Facebook Twitter

№ას-310-292-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №4 ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. თ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №4 ოქმის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, ის წლების განმავლობაში მუშაობდა ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის დირექტორად. 2011 წლის 17 თებერვალს, 22 სთ-ზე მიიღო სატელეფონო შეტყობინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, მოსთხოვეს ჩასულიყო სამინისტროში მეორე დღეს 12 სთ-ზე, მაგრამ რისთვის, არ განუმარტავთ. სამინისტროში ყოველგვარი ახსნა - განმარტებისა და მისი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მოსთხოვეს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერა, რადგანაც ასე აჯობებდა მისთვის. დაპატიმრების შიშით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, დაბეჭდილ განცხადებაზე, რომლის შინაარსიც არ წაუკითხავს, მოაწერა ხელი. სამინისტროდან განცხადება ფაქსით გადაიგზავნა ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, რომელმაც ის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გადასცა, მოსთხოვა სასწრაფოდ მოეწვიათ სამეურვეო საბჭოს სხდომა და მიეღოთ დირექტორის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რაც სამეურვეო საბჭომ შეასრულა კიდეც იმავე დღის 17 სთ-ზე და გამოსცა დადგენილება მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 53-ე, 54-ე, 77-ე მუხლებზე.

ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, ვინაიდან მოსარჩელის განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანო იყო სკოლის სამეურვეო საბჭო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე და მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება გადმოეგზავნა სკოლას. განცხადება დარეგისტრირდა სკოლაში 2011 წლის 18 თებერვალს და მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი. განცხადების საფუძველზე წარმოება დაიწყო და სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის სხდომა ჩატარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 77-ე, 78-ე, 10 3-ე, 104-ე, 105-ე, 106-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელეს ტელეფონით ეცნობა, რომ ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც განიხილავდა მის პირად განცხადებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.” ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს №785 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სკოლის დირექტორთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ვადამდე წყდება სამეურვეო საბჭოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მხარეთა შეთანხმება. ამ შემთხვევაში შეწყვეტის ინიციატორი იყო დასაქმებულიი, რომელმაც პირადი განცხადებით გამოხატა ნება, რომ შეწყვეტილიყო შრომითი ხელშეკრულება, სამეურვეო საბჭო 2011 წლის 18 თებერვლის გამართული სხდომის ოქმით დაეთანხმა მოსარჩელის მიერ გამოხატულ ნებას და, შესაბამისად, შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №4 ოქმი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანია ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №4 ოქმის ბათილად ცნობა.

პალატამ იხელმძღვანელა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი 37-ე, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით, 38-ე, 44-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ნ. თ-ას სამინისტროში განცხადება იძულებით დააწერინეს, სამეურვეო საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა მისი დასწრების გარეშე და ასევე მისი დასწრების გარეშე მიიღეს დადგენილება. ანუ პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა კანონის მოთხოვნების დარღვევით ჩატარდა, რაც ამ სხდომაზე მიღებული №4 ოქმის ბათილობის საფუძველია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სამეურვეო საბჭომ დაარღვია ევროპის სოციალური ქარტიის 4.4-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია დასაქმებულის ინფორმირებულობა დასაქმების შეწყვეტის შესახებ, რაც მიზნად ისახავს, რომ მან წინასაწარ იზრუნოს ახალი სამსახურის მოძიებაზე და განთავისუფლების შემდეგ არ დარჩეს შემოსავლის გარეშე.

პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და ასევე უფლება, ეკონომიკურ-სოციალურ და კულტურულ დარგებში ის უფლებები განახორციელოს, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბოროტად მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვას ზიანი მიადგეს. შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტისა თუ მოქმედების განხორციელების შედეგად. უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი; ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია, ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი. დადგენილია, რომ სადავო სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე ოქმის მიღებას და, შესაბამისად, ნ. თ-ასთან შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას წინ უძღოდა გარკვეული წინაპირობები, რის გამოც დამსაქმებელმა მისი უფლებამოსილება – შეეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, შეუზღუდავ უფლებად მიიჩნია. ეს იყო წინაპირობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან 2011 წლის 17 თებერვალს, 22 სთ-ზე ნ. თ-ასთვის სატელეფონო შეტყობინებისა. მას მოსთხოვეს ჩასულიყო სამინისტროში მეორე დღის 12 სთ-ზე, მაგრამ რისთვის, არ განუმარტავთ. ნ. თ-ა ჩავიდა სამინისტროში, სადაც ყოველგვარი ახსნა - განმარტებისა და მისი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მოსთხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერა (წინასწარი ინფორმირებულობის მოთხოვნების დარღვევით). მან დაბეჭდილ განცხადებაზე, რომლის შინაარსიც არ წაუკითხავს, მოაწერა ხელი, ნ. თ-ას მიმართ განხორციელდა ზეწოლა მოგონილი ფაქტის გამო, თითქოს იგი ფიზიკურად გაუსწორდა მოსწავლეს, რაც ფაქტობრივი გარემოებებით არ დადასტურდა საქმის განხილვისას. ანუ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილებას გადაამეტა და ბოროტად გამოიყენა.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ აპელანტთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლა განმცხადებლის ინიციატივით.

პალატამ გაიზიარა ნ. თ-ას მოსაზრება იმ ნაწილში, რომ იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან ცალმხრივად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამასთან, დარვეულია სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი ნორმები, რაც ამ ოქმის ბათილობის საფუძველია. თავისთავად სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ბათილი ოქმი არ შეიძლება გახდეს ნ. თ-ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების გამოტანის საფუძველი. მაშინ, როცა ცნობილია, რომ ნ. თ-ას განცხადება იძულებით დააწერინეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინპექციის მიერ წაყენებული ბრალდება (მოსწავლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება) არ დადასტურებულა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევიათ კანონით დადგენილი წესით, მას არ დასწრებია თვით განმცხადებელი ნ. თ-ა და ეს სადავო არ არის, შესაბამისად, კანონის დარღვევით მოწვეულ კრებაზე მიღებული ოქმი ბათილია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ამ სხდომაზე მიღებული №4 ოქმის ბათილობის საფუძველია, თუმცა პალატამ განჩინებაში არ მიუთითა, კონკრეტულად რომელი კანონის მოთხოვნები დაირღვა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევით და რომელი ნორმის საფუძველზე მიიჩნია ოქმი ბათილად.

კასატორის აზრით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ ასახულა, თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა მოსარჩელის მიმართ ზეწოლის ფაქტი.

კასატორის მითითებით, პალატამ სადავოდ არ გახადა ის ფაქტი, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების მოშლა განმცხადებლის ინიციატივით, ამასთან, პალატამ გაიზიარა ნ. თ-ას მოსაზრება იმ ნაწილში, რომ იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან ცალმხრივად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. კასატორის აზრით, აღნიშნული პუნქტები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იკვეთება სასამართლოს პოზიცია.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს იძულებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. და, თუკი სასამართლომ ჩათვალა, რომ სამინისტრომ ნ. თ-ას განცხადება იძულებით დააწერინა, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე, 86-ე, 87-ე, 88-ე და 89-ე მუხლები, რაც არ გამოუყენებია.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამეურვეო საბჭომ მოსარჩელეს არ აცნობა რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და, შესაბამისად, არც მოუწვევია. აღნიშნულთან მიმართებით, კასატორი განმარტავს, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომა 18 თებერვალს იმისთვის მოიწვიეს, რომ განეხილათ სკოლაში შესული დირექტორის პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. რადგან სხდომის დანიშვნის დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა ქ.ფოთში, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია სამურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე მის განცხადებასთან დაკავშირებით, რასაც თავად მოსარჩელე ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №4 ოქმით სამეურვეო საბჭომ გადაწყვიტა მიეღო დადგენილება ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის დირექტორის, ნ. თ-ას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

სამეურვეო საბჭოს (,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე) დადგენილებით ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის დირექტორს ნ. თ-ას შეუწყდა შრომის ხელშეკრულება პირადი განცხადების საფუძველზე.

დადგენილია, რომ ნ. თ-ა წლების განმავლობაში მუშაობდა ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის დირექტორად.

დადგენილია, რომ 2011 წლის 17 თებერვალს, 22 სთ-ზე ნ. თ-ამ მიიღო სატელეფონო შეტყობინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, მას მოსთხოვეს ჩასულიყო სამინისტროში მეორე დღის 12 სთ-ზე, გამოცხადების მიზეზის განმარტების გარეშე.

დადგენილია, რომ ნ. თ-ა გამოცხადდა სამინისტროში, სადაც ყოველგვარი ახსნა - განმარტებისა და მისი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მოსთხოვეს სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერა. მან დაბეჭდილ განცხადებაზე, რომლის შინაარსიც არ წაუკითხავს, მოაწერა ხელი.

დადგენილია, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადება ფაქსით გადაიგზავნა ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსთან, გ. ქ-ასთან, რომელმაც აღნიშნული განცხადება გადასცა № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და დაავალა სამეურვეო საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება. სამეურვეო საბჭომ შეასრულა ზემოაღნიშნული დავალება იმავე დღის 17 სთ-ზე და გამოსცა დადგენილება ნ. თ-ასთვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. თ-ას სამინისტროში განცხადება იძულებით დააწერინეს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არ მოიწვიეს და მისი დასწრების გარეშე მიიღეს დადგენილება.

იძულების ფაქტი სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების: გ. ლ-ას, გ. ქ-ას, ხ. შ-ას ჩვენებებით დადგინდა, რომ სკოლის მანდატურის მხრიდან დირექტორ ნ. თ-აზე იყო ზეწოლა მოგონილ ფაქტზე, თითქოს ნ. თ-ა ფიზიკურად გაუსწორდა მოსწავლეს, შეადგინეს კიდეც ოქმი, რაზეც გ. ლ-ას, როგორც მოადგილეს, სთხოვდნენ ხელის მოწერას, რაც მან არ შეასრულა.

2011 წლის 17 თებერვალს ნ. თ-ა დაიბარეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ნ. თ-ას მიმართ განხორციელდა ფსიქიკური ზემოქმედება.

2011 წლის 18 თებერვალს, განათლების სამინისტროდან ელექტრონული ფორმით შემოვიდა ნ. თ-ას განცხადება გათავისუფლების შესახებ, რომელიც სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გადაეცა, ნ. თ-ას თანამდებობიდან განთავისუფლების ან განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე ხ. შ-ას ჩვენებით დგინდება, რომ რესურს-ცენტრის უფროსმა გ. ქ-ამ უთხრა თავმჯდომარეს, ხოლო ამ უკანასკნელმა მას, რომ საჭირო იყო სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ნ. თ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების განხილვის თაობაზე, რაც მათ ორი საათის განმავლობაში შეასრულეს კიდეც და 18 თებერვლის სხდომის ოქმი და დადგენილება გადასცეს გ. ქ-ას. ნ. თ-ასათვის პირადად მას ან სამეურვეო საბჭოს წევრს სხდომის ჩატარების თაობაზე არ უცნობებიათ. ნ. თ-ას უკავშირდებოდა გ. ლ-ა. მან იცოდა, რომ სხდომის ჩატარების დროს ნ. თ-ა იყო გზაში, თბილისიდან მოდიოდა ფოთში. 18 თებერვლიდან რამდენიმე დღეში ის მივიდა ნ. თ-ასთან სახლში, გააცნო სხდომის ოქმი და დადგენილება, რაზეც მოაწერა ხელი (იხ. ს.ფ. 265, 266).

ზემომითითებული მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასებასთან დაკავშირებით, კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამდენად, მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძოდ, კასატორი არ დავობს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების კანონიერების თაობაზე, არ უთითებს პროცესუალურ დარღვევებზე და, შესაბამისად, ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტების არამართებულობაზე. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ ნ. თ-ას მიმართ იძულების ფაქტზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის ეს მოსაზრებები ძალიან ზოგადი და დაუსაბუთებელია, რადგან დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს (მაგალითად, არასწორად შეაფასა მტკიცებულება ან შეაფასა დაუშვებელი მტკიცებულება და ა.შ.), რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა და შეფასება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა შემდეგი ფაქტები: 2011 წლის 17 თებერვალს, 22 სთ-ზე ნ. თ-ამ მიიღო სატელეფონო შეტყობინება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, მას მოსთხოვეს ჩასულიყო სამინისტროში მეორე დღის 12 სთ-ზე, გამოცხადების მიზეზის განმარტების გარეშე. ნ. თ-ა გამოცხადდა სამინისტროში, სადაც ყოველგვარი ახსნა - განმარტებისა და მისი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მოსთხოვეს სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერა. მან დაბეჭდილ განცხადებაზე, რომლის შინაარსიც არ წაუკითხავს, მოაწერა ხელი. ნ. თ-აზე იყო ზეწოლა მოგონილ ფაქტზე, თითქოს ნ. თ-ა ფიზიკურად გაუსწორდა მოსწავლეს, რომელი ფაქტობრივი გარემოებაც არ დადასტურდა საქმის განხილვისას. სკოლის სამურვეო საბჭომ ნ. თ-ა სამუშაოდან დაითხოვა მის მიერ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ განცხადების დაწერის დღესვე, ისე რომ არც დაელოდა განმცხადებლის თბილისიდან ფოთში ჩასვლას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტუაცია, რომლის თანახმად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, 2011 წლის 17 თებერვალს, 22 სთ-ზე სატელეფონო შეტყობინებით ნ. თ-ას მოსთხოვეს თბილისში ჩასვლა და მეორე დღესვე 12 სთ-ზე სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა და, იმავე დღის 17 საათზე ამ უკანასკნელის დაუსწრებლად მოწვეულ იქნა რიგგარეშე სამეურვეო საბჭო და უპირობოდ დააკმაყოფილეს მისი განცხადება, ქმნის რწმენას, რომ ნ. თ-ას მიმართ ნამდვილად ადგილი ქონდა იძულებას და უფრო დამაჯერებელს ხდის მოწმეების ახსნა-განმარტებებს, რომლითაც დგინდება, რომ ნ. თ-ას ამ განცხადების დაწერის სურვილი არ ჰქონდა და მაღალი ალბათობით მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიურ იძულებასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, მოცემულ შემთხვევაში სამეურვეო საბჭომ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ გამოიყენა მართლზომიერად. მან ნ. თ-ას დაუსწრებლად დააკმაყოფილა მისი განცხადება, ისე, რომ არ დაინტერესდა რამ განაპირობა ამ განცხადების დაწერა, არ გამოიკვლია რამდენად ნამდვილი იყო ნ. თ-ას ნება, ხომ არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება უეცარი აღელვების ან მუქარის საფუძველზე და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. თ-ა წლების განმავლობაში მუშაობდა ქ.ფოთის № ... საჯარო სკოლის დირექტორად, სამეურვეო საბჭოსთვის საეჭვო უნდა გამხდარიყო მისი ასეთი საქციელი. პირიქით, სამეურვეო საბჭოსთვის არა თუ საეჭვო იყო ნ. თ-ას საქციელი, არამედ საერთოდ არ დაინტერესდა იმით, რამ განაპირობა ერთ დღეში, სკოლაში წლების მანძილზე მომუშავე დირექტორის მიერ სამუშაოდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. უფრო მეტიც, სამეურვეო საბჭომ მის დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამეურვეო საბჭო საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს სკოლისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად საჭიროა არა მარტო კანონით პირდაპირ დადგენილი დანაწესების შესრულება, არამედ განსაკუთრებული გულისხმიერებით საკუთარი უფლებამოსილებების მართლზომიერად განხორციელება.

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს.

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამეურვეო საბჭო ამ ფუნქციის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსით. კერძოდ, იმ დროს მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი დასაქმებულს ანიჭებს უფლებას, თავისი ინიციატივით მოშალოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

განსახილველი ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლის დირექტორის მიერ თავისი ნება-სურვილით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში სამეურვეო საბჭომ უნდა განიხილოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. განხილვის პროცესი არ ნიშნავს განცხადების ავტომატურად, უპირობოდ დაკმაყოფილებას ან უარყოფას, არამედ - მის ყოველმხრივ შესწავლასა და გამოკვლევას.

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლება თუნდაც მისი პირადი სურვილის საფუძველზე, თუ შესაბამისად არ იქნება შესწავლილი სათანადოდ განმაპირობებელი გარემოებები. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითის სახით მოყვანილი გადაწყვეტილება ეხება ორსული ქალის სამუშაოდან დათხოვნას, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საკასაციო სასამართლოს განმარტებებზე დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის განცხადების განხილვის წესთან და თავისებურებებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ:

„განსახილველ დავაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა სამსახურიდან ისე გაათავისუფლა 7 თვის ორსული ქალი - საჯარო მოსამსახურე, რომ არც დაინტერესებულა, რამ განაპირობა ქვეყანაში, მით უფრო, რეგიონებში გამეფებული საყოველთაო უმუშევრობის ფონზე, მის მიერ განცხადების დაწერა გათავისუფლების თაობაზე. რატომ არ იყენებდა კანონით მინიჭებულ უფლებას დეკრეტული შევებულების აღების თაობაზე, განცხადება დაწერა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობებში ნების გამოვლენის განმარტების სამართლებრივ წანამძღვრებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტო - გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს (მულხლი 54), ასევე ბათილად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება თუ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დათქმა მიუთითებს იმაზე, რომ ნების შინაარსი უნდა დადგინდეს კონკრეტული გარიგების ყველა ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ეკონომიკურ თუ იურიდიულ ინტერესს, რომლის მიღწევას მხარეები ამ გარიგებით ისახავდნენ (www.supremecourt.ge).

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

განსახილველ შემთხვევაში, არც საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას და არც სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ, ნ. მ-ის განცხადება შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლებისა და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს“ (იხ. სუსგ № ბს-463-451(კ-13), 18 თებერვალი, 2014 წელი).

ზემოთ მითითებული მაგალითის მსგავსად, განსახილველ შემთხვევაშიც, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ არამართლზომიერად გამოიყენა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, 44-ე და შრომის კოდექსის 38-ე მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ყოველივე ეს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილობას.

ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ შრომით ურთიერთობებში დასაქმებულის და დამსაქმებელის უფლებათა რეალიზაციის სამართლებრივი მექანიზმები უნდა პასუხობდეს დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „საყურადღებოა საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან. ევროპის სოციალური ქარტიის, 4.4 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876_რს დადგენილებით), შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება“ (იხ. სუსგ № ას-106-101-2014).

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა ასევე, რომ „მოსალოდენლი გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინების/გაფრთხილების ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან, წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვლისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს, რომ ეს არ იყოს მისთვის მოულოდენლი“ (იხ.სუსგ №ბს-822-788/კ-06, 6.02.2007 წელი).

ასევე ყურადსაღებია საკასაციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (იხ.სუსგ №ას-527-495-2010, 11.10.2010 წელი) მოცემული განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „...საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. თ-ას მიმართ დარღვეულ იქნა წინამდებარე სამართლებრივი დანაწესები, რაც იწვევს სამეურვეო საბჭოს სადავო გადაწყვეტილების ბათილობას.

კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობაზე. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქ. ფოთის № ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე