა ........ ელექტროსადგური და აღნიშნულის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ ინდ.მეწარმე «გ. გ-ზე» დარიცხული თანხა სინამდვილეს შეეფერება. საგადასახადო ინსპექციას არ გაურკვევია, როდის აწვდიდა ........ ჰიდროელექტროსადგური სოფლებს ელექტროენერგიას, საერთოდ მუშაობდა თუ არა აღნიშნული ელექტროსადგური. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის დარიცხვა არ უნდა მომხდარიყო მხოლოდ შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის საფუძველზე. საგადასახადო ინსპექცია ვალდებული იყო მოეხდინა გასვლითი საგადასახადო შემოწმებაც და შეემოწმებინა ინდ. მეწარმე «გ. გ-ის» საბუღალტრო დოკუმენტაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.04.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინებაში არასწორად უთითებს საგადასახადო ინსპექციის ვალდებულების შესახებ, კერძოდ, სააპელაციო პალატა არ აკონკრეტბს როგორი უნდა ყოფილიყო გასვლით შემოწმება: გეგმიური თუ საკონტროლო. კასატორი თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს უფლება გააჩნდა მოკვლეული მასალების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთა და სხვა პირთა გამოკითხვის, გადასახადით დასაბეგრი და შემოსავლის (მოგების) მისაღებად გამოყენებული ობიექტების დათვალიერება-გამოკვლევებითა და სხვა ფორმით, რომელიც საგადასახადო კოდექსით არ არის განსაზღვრული, მოეხდინა თანხის დარიცხვა. კასატორმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი, რომელიც წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სემეკის ლიცენზიის რეესტრის გაცემის წესის შესახებ.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება სსკ-ის 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა გაუქმდეს და ინდ.მეწარმე «გ. გ-ს» 07.04.04წ. აქტით დაკისრებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა უნდა დაეკისროს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-გამარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. საგადასახადო შემოწმების აქტი და აქტის გამომცემ ორგანოს ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშეა გამოცემული. სადავო თანხის დაკისრების კანონიერების შემოწმებისთვის აუცილებელია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება საგადასახადო ვალდებულების ზუსტი განსაზღვრა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გორის რაიონული სასამართლოს 23.03.04წ. ბრძანებით გორის საგადასახადო ინსპექციას ინდ. მეწარმე «გ. გ-ის” ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმება დაევალა. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემულ იქნა ¹61/01 26.03.04წ. ბრძანება, რომლის თანახმად, კონტროლის განყოფილების ინსპექტორებს აღნიშნულ საწარმოში გასვლითი საგადასახადო შემოწმება უნდა ჩაეტარებინათ. სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ინდ. მეწარმე «გ. გ-ს» დაერიცხა 282 253. 69 ლარის გადახდა, აქედან, სოციალური დაზღვევის ანარიცხებში ძირითადი თანხა 90515.74 ლარი, ჯარიმის სახით 22628.94 ლარი, საურავი _ 49960.25 ლარი, სულ 163 104.94 ლარი დაერიცხა; საშემოსავლო გადასახადის სახით დარიცხულია ძირითადი თანხა 66735.76 ლარი, ჯარიმა _ 12687.23 ლარი, საურავი 39725.76 ლარი, სულ 119 148.75 ლარი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი საგადასახადო აქტით შეუძლებელია სადავო გადასახადის დარიცხვის კანონიერების შემოწმება. სადავო აქტის თანახმად, ინდ. მეწარმე «გ. გ-ი” ამუშავებდა «........” ჰიდროელექტროსადგურს და გამომუშავებულ ელექტროენერგიას 1 კვტ. 10 თეთრად აწვდიდა ცხრა სოფლის მოსახლეობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ელექტროსადგური « ........ « საერთო ქსელში გორის ენერგოკომპანიასთან შეთანხმების გარეშე ვერ ჩაერთვებოდა. საგადასახადო ინსპექციას გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის გორის რაიონის სამმართველოს ოფიციალური მონაცემების საფუძველზე არ დაუდგენია, როდის, რამდენი საათის განმავლობაში და რა ოდენობის ელექტროენერგიას აწვდიდა ელექტროსადგური « ......... « სადავო აქტში მითითებულ აბონენტებს. აღნიშნული ენერგოკომპანიის მიერ გაცემული და საქმეში დაცული ცნობით მხოლოდ ის გარემოება დგინდება, რომ ელექტროენერგია მიეწოდებოდათ სოფლებს გრაფიკით, ცნობით არ დასტურდება, თუ ვის მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ სოფლები.

გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ დადგენილი არ არის რა სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა ელექტროსადგური და რა დროის განმავლობაში მუშაობდა იგი. საგადასახადო ორგანომ ელექტროსადგურის მთელი სიმძლავრით მუშაობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე და არ გამოიკვლია დამატებითი მტკიცებულებები. საქმეში დაცულია აღმოსავლეთ საქართველოს ფასების ინსპექციის 18.11.03წ. აქტი, რომლითაც დადგენილია, რომ 2001-2002 წწ. ინდ. მეწარმე «გ. გ-ის» ელექტროსადგურს ელექტროენერგია არ უწარმოებია, ხოლო 2003წ. 26 ივნისიდან ელექტროსადგური ფაქტიურად გათიშული იქნა საქართველოს ენერგო სისტემის საბითუმო ბაზრიდან. საგადასახადო ორგანომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ « .......... ” მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში აწვდიდა ელექტროენერგიას.

საკასაციო პალატამ ყურადღებამ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტით დადგენილია მეწარმის შესაძლო და არა ზუსტად განსაზღვრული შემოსავალი. გადასახადის დაბეგვრის ობიექტის დადგენის და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის საგადასახადო ორგანომ არ გამოიყენა საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო შემოწმების განხორციელების საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფორმები, არ შეისწავლა საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია. სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა ასევე საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგები ფორმდება აქტით, რომლებსაც ხელს აწერენ შემმოწმებელი და გადასახადის გადამხდელი. ამ უკანასკნელის მიერ აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი მეწარმის მიერ ხელმოწერილი არ არის და აქტს თან არ ერთვის შენიშვნა, თუ რა მიზეზით განაცხადა მეწარმემ აქტის ხელმოწერაზე უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. საგადასახადო შემოწმების აქტი ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და გამოსცეს ახალი აქტი, რადგან სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი-საგადასახადო ვალდებულების სახით დარიცხული თანხის გადახდის ვალდებულება. სზაკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამინისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონი არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზებას უკავშირებს კანონის ამოქმედებას. კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციული აქტით ინდ. მეწარმე «გ. გ-ს” სადავო გადასახადი დარიცხული აქვს 07.04.04წ., აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაზე არ ვრცელდება «ამინისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2001წ. 1 იანვრიდან 2004წ. 1 იანვრამდე ინდ. მეწარმე «გ. გ-ის” სამეწარმეო საქმიანობის შემოწმება არ ეწინააღმდეგება «ამინისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის 1-ელ და მე-4 პუნქტებს.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.04.05წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.