Facebook Twitter

10 სექტემბერი, 2015 წელი

საქმე№ა-863-შ-20-2015 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ფ-ეს ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად არსებული ძირითადი ვალის თანხა 2 500 000 რუბლის ოდენობით, სესხით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 34 588 რუბლისა და 65 კაპიკის ოდენობით, 2010 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 15 აპრილამდე პერიოდში სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 605 572 რუბლისა და 92 კაპიკის ოდენობით, 2013 წლის 15 აპრილიდან 2014 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 280 730 რუბლისა და 80 კაპიკის ოდენობით, სულ 3 420 892 (სამი მილიონ ოთხას ოცი ათას რვაას ოთხმოცდათორმეტი) რუბლი და 37 კაპიკი.

ა. შ-ის წარმომადგენელმა დ. კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ა. შ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე მ. ფ-ეს გაეგზავნა 2015 წლის 22 აპრილს და ჩაბარდა 2015 წლის 3 მაისს.

2015 წლის 8 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა მ. ფ-ის წარმომადგენელმა თ. წ-მა სადაც მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის პროცესის თაობაზე მისი მარწმუნებელი ინფორმირებული არ იყო, ასევე, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მ. ფ-ეს სასამართლოსგან არ მიუღია სარჩელი თანდართული მტკიცებულებებით. მ. ფ-ის წარმომადგენლის განცხადებით ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ინფორმაცია, რომ 2014 წლის 12 და 21 აგვისტოს მ. ფ-ეს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნა სასამართლო უწყება და საქმის მასალები, სიმართლეს არ შეესაბამება. ელექტრონულ ფოსტაზე მ. ფ-ეს არაფერი მიუღია გარდა 2014 წლის 27 ივნისს გაგზავნილი უწყებისა, რომელიც ეხებოდა 2014 წლის 21 ივლისის პროცესს. ასევე, სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული პირი ვინმე დ-ე, რომელმაც, სასამართლოს ინფორმაციით, მ. ფ-ისათვის სოფ. ა-ში გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაიბარა, არ წარმოადგენს მ. ფ-ის ნათესავს. მ. ფ-ეს არ ჩაბარებია ასევე 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება ვერ გაასაჩივრა.

2015 წლის 8 მაისს თ. წ-მა წარმოადგინა ასევე განცხადება მოსამართლის აცილების შესახებ.

2015 წლის 9 ივლისს მ. ფ-ის წარმომადგენელმა დამატებით წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

მ. ფ-ის წარმომადგენელს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა არ მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ფ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

უნდა დაკმაყოფილდეს, აგრეთვე, ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ფ-ეს ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად არსებული ძირითადი ვალის თანხა 2 500 000 რუბლის ოდენობით, სესხით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 34 588 რუბლისა და 65 კაპიკის ოდენობით, 2010 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 15 აპრილამდე პერიოდში სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 605 572 რუბლისა და 92 კაპიკის ოდენობით, 2013 წლის 15 აპრილიდან 2014 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 280 730 რუბლისა და 80 კაპიკის ოდენობით, სულ 3 420 892 (სამი მილიონ ოთხას ოცი ათას რვაას ოთხმოცდათორმეტი) რუბლი და 37 კაპიკი.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2014 წლის 9 აპრილს მ. ფ-ემ განცხადებით მიმართა ორენბურგის სასამართლოს და მოითხოვა 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ასევე, მიუთითა თავისი მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (იხ. ს.ფ. 25-26, 57-58). ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით მ. ფ-ეს უკან დაუბრუნდა მის მიერ წარდგენილი განცხადება (იხ. ს.ფ. 106, 133-134). ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისს განჩინებით ა. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, განახლდა საქმის წარმოება და დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2014 წლის 21 ივლისს 14.00 საათზე (იხ. ს.ფ. 47-48, 71-72). 2014 წლის 27 ივნისს მ. ფ-ეს სასამართლომ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნა უწყება, რომლითაც აცნობა აღნიშნული პროცესის თაობაზე (იხ. ს.ფ. 49-50, 131-132). 2014 წლის 17 ივლისს მ. ფ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის სარჩელისა და საქმის მასალების გაგზავნა (იხ. ს.ფ. 37-39, 112-116). ქ. ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისს მიიღო განჩინება საქმის განხილვის ვადის გაგრძელებისა და მოპასუხისათვის საქმის მასალების გაგზავნის თაობაზე. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ წინასწარი სასამართლო სხდომა დაინიშნა 2014 წლის 18 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 52, 75). 2014 წლის 21 ივლისს მ. ფ-ეს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომლითაც ეცნობა, რომ სასამართლო სხდომა დაინიშნა 2014 წლის 18 აგვისტოს 11.00 საათზე (იხ. ს.ფ. 54, 77).

რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ მ. ფ-ეს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნა ა. შ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელი და შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს 11.00 საათზე დაიწყება სამოქალაქო საქმის განხილვა. ასევე, 2014 წლის 21 აგვისტოს მ. ფ-ეს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა დაზუსტებული სარჩელი და შეტყობინება საქმის განხილვის შესახებ 2014 წლის 9 სექტემბერს 14.00 საათზე, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დასტურდება სქრინშოტით ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს ოფიციალური საიტიდან, ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტით (იხ. ს.ფ. 56, 79). სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მ. ფ-ეს ასევე გაეგზავნა სასამართლო უწყება, სარჩელი და დოკუმენტაცია მის მიერ მითითებულ საცხოვრებელი ადგილის მისამართზე – ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ა-ი. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტები ჩაბარდა მ. ფ-ის ნათესავს დ. დ-ეს.

მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ 12 და 21 აგვისტოს მ. ფ-ისათვის ელ. ფოსტით უწყებისა და საქმის მასალების გაგზავნის ფაქტს, ასევე დ. დ-ის ნათესაურ კავშირს მ. ფ-ესთან.

საკასაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არსებული პირდაპირი მითითება 12 და 21 აგვისტოს მ. ფ-ისათვის ელ. ფოსტით სასამართლო უწყებებისა და საქმის მასალების გაგზავნის თაობაზე, ასევე სასამართლოდან წარმოდგენილი უწყებები 2014 წლის 18 აგვისტოსა და 9 სექტემბრის სასამართლო პროცესებზე მ. ფ-ის მოწვევის შესახებ, ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხე მ. ფ-ე მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის თაობაზე დროულად ინფორმირებული იყო. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც განცხადების გარდა, რომ საქმის მასალები და სასამართლო უწყებები არ მიუღია, არ მიუთითებია რაიმე გარემოებაზე, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ან გააქარწყლებდა ზემოაღნიშნულ პრეზუმფციას. პირიქით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ფაქტები, რომ იგი სასამართლოს მიერ საქმის განახლების შემდეგ მუდმივ კომუნიკაციაში (წერილობით, ელექტრონულ, სატელეფონო) იმყოფებოდა სასამართლოსთან, არაერთხელ ესაუბრა ტელეფონით სასამართლო მოხელეებს, მათ შორის 2014 წლის 5 სექტემბერს, ადასტურებს მხარის ინფორმირებულობას სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს მიერ დანიშნულ არცერთ პროცესზე არ გამოცხადებულა (მათ შორის, არც 2014 წლის 21 ივლისის პროცესზე, რომლის თაობაზეც მისივე ახსნა-განმარტების თანახმად, ინფორმირებული იყო) და არც საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ რაიმე ინფორმაცია წარუდგენია სასამართლოსთვის. მ. ფ-ის წარმომადგენელი უზენაეს სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას ხელს უშლიდა მკაცრი სავიზო რეგულაციები, თუმცა იგი არ მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესახებ მან ორენბურგის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი ინფორმაცია. მოწინააღმდეგე მხარე არ მიუთითებს ასევე, 2014 წლის 5 სექტემბრის შემდეგ ორენბურგის რაიონულ სასამართლოსთან რაიმე კომუნიკაციაზე სასამართლო პროცესის მსვლელობასთან ან შედეგთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის დროს მის მიმართ განხორციელდა საპროცესო-სამართლებრივი დარღვევები, ასევე მისთვის უცნობი იყო 2014 წლის 9 სექტემბრის სასამართლო სხდომის თარიღი და საქმის მასალები.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 17 ოქტომბერს და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ განხორციელდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ფ-ის წარმომადგენლის თ. წ-ის 2015 წლის 9 ივლისის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ 2015 წლის 8 მაისის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ა. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ფ-ეს ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად არსებული ძირითადი ვალის თანხა 2 500 000 რუბლის ოდენობით, სესხით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 34 588 რუბლისა და 65 კაპიკის ოდენობით, 2010 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 15 აპრილამდე პერიოდში სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 605 572 რუბლისა და 92 კაპიკის ოდენობით, 2013 წლის 15 აპრილიდან 2014 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის პროცენტის თანხა – 280 730 რუბლისა და 80 კაპიკის ოდენობით, სულ 3 420 892 (სამი მილიონ ოთხას ოცი ათას რვაას ოთხმოცდათორმეტი) რუბლი და 37 კაპიკი; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე