საქმე №ას-1058-1013-2014 28 სექტემბერი, 2015 წელი
№ას-1058-1013-2014 მ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ბმა „ფ.მ-ის ...-ის“ თავმჯდომარე ი. დ-ე, ლ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ-ი 2005-ის“ დირექტორი მ. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, უკანონო სათავსის მოშლა, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „მ-ი 2005-ის“ დირექტორმა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ბმა „ფ.მ-ის ...-ის“ 2013 წლის 10 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობა, კორპუსის მე-2 სართულზე უკანონოდ აგებული 17 კვ.მ სათავსის დემონტაჟი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ი. დ-ის, ასევე ლ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები) დავალდებულება, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეს მისი საკუთრებით სარგებლობაში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ სათავსის მოწყობა არა უკანონოდ, არამედ ამხანაგობის კრების საფუძველზე განხორციელდა, ამასთანავე, ფართი, რომელშიც მოწყობილია სათავსი, წარმოადგენს ამხანაგობის საერთო საკუთრებას, ხოლო საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი აზომვითი ნახაზის თანახმად, რომელიც პროექტის საფუძველზეა შედგენილი და წარმოადგენს საკუთრების უფლების განუყოფელ ნაწილს, კორპუსის მეორე სართულზე მოსარჩელის ფართში შესასვლელი კარი არ არის გათვალისწინებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ფ.მ-ის ქ№...-ის“ წევრთა 2013 წლის 10 მაისის კრების ოქმი, მოპასუხეებს დაევალათ ქალაქ ბათუმში, ფ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე (ლ-ის ქუჩის მხრიდან), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2013 წლის 10 მაისის კრების ოქმის საფუძველზე მოწყობილი სათავსის დემონტაჟი, ასევე, აეკრძალათ მოსარჩელისათვის ქალაქ ბათუმში, ფ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სადავო ფართით სარგებლობაში ხელშეშლა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.07.2013წ. ფაქტების კონსტატაციის ოქმის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ფ-ის ქუჩის №...-ში არსებულ 14-სართულიან მრავალბინიან სახლში მოსარჩელეს ეკუთვნის 359.13 მ2 ფართი, რომელიც განთავსებულია სახლის 1-ლ და მე-2 სართულებზე; ამ ფართის ფასადი გადის როგორც ფ-ის ასევე - ლ-ის ქუჩაზე.
6.2. ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2014 წლის 7 თებერვლის №... წერილზე თანდართული სახლის მე-2 სართულის საბოლოო საპროექტო გეგმა-ნახაზის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ფართში, ლ-ის ქუჩის მხრიდან არსებული სადარბაზოდან, მე-2 სართულიდან შესვლისათვის გათვალისწინებული იყო კარის 4 ღიობი. ამ გეგმა-ნახაზის მიხედვით იქნა ექსპლუატაციაში მიღებული სახლი ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 8 თებერვლის №... ბრძანებით.
6.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქალაქ ბათუმში, ფ-ის ქუჩის №...-ში არსებულ 14-სართულიან მრავალბინიან სახლში ლ. მ-ეს ეკუთვნის №... ბინა.
6.4. ბმა „ფ.მ-ის ...-ის“ 10.05.2013წ. კრების ოქმის თანახმად, სახლის მე-3 სადარბაზოს პირველ და მე-2 სართულებს შორის არსებულ თავისუფალ ფართზე ამხანაგობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვა ნივთების შესანახად სათავსის მოწყობა ეთხოვა ლ. მ-ეს, რომელიც პარალელურად შეძლებდა სათავსის სამეურნეო მიზნებისათვის გამოყენებას. აღნიშნულ მობინადრეზე არჩევანი შეჩერდა იმის გამო, რომ მან უსასყიდლოდ დაამზადებინა და დაამონტაჟებინა ამხანაგობის ეზოში ბამბუკის „ფანჩატური“ სკამებით. კრებამ დაავალა ვ. კ-ს ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერების შეგროვება აღნიშნულ საკითხზე.
6.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.07.2013წ. ოქმით, ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და სახლის მე-2 სართულის საბოლოო საპროექტო გეგმა-ნახაზით დგინდებოდა, რომ ბმა „ფ.მ-ის ...-ის“ 10.05.2013წ. კრების ოქმის საფუძველზე, ლ. მ-ემ სახლის მე-2 სართულზე მოაწყო დაახლოებით 17 მ2 სათავსი (მე-2 სართულზე არსებულ დერეფანს, რომელიც სადარბაზოდან უკავშირდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ფართის კედლებს, სადაც საპროექტო გეგმა-ნახაზით გათვალისწინებული იყო კარის ღიობები და ლიფტის ღიობი, სადარბაზოს მხრიდან გაუკეთა კარი), რითაც ფაქტობრივად გაუქმდა დერეფანი და მოსარჩელეს აღეკვეთა ამ დერეფნის გამოყენებით საკუთარი ფართის კედლებამდე ან ლიფტის ღიობამდე მიღწევის შესაძლებლობა.
6.6. კოლექტიური ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მტკიცდებოდა, რომ სახლში არსებული ამხანაგობის წევრი 141 ფიზიკური და იურიდიული პირი იყო.
6.7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 10.05.2013წ. კრების ოქმი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ მრავალმხრივ გარიგებას და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, გარდა სპეციალური კანონის ნორმებისა, ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებიც. სადავო ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებით სარჩელს წარმოადგენდა და მხარის იურიდიული ინტერესი უნდა განსაზღვრულიყო სადავო სათავსის პირვანდელი დანიშნულების ცვლილების სამართლებრივი შედეგებით.
6.8. პალატამ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და განმარტა, რომ დერეფანი, რომლის გამოყენებითაც ლ. მ-ემ სადავო სათავსი მოაწყო, ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონებას წარმოადგენდა. სადავო ქონების განვითარებისათვის, ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საჭირო იყო ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება. განხორციელებული რეკონსტრუქციით ფაქტობრივად გაუქმდა დერეფანი და მან შეიძინა სათავსის დანიშნულება, რომელშიც განთავსდებოდა როგორც ამხანაგობის საჭიროებისთვის აუცილებელი, ასევე - ლ. მ-ის კუთვნილი ინვენტარიც და აღეკვეთა შესაძლებლობა, ესარგებლა საერთო ქონებით, ასევე, მიეღწია ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის კედლებამდე ან ლიფტის ღიობამდე. სწორედ ამით არის დასაბუთებული მისი იურიდიული ინტერესი სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნისადმი.
6.9. სადავო 10.05.2013 წ. კრების ოქმში ასახული გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ამხანაგობის წევრთა მიერ ერთხმად, რაც არ მომხდარა, მოსარჩელე არა თუ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, არამედ საერთოდ არ იცოდა კრების ჩატარების ადგილისა და დროის თაობაზე. არ დგინდებოდა ისიც, თუ ვინ ესწრებოდა კრებას და რამდენმა წევრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან თვით ოქმიდანვე ირკვეოდა, რომ ვ. კ-ს მხოლოდ კრების დამთავრების შემდეგ დაევალა ამხანაგობის წევრთა ნების გამორკვევა და მათი ხელმოწერების შეგროვება თანხმობის ნიშნად. მითითებული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
6.10. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საკუთრების უფლების ხელყოფის/ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დასაბუთებული იყო.
7. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სახლის მე-2 სართულიდან საკუთარ ფართში შესასვლელი კარის 4 ღიობი, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა როგორც კრების სადავო ოქმის ბათილად ცნობის, ისე სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესის არსებობა.
7.1.2. სააპელაციო სასამართლომ ქ.ბათუმის მერიის წერილზე დართული სახლის მე-2 სართულის გეგმა-ნახაზი არასწორად მიიჩნია „საპროექტო გეგმა-ნახაზად“, როდესაც იგი „საბოლოო აზომვითი ნახაზია“, რის თაობაზეც თავად მერიის წერილშია საუბარი. საბოლოო ნახაზი წარმოადგენს ექსპუატაციაში მიღების დროისათვის არსებულ ფაქტობრივ მდგომაროებას, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სახლის სადარბაზოს მე-2 სართულზე ჰქონდა 4 შესასვლელი კარის მოწყობის უფლება სამშენებლო პროექტის მიხედვით. სასამართლოს შეფასების გაზიარების შემთხვევაში, პასუხგაუცემელი რჩება საკითხი იმის შესახებ, სამშენებლო კომპანიამ თუ რატომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის ფართში შესასვლელი კარის 4 ღიობის არსებობა და ამ მოთხოვნით რატომ არ მიმართა მოსარჩელემ ბინის მშენებელს.
7.1.3. რეალურად სასამართლოს მიერ შეფასებული ნახაზი წარმოადგენს არა მოსარჩელის კუთვნილი ან მისი მომიჯნავე ფართის ნახაზს, არამედ ერთი სართულით ზემოთ მდებარე საცხოვრებელი ფართია, რომელიც, სამშენებლო პროექტის მიხედვით, მიჩნეულია სახლის მე-2 სართულად. აზომვით გეგმა-ნახაზზე ასახულია 4 საცხოვრებელი ბინა და, ბუნებრივია, ამ ბინებში შესასვლელად გათვალისწინებულია 4 ღიობის არსებობა. მოსარჩელის მომიჯნავედ არ არსებობს საცხოვრებელი ბინები, რაც ნათლად დასტურდება, როგორც მითითებული ნახაზით, ისე საჯარო რეესტრის ამონაწერით.
7.1.4. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ეკუთვნის პირველ სართულზე მდებარე 226,15 კვ.მ ფართი და 132,98 კვ.მ ე.წ „ანტრესოლი“, რომელიც არ წარმოადგენს სახლის მე-2 სართულს. ამ საკითხის სწორად დადგენის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ სადავო სათავსი არა მოსარჩელის კუთვნილ ან მის მომიჯნავე ფართშია განთავსებული, არამედ, ამხანაგობის საერთო საკუთრების ფართში, რომელიც, სახლის პროექტის მიხედვით, გამოყოფილია მზიდი კედლებით.
7.1.5. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო სათავსი მოწყობილია იმ ადგილას, სადაც, პროექტის მიხედვით, არსებობს კარის ღიობი. ამასთანავე, მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობას სახლის საპროექტო ნახაზის შემდგენი სპეციალისტისა და ბათუმის არქიტექტორის დაკითხვის თაობაზე, თუმცა, პროექტის შემდგენი სპეციალისტი სასამართლოში არ გამოცხადდა, ხოლო არქიტექტორის დაკითხვაზე თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი. 2013 წლის 5 ივნისის წერილით მოსარჩელემ თავადვე აღიარა, რომ კარის ღიობის მოწყობა დაგეგმა თავად.
7.1.6. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები წინააღმდეგი არიან, მოსარჩელემ მოაწყოს კარის ღიობები სადავო ადგილას, ხოლო სათავსის არსებობა შედის მათ ინტერესებში, ამასთანავე, დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წინამდებარე სარჩელის მიმართ არ არის ნამდვილი. ამასთანავე, უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელეს შეეზღუდა შესაძლებლობა, მიაღწიოს ლიფტის ღიობამდე, რადგანაც ეს ღიობი მოწყობილია სათავსისაგან თავისუფალ ადგილას, დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. მოცემული დავის საგანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების (ოქმის) ბათილად ცნობა და ხელშეშლის აღკვეთა. სადავო ოქმით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს დაევალა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ ფართში სათავსის მოწყობა და მიეცა ამ სათავსით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მოთხოვნა კი, მიმართულია ამ კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობისაკენ იმ საფუძვლით, რომ კრების გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამასთან, მას უსაფუძვლოდ ეზღუდება ინდივიდუალური საკუთრების საგანთან თავისუფლად მისვლის შესაძლებლობა, რადგანაც სახლის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო სათავსით დაფარულ კედელზე კარის ღიობების მოწყობა.
1.2. განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები და აღიარებითი სარჩელის კანონშესაბამისობის მარეგულირებელი საპროცესო-სამართლებრივი წესები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს, რამდენადაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ გარიგების ნამდვილობის მარეგულირებელ ნორმებს, ისინი სამოქალაქო სამართლის სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების მარეგულირებელი ზოგადი ნორმებია, რომელთა მოქმედება ვრცელდება ნებისმიერი გარიგების, მათ შორის ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოხატვის კანონიერებაზე, თავის მხრივ, ცალმხრივი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ნების გამოვლენით მიღწეული შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნისას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი იურიდიული ინტერესის ნამდვილობას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (პრეტენზიის), შემთხვევაში, შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
1.4. როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მრავალბინიანი სახლის მე-2 სართულის გეგმაზე აღნიშნული კარის 4 ღიობი მოსარჩელის კუთვნილ ფართში შესასვლელი ღიობებია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და არასწორად დაადგინა მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლის არსებობა.
1.5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეები წარმოადგენენ ქ.ბათუმში, ფ-ის ქ#...-ში მდებარე მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ობიექტის მესაკუთრეებსა და შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს;
1.6. როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი სადავო კრების ოქმის თანახმად, ერთ-ერთ მობინადრეს (მოპასუხეს) ეთხოვა პირველ და მეორე სართულებს შორის არსებულ თავისუფალ ფართზე, ამხანაგობის საჭირო ინვენტარისა და სხვა ნივთების შესანახად სათავსის მოწყობა და ნება დაერთო გამოიყენოს ეს სათავსი სამეურნეო მიზნებისათვის. კრებამ დაავალა ვ.კ-ს, შეაგროვოს ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები აღნიშნულ საკითხზე;
1.7. მრავალბინიან სახლში ამხანაგობის წევრი ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა 141-ია, რომელთა უმრავლესობის, მათ შორის მოსარჩელის მხრიდან კრების გადაწყვეტილების შემდგომი მოწონების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
1.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, რადგანაც განხორციელებული რეკონსტრუქციით (კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საერთო ქონების განვითარებით) მნიშვნელოვნად შეიცვალა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება და გავლენა იქონია წევრთა მიერ ამ ქონების გამოყენებაზე. ამგვარი განვითარებისათვის კი, საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, ხოლო, კასატორებს ამ გარემოებაზე პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
1.9. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატის მოსაზრებით სარჩელის (როგორც აღიარებითი, ისე ვინდიკაციური მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილებისათვის უტყუარად უნდა დადგინდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სააპელაციო პალატამ განსაზღვრა სარჩელის იურიდიული ინტერესის შემოწმებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა წრე და დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, მოსარჩელეს სახლის მე-2 სართულიდან უფლება ჰქონდა მოეწყო კარის 4 ღიობი, საერთო ქონების განხორციელებული განვითარებით კი, მას ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.
1.10. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: საჯარო რეესტრის ამონაწერზე (ტ. I, ს.ფ.14), რომლის თანახმადაც მოსარჩელეს ქ.ბათუმში, ფ-ის #...-ში VII სექციაში ეკუთვნის 359,13 კვ.მ კომერციული ფართი (და არა სახლის პირველ და მე-2 სართულებზე, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია ასახული); სადავო კრების ოქმის თანახმად, სათავსის მოწყობის ადგილად განისაზღვრა სახლის მე-3 სადარბაზოს პირველ და მე-2 სართულებს შორის არსებული თავისუფალი ფართი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 20 დეკემბერს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე დათვალიერება დაიწყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართით, რომლის პირველ სართულსაც გააჩნია რამდენიმე შესასვლელი ღიობი, მაგრამ მოქმედი შესასვლელი არის მხოლოდ ფ-ის ქუჩიდან. რაც შეეხება მეორე სართულს, რკინა-ბეტონის კიბე ადის მეორე სართულზე, რომელსაც არ გააჩნია შესასვლელი არც ერთი მხრიდან, ღიობი გადის პირდაპირ ეზოში, მარჯვნივ არის ტორეცი, გვერდი, ბოლო ნიშნული მთლიანად სახლის (და არა სადარბაზო), აქვე არის ლიფტის შახტა, რომლის გასწვრივაც არის ყრუ კედელი და ამ კედლის შიგნით, დღეის მდგომაროებით, არის სადავო სათავსი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.01.2014წ. განჩინების (რომლითაც გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები) პასუხად ქ.ბათუმის მერიამ განმარტა, რომ 31.03.2008წ. #... ბრძანებით დამტკიცებული #... პროექტი არ ინახება მერიის არქივში, თუმცა განმარტა, რომ ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილის თანახმად, ქ.ბათუმში, ფ-ის #...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 08.02.2010წ. #... ბრძანებით და წერილს დაურთო საცხოვრებელი სახლის პირველი და მე-2 სართულების საბოლოო აზომვითი ნახაზები. მითითებული ნახაზებით ირკვევა, რომ პირველი სართული წარმოადგენს კომერციულ ფართს, გარე კონტურიდან _ 737,00 კვ.მ, მათ შორის აივანი 0,00 კვ.მ, შემდგომ ამისა, წარმოდგენილია ანტრესოლის ნახაზი, რომლის გარე კონტური 448,30 კვ. მეტრია, მათ შორის აივანი _ 8,20 კვ.მ. სწორედ ანტრესოლის შემდგომაა წარმოდგენილი მე-2 სართულის გეგმა-ნახაზი, რომელზეც კონკრეტულ პირობით აღნიშვნებთან ერთადაცაა მითითებული კარის ღიობები; გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.07.2013წ. ფაქტების კონსტანტაციის ოქმი, რომელშიც ასახულია სადავო ფართის როგორც გარე, ისე შიდა ვიზუალური მაჩვენებლები.
1.11. საკასაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომლის თანახმადაც მრავალბინიანი სახლის მე-2 სართულის გეგმაზე აღნიშნული 4 ღიობი მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების საგანში შესასვლელი კარის ღიობებია, არ არის დასაბუთებული, რადგანაც გადაწყვეტილებით სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად) არ გამოუკვლევია ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ხოლო ის, თუ რას ემყარება პალატის დასკვნები მოსარჩელის მიერ როგორც ინდივიდუალური საკუთრებით (კარის ღიობების გამოჭრის შეუძლებლობა), ისე თანასაკუთრებით (ლიფტის შახტასთან მისასვლელი) სარგებლობის ხელშეშლის თაობაზე, არ არის ასახული გადაწყვეტილებაში (სსსკ-ის 393.3 მუხლი).
1.12. ამდენად, მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა მტკიცების საგანში შემავალი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკითხთა წრე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრული შეფასების შედეგად გამოტანილ იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, შესაბამისად, გადაწყვეტილებით პასუხი არ გასცემია მთავარ კითხვას: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ სადავო სათავსის მოწყობით შეილახა მოსარჩელის ინტერესი იმგვარად, რომ მას ხელი ეშლება ინდივიდუალური საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში?
1.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბმა „ფ.მ-ის ...-ის“ თავმჯდომარე ი. დ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე