Facebook Twitter

საქმე №ას-1024-982-2014 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. წ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ა-ი (მოპასუხე)

მესამე პირი _ მ. პ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. წ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა თ. ა-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) 2012 წლის 16 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის _ 4 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 1 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო იმ საფუძვლით, რომ ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია, ხოლო 3 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით განმარტა, რომ ეს თანხა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს იქნა გადახდილი, ხოლო 1 000 აშშ დოლარი, მოსარჩელის თანხმობით გადასცა მ. პ-ს (შემდგომში _ მესამე პირი), რითაც შეასრულა მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ნასყიდობის სრული თანხის _ 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

3. მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან, მიუთითა მას და მოსარჩელეს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომლის ფარგლებშიც თავად მოძებნა უძრავი ქონების შეძენის მსურველი პირი _ მოპასუხე. მესამე პირი ესწრებოდა ხელშეკრულების შედგენას, როგორც მოწმე და დაადასტურა მოპასუხის მიერ 3 000 აშშ დოლარის ხელშეკრულების ხელმოწერისას გადაცემა. ეს თანხა მოსარჩელემ ასესხა მესამე პირს და თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელს სწორედ მესამე პირი წარმოადგენს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 4 000 აშშ დოლარის გადახდა.

5. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 აშშ დოლარის გადახდა.

6.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2012 წლის 16 მარტის სანოტარო წესით გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესავალ ნაწილში არსებული მითითება, რომლის თანახმადაც მესამე პირმა, მოსარჩელის თხოვნით, ნოტარიუსი მიიყვანა მის საცხოვრებელ მისამართზე, ადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მესამე პირი წარმოადგენდა მოსარჩელის ნდობით აღჭურვილ პირს და უშუალოდ მონაწილეობდა და ესწრებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესს.

6.1.2. 2012 წლის 16 მარტს მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №..., რომელიც ნოტარიუსის მიერ შედგენილ იქნა მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. ხელშეკრულებაში მოწმედ მიეთითა მესამე პირი. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველი უძრავ ქონებაზე საკუთრებას იძენდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მყიდველის რეგისტრაციის დღიდან, რისთვისაც აუცილებელი იყო ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარისა და განცხადების წარდგენა რეგისტრაციის მოთხოვნით. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 4 000 აშშ დოლარად, აქედან 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს, ხოლო დარჩენილი 1 000 (ათასი) აშშ დოლარი - არა უგვიანეს 2012 წლის 17 მარტისა, რომლის დროსაც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი.

6.1.3. 2013 წლის 24 ივლისს შედგენილი ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ, 2012 წლის 16 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის ფასი 10 000 ლარი გადასცა მესამე პირს.

6.1.4. მესამე პირის მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, მან მოპასუხისაგან 2012 წლის 16 მარტს აიღო ფულადი თანხა სამ ნაწილად, სულ 10 000 ლარი.

6.1.5. საჯარო რეესტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით უძრავი ქონების (მდებარე გორის რაიონი სოფელი ბ-ი, საკადასტრო კოდით №...) მესაკუთრედ მითითებულია მოპასუხე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად _ 16.03.2012წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოგვიანებით ამავე ქონებაზე თანამესაკუთრედ აღირიცხა კ.გ. - 15.10.2012წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

6.1.6. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით პალატა დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ დასახელებული მესამე პირისა და ამავდროულად სანოტარო აქტის გაფორმებისას მყოფი მოწმის ახსნა-განმარტება. ამასთან მოწმე თავის ახსნა-განმარტებებში ადასტურებდა, რომ 3 000 აშშ დოლარი მოპასუხემ მოსარჩელეს ნამდვილად გადაუხადა.

6.1.7. სასამართლომ მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების დათქმა _ „3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილი უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს“, უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ თანხის გადახდა და ხელშეკრულების გაფორმება უნდა მომხდარიყო ერთდროულად, რაც თავისი შინაარსით ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ გადახდილ იქნა 3 000 აშშ დოლარი, რისთვისაც დამატებით მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის საჭიროება არ არსებობდა და აღნიშნულის აუცილებლობა არც თავად ნასყიდობის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობდა.

6.1.8. გაზიარებულ იქნა აპელანტის მსჯელობა, რომლის თანახმადაც სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ აპელანტმა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის შემდეგ, 2012 წლის 12 ოქტომბერს, ხელწერილი მესამე პირისათვის 10 000 ლარის გადაცემის თაობაზე შედგენილი იყო კიდევ უფრო მოგვიანებით, 2013 წლის 24 ივლისს, ამავე თარიღით, 2013 წლის 24 ივლისით თარიღდებოდა მესამე პირის ხელწერილი მოპასუხისაგან 2012 წლის 16 მარტს 10 000 ლარის სამ ნაწილად მიღების თაობაზე. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო დავის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზისა და შეფასების შედეგად, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილი არ იყო, რადგანაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 000 აშშ დოლარის გადახდის მომენტად ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტი იყო მითითებული. გარდა ამისა, მყიდველს მიეცა საშუალება, შვიდი თვის შემდგომ საკუთრების უფლებით აღერიცხა ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში, ხოლო საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის მიერ მყიდველისთვის თანხის მოთხოვნის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ, ერთსა და იმავე დღეს, 2013 წლის 24 ივლისს, მოპასუხისა და მესამე პირის მიერ ხელმოწერილი ხელწერილები ხელშეკრულების მე-2 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების (3 000 აშშ დოლარის 2012 წლის 16 მარტს გადახდის თაობაზე) საპირისპირო და გამომრიცხავ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.

6.1.9. მოპასუხის მიერ 2012 წლის 16 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის 2012 წლის 16 მარტს (როგორც ეს ხელშეკრულებაშია მითითებული), ანუ ნასყიდობის სანოტარო წესით გაფორმების მომენტში მესამე პირისათვის გადახდის დადასტურებად მიჩნევის შემთხვევაშიც, მოპასუხის ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩათვლილიყო მოსარჩელის მიმართ, რადგანაც მესამე პირი ნოტარიუსისათვის მიმართვისა და სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა, როგორც მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირი, შესაბამისად, სწორედ მოსარჩელის სამტკიცებელი იყო გარემოება იმის თაობაზე, რომ მესამე პირისათვის თანხის გადაცემა, ასეთის დადგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მის ნება-სურვილს არ შეესაბამებოდა.

6.1.10. რაც შეეხებოდა დარჩენილ 1 000 აშშ დოლარს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის ჩანაწერიდან ნათლად იკვეთებოდა, რომ 1 000 აშშ დოლარზე, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო მოგვიანებით, 2012 წლის 17 მარტს, მხარეებმა შეიმუშავეს დამატებითი რეგულაცია მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი საქმეში წარმოდგენილი არ იყო, შესაბამისად, არ დასტურდებოდა მყიდველის მიერ გამყიდველისათვის დამატებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. გარდა ამისა, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში 1 000 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ცნო, რაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

6.1.11. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით, 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 361-ე მუხლით, 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და აღნიშნა, რომ სარჩელი ნაწილობრივ, მოპასუხისათვის 1 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

7.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნოტარიუსთან გამოცხადებული მესამე პირი წარმოადგენდა მოსარჩელის ნდობით აღჭურვილ პირს, რადგანაც, მსგავს შემთხვევაში, მოსარჩელე მის სახელზე გასცემდა მინდობილობას, თავად სანოტარო აქტით კი, დასტურდება, რომ მესამე პირი იყო მხოლოდ მოწმე გარიგების დადებისას და მან, როგორც მოწმემ, ისე მოაწერა ხელი სანოტარო აქტზე.

7.1.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მოწმის წინაშე ვალდებულების შესრულება უნდა ჩათვლილიყო მოსარჩელის მიმართ შესრულებად, რადგანაც მესამე პირი სანოტარო აქტის შედგენისას მოქმედებდა, როგორც გამყიდველის ნდობით აღჭურვილი პირი. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს მოსაზრებას, რომელიც რაიმე მტკიცებულებას არ ემყარება. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ნასყიდობის ფასი იყო 4 000 აშშ დოლარი და არა 10 000 ლარი.

7.1.3. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით, რომლებიც სადავოდ არავის გაუხდია და იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ, ირკვევა, რომ მოპასუხემ მესამე პირს სადავო ნასყიდობის ანგარიშში გადასცა 10 000 ლარი, თუმცა სასამართლო მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ 3 000 აშშ დოლარი მიიღო.

7.1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინააღმდეგ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არ არის მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში შეაფასა, ამასთანავე, 4.3 და 4.4. პუნქტებში, მართალია, მსჯელობს მოწინააღმდეგე მხარესა და მესამე პირს შორის გაფორმებულ ხელწერილებზე, თუმცა რას ადასტურებს ეს გარემოება, სასამართლოს არ აუსახავს გადაწყვეტილებაში.

7.1.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მესამე პირის მტკიცება მოსარჩელისათვის თანხის გადახდის თაობაზე, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ეს პირი არ იყო მოწმე, არამედ მესამე პირის სტატუსი გააჩნდა დავაში და წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, გარდა აღნიშნულისა, თანხის გადახდის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო სათანადო მტკიცებულებით.

7.1.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღზე და აღნიშნა, რომ სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის მხრიდან თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, თუმცა სასამართლოს არ შეუფასებია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომაროება და ის გარემოება, რომ სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაშია აღძრული, ამასთანავე, პალატამ დაასკვნა, რომ შემძენმა თანხა გამყიდველს დათქმულ ვადაში გადასცა, თუმცა მხედველობაში არ მიიღო ის, რომ მოგვიანებით მოპასუხემ ხელწერილი დაწერა, რომ ეს თანხა გადაცემული ჰქონდა მესამე პირისათვის. სააპელაციო სასამართლო ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაშიც, თუ ის არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულდა. პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 477-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. განსახილველი დავის საგანი შემძენის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის თანხის გადახდაა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მისთვის ნივთის ღირებულება არ აუნაზღაურებია, არამედ, მისივე განმარტებით, შემძენმა ეს თანხა გადასცა პირს, რომელიც ხელშეკრულების შედგენას მოწმის სტატუსით ესწრებოდა, ამასთანავე, მოპასუხემ ხელწერილით დაადასტურა მოწმისათვის 10 000 ლარის გადახდის ფაქტი.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:

1.2.1. 2014 წლის 16 მარტს სანოტარო ბიუროს მიმართა მოქალაქე მ. პ-მა (მესამე პირი), რომელმაც განაცხადა, რომ ასრულებდა მოსარჩელის თხოვნას, რომელსაც სურდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა და სანოტარო წესით დადასტურება, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო სანოტარო ბიუროში მისვლა, რის გამოც ითხოვდა ნოტარიუსის გამოცხადებას მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე;

1.2.2. 2012 წლის 16 მარტს მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიუსის მიერ შედგენილ იქნა თ. წ-ის საცხოვრებელ მისამართზე. ხელშეკრულებაში მოწმედ მიეთითა მესამე პირი. ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, მყიდველი უძრავ ქონებაზე საკუთრებას იძენდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან, რისთვისაც აუცილებელი იყო ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარისა და განცხადების წარდგენა რეგისტრაციის მოთხოვნით. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 4 000 აშშ დოლარად, აქედან 3 000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს, ხოლო დარჩენილი 1 000 აშშ დოლარი _ არა უგვიანეს 2012 წლის 17 მარტისა, რომლის დროსაც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი;

1.2.3. 2013 წლის 24 ივლისს თ.ა-ის მიერ შედგენილი ხელწერილის შესაბამისად, შემძენმა, 2012 წლის 16 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის ფასი 10 000 ლარი გადასცა მესამე პირს;

1.2.4. მესამე პირის მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, მან მოპასუხისაგან 2012 წლის 16 მარტს აიღო ფულადი თანხა სამ ნაწილად, სულ 10 000 ლარი;

1.2.5. 2012 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, გორის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია მოპასუხე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად - მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოპასუხის მიერ 3 000 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთანავე, ვალდებულების შესრულების თაობაზე სააპელაციო პალატის დასკვნები ურთიერთწინააღმდეგობრივია.

1.5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს სადავო დასკვნა არ ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

1.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული დარღვევა გამოიხატება შემდეგში:

1.6.1. ნასყიდობის ფასიდან 3 000 აშშ დოლარის გადახდა სასამართლომ, ერთი მხრივ, დაუკავშირა ხელშეკრულების მე-2 მუხლის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ეს თანხა უნდა გადახდილიყო ხელშეკრულების დადასტურების დროს, ამასთანავე, მითითებული მუხლი პალატამ განმარტა იმგვარად, რომ 3 000 აშშ დოლარის გადახდაზე სავალდებულო არ იყო შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) შედგენა, განსხვავებით 1 000 აშშ დოლარისა, რომლის შესრულების ნაწილშიც მხარეებმა წინასწარვე განსაზღვრეს, რომ ეს თანხა უნდა გადახდილიყო არა უგვიანეს 2012 წლის 17 მარტისა, რომლის დროსაც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი.

1.6.2. მეორე მხრივ, სასამართლო დაეყრდნო მოპასუხისა და მესამე პირის მიერ ცალმხრივად შედგენილ ხელწერილებს, რომლებშიც საუბარია არა სადავო 3 000 აშშ დოლარის, არამედ 2012 წლის 16 მარტს მესამე პირის მიერ მოპასუხისაგან 10 000 ლარის მიღებაზე, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისას, 2012 წლის 16 მარტს, შემძენის მიერ მოწმისათვის თანხის გადახდის ფაქტი მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებას ადასტურებდა, რადგანაც მ.პ-ი ნოტარიუსისათვის მიმართვისა და სანოტარო მოქმედების შესრულებისას მოქმედებდა, როგორც მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირი.

1.6.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნდობით აღჭურვილი პირის სამართლებრივ სტატუსში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასამართლოს მხედველობაში ჰქონდა გამყიდველსა და მოწმეს შორის დავალების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (თუნდაც ზეპირი ფორმით დადებული), თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ დასაბუთებაში ქვემდგომ სასამართლოს არ დაუდგენია სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის იურიდიული შემადგენლობის არსებობა. ასეთ შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება საკითხი იმის თაობაზე, არაუფლებამოსილი პირის წინაშე შესრულებით შეწყდა თუ არა ვალდებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების მიღებას არაუფლებამოსილი პირის მიერ არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. განსახილველი ნორმის განმარტებისას, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული ურთიერთობისათვის დამახასითებელი ვალდებულების შესრულების თაობაზე კანონით (477.2 მუხლი) გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც ვლინდება ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში.

1.6.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის სამტკიცებელი იყო ის გარემოება, რომ მოწმისათვის თანხის გადაცემა, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას გამყიდველის ნება-სურვილს არ შეესაბამებოდა. არაუფლებამოსილი პირის წინაშე ვალდებულების შესრულებისას (373-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოვალეს ეკისრება იმისი დამტკიცება, რომ ამ პირის (იგულისხმება არაუფლებამოსილი პირი) წინაშე ვალდებულების შესრულებაზე კრედიტორმა გასცა თანხმობა და/ან ამ შესრულებით მიიღო სარგებელი. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადაო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი“ (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013 წელი).

1.7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. დასახელებული ნორმის თანახმად, გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ გვაქვს იმგვარი ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს თანხის ნაწილის გადახდის თაობაზე, როგორიცაა, მაგალითად: „გადახდილია წინამდებარე გარიგების დამოწმების დროისათვის“ და სხვა. ხელშეკრულების დათქმა, რომლის მიხედვითაც 3 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების დამოწმებისას, მიუთითებს მომავალში თანხის გადახდის ვალდებულებაზე, ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ 3 000 აშშ დოლარის გადახდაზე არ უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი, არ ეფუძნება სასამართლოს მხრიდან მხარეთა ნამდვილი ნების სათანადოდ გამორკვევას (სსსკ-ის 128-ე მუხლი). კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა იმ თვალსაზრისითაც, რომ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების ფაქტი მესამე პირის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით არ შეიძლებოდა დადგენილიყო. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლი, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს შემძენის მიერ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფორმა და წესი. რა თქმა უნდა, ამ ფორმის დაუცველობას შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, როდესაც ვალდებულების შესრულება არ იწვევს დავას ან/და ვალდებულების შესრულება ცალსახად ვლინდება ობიექტური გარემოებებიდან, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც კრედიტორი შესრულების ფაქტს სადავოდ ხდის, ხელშეკრულების ამ პირობას (ვალდებულების შესრულების წესზე და ფორმაზე შეთანხმებას) შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სანოტარო აქტი არ შეიცავს დათქმას 3 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას და მიუთითებს უფლებაშემწყვეტ იურიდიულ მოქმედებაზე.

1.8. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, რომელმაც სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულება უნდა წარუდგინოს სასამართლოს. ვალდებულების შესრულების მიმართ ამგვარ მტკიცებულებას პირდაპირ განსაზღვრავს კანონი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით. სადავოობის შემთხვევაში, მოვალეს ყოველთვის ეკისრება სავალო საბუთის წარდგენის ვალდებულება, რათა დაამტკიცოს შესრულება. ამასთანავე, რადგანაც კანონითვე განსაზღვრულია სათანადო მტკიცებულების სახე, იგი სხვა, მაგალითად, მოწმის ჩვენებით, უფლების დამდგენის საბუთის საჯარო რეესტრში მოგვიანებით რეგისტრაციითა თუ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეში არარსებობით არ შეიძლება შეიცვალოს.

1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

2. სასამართლო ხარჯები:

სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. წ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება თ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური