საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-413-393-2015 28 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ა-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ნი, გ. კ-ნი, მ. ჟ-ტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. ა-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ა. კ-ნის, გ. კ-ნისა და მ. ჟ-ტისათვის (შემდგომში _ მოპასუხეები) შპს „ლ-ს“ მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობის ნაწილში 2013 წლის 3 მარტს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, მოთხოვნის დათმობის ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს სამშენებლო საინვესტიციო კომპანია „ლ-ს“ გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში (საბოლოო ანგარიშის შესაბამისად) მიკუთვნებულ თანხებზე (ა. კ-ნი - 8 728 ლარი, გ. კ-ნი - 13 092 ლარი, მ. ჟ-ტი - 28 821 ლარი) უფლებამოსილ პირად მოსარჩელის აღიარება და აღნიშნული თანხების მისთვის მიკუთვნება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა წარადგინეს როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი, ისე შემწყვეტი შესაგებელი და აღნიშნეს, რომ სადავო გარიგების დადებისას მოტყუებას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ისინი ცნობილ იქნენ 2011 წლის 3 მარტის ხელშეკრულებაში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, სადავო გახადოს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, ამასთანავე, გაშვებულია გარიგების შეცილების ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელის საგანი მოპასუხეებისათვის მოთხოვნის დათმობის ნაწილში მოსარჩელის სახელით 03.03.2011წ. დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული მსჯელობა, რომ გარიგება დაიდო მოსარჩელის მოტყუების საფუძვლით, რის გარეშეც გარიგება არ დაიდებოდა. მოსარჩელე (აპელანტი) განმარტავდა, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ შპს „ლ-ს“ კრედიტორებს, მათ კი თავი წარმოაჩინეს დაზარალებულად, რათა მიეღოთ კომპენსაცია. აპელანტის განმარტებით, გარიგება დაიდო მოტყუებით და არა შეცდომით.
5.1.2. მოსარჩელე შპს სამშენებლო საინვესტიციო კომპანია „ლ-ს“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი იყო. მასვე, როგორც კრედიტორს, გააჩნდა 1 349 357 ლარის მოთხოვნის უფლება ამავე იურიდიული პირის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2010წ. განჩინებით ბრალდებულ მ. ა-ძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 28.02.2011წ. ქ.თბილისის №8 დაწესებულების პატიმარმა მოსარჩელემ გასცა მინდობილობა გ. ა-ძის სახელზე იმ მიზნით, რომ წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით განეხორციელებინა შემდეგი მოქმედება: მოეწერა ხელი მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ შპს „ლ-ს“ გაკოტრების საქმეში აღიარებულ მ. ა-ძის მოთხოვნას 1 349 317 ლარის ოდენობით გადასცემდა შპს „ლ-ს“ კრედიტორებს, ანუ დაზარალებულ მხარეს.
5.1.3. 03.03.2011წ. გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლითაც სხვა ცესიონერებთან ერთად მოთხოვნა დაეთმოთ მოპასუხეებს. ხელშეკრულების თანახმად, „მოთხოვნის უფლება ცესიონერებს გადაეცემათ მათი, კომპანია ლ-ს მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად“.
5.1.4. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის (მისი წარმომადგენლისათვის) განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან ისეთი გარემოებების დამალვა, რომელთა გამჟღავნების შემთხვევაშიც სადავო გარიგება არ დაიდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე სუბიქტები არ ყოფილან.
5.1.5. 18.11.2011წ. განაჩენის თანახმად, მოსარჩელეს ბრალი დაედო მასში, რომ 2005 წელს მან განიზრახა ფიქტიურად შეექმნა სამშენებლო კომპანია და მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართების შეძენის მსურველ მოქალაქეთა ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაუფლებოდა მათ კუთვნილ ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან 2005 წლის 25 აგვისტოს დაარეგისტრირა შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლ-“ და თბილისში, ქ-ძის ქ№...-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების თაობაზე განათავსა სარეკლამო აბრა, თითქოსდა სამშენებლო კომპანიას გააჩნდა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და ახორციელებდა 22-25 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. რეალურად, შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლ-ს“ არ გააჩნდა შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და კლიენტის მოზიდვის მიზნით, გავრცელებული ცრუ დაპირება წარმოადგენდა თაღლითური სქემის ნაწილს. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული _ თაღლითობა. განაჩენში მოპასუხეები დაზარალებულის სტატუსით მოხსენიებული არ არიან. მოსარჩელე ასევე განმარტავდა, რომ მოპასუხეები იყვნენ ფიზიკური პირის _ ზ. ზ-ძის და არა შპს „ლ-ს“ კრედიტორები, შპს „ლ-ს“ მიმართ მოთხოვნის დათმობა მოხდა მხოლოდ მოტყუების გზით.
5.1.6. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შეფასებულიყო როგორც მოპასუხეთა მხრიდან არსებული გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე ე.წ. ობიექტური კრიტერიუმი - როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი:
5.1.7. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ზ. ზ-ძეს არაერთ ფიზიკურ პირთან ჰქონდა გაფორმებული ე.წ ასაშენებელი შენობა-ნაგებობიდან ბინის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომლის ნაწილიც უნდა ყოფილიყო ნასყიდობის საგანი, აწარმოებდა სამშენებლო საინვესტიციო კომპანია „ლ-ო“. მოსარჩელეები, რომლებსაც ხელშეკრულებები დადებული ჰქონდათ სხვა პირთან, რომელსაც, თავის მხრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა შპს სამშენებლო საინვესტიციო კომპანია „ლ-სთან“, ელოდნენ, რომ ამ სამშენებლო კომპანიის მიერ მშენებლობის დასრულების შემდეგ მიიღებდნენ კუთვნილ ფართებს, ანუ მოპასუხეთათვის ხელშეკრულების მიზნის მიღწევა გარკვეულწილად ასოცირდებოდა შპს „ლ-ს“ მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასთან. მოპასუხეთა განმარტებით, ისინი ხშირად დადიოდნენ შპს „ლ-ს“ ოფისში, სადაც ხვდებოდნენ როგორც ზ. ზ-ძეს, ისე მ. ა-ძეს. ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო შპს სამშენებლო საინვესტიციო კომპანია „ლ-ს“ გადახდისუუნარობის საქმე; თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2010წ. განჩინებით ბრალდებულ მ. ა-ძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ როგორც მოაპასუხეებს, ისე იმავე პირობებში მყოფ სხვა ადამიანს, შეიძლებოდა გასჩენოდა უფლებების დაცვის ყველა შესაძლო ღონისძიების გამოყენების სურვილი. რამდენად სწორად და კომპეტენტურად მოხდა ეს, შეფასების საკითხია, მაგრამ თავისთავად ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა პროკურატურას მიმართეს უფლებათა დასაცავად, არ შეიძლებოდა შეფასებულიყო არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რომლის მიზანიც მოსარჩელის შეცდომაში შეყვანა იყო. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 6 მარტს გაცემული №... ცნობის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნულ უწყებაში შესული იყო მოპასუხეების განცხადება, სადაც ისინი უთითებდნენ შპს „ლ-სა“ და მოსარჩელის მხრიდან მათი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე.
5.1.8. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს შესაბამის ორგანოს, ამდენად, თუ პირი მიიჩნევს, რომ მას მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად, იგი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის უწყებას. მსგავსი სახის განცხადების არსებობა არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უდავო საფუძველს, აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
5.1.9. პალატის განმარტებით, არსებითი იყო, თუ რა მიზნით ხელმძღვანელობდნენ მოპასუხეები მითითებული განცხადების შედგენისას: მოსარჩელის მოტყუების, თუ პირადი უფლებების დაცვის. მოპასუხეთა ქმედება შემოიფარგლა განცხადების შედგენით. ამის შემდეგ, მოსარჩელემ მიიღო გადაწყვეტილება თავისი მოთხოვნები დაეთმო შპს „ლ-ს“ კრედიტორებისათვის და სწორედ ამ პირებზე მოთხოვნის დასათმობად გასცა მინდობილობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა რწმუნებულმა გ. ა-ძემ განმარტა, რომ მას არც კი უცდია კრედიტორთა სიის გადამოწმება, შესაბამისად, ნება ხელშკრულების დადებაზე მომდინარეობდა ცედენტისგან, რომლის წარმომადგენელსაც არ გადაუმოწმებია ცესიონერების კრედიტორობის სტატუსი, ისე შესთავაზა მათ ხელშეკრულების დადება, რასაც ცესიონერები, მათ შორის მოპასუხეები, დაეთანხმნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელესთან სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების მიზნით ამ უკანასკნელის მოტყუების ფაქტი არ დგინდებოდა. დგინდება მოსარჩელის (მისი წარმომადგენლის) მხრიდან შეცდომა მოპასუხეთა სტატუსში.
5.1.10. მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით ზ. ზ-ძე ადასტურებდა შპს „ლ-ს“ მიმართ ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებას - მიწის ნაკვეთი (3684 კვ.მ) გადასცა სამშენებლო კომპანიას, შპს „გ-ი 2-თან“ და გ. გ-თან მოლაპარაკება და მათ მიერ ნაკვეთების გადაცემა კი, ვერ მოახერხა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ერონული ბიუროს 20.12.2013წ. საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს „სამშნებლო-საინვესტიციო კომპანია ლ-ს“ გააჩნდა დებიტორული მოთხოვნა ფიზიკური პირის _ ზ. ზ-ძის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა და მისი უფლებამონაცვლე გახდა ლ. თ-ი, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა. ამასთან, შპს „სამშნებლო-საინვესტიციო კომპანია ლ-ს“ მოთხოვნას ღირებულება არ ჰქონდა, რადგან ლ. თ-ის სახელზე უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და საბანკო ანგარიშზე თანხა არ ირიცხებოდა. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პროკურატურაში მიმართვის მომენტში შპს „ლ-ს“ წინაშე ზ. ზ-ძის დავალიანების თაობაზე მოპასუხეების ინფორმირებას, მოსარჩელეს არ წარუდგენია.
5.1.11. 01.07.2012წ. შპს „ლ-ს“ განახლებულ კრედიტორთა პირველ კრებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი დ. მ-ლი. ამავე სხდომაზე ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით, შპს „ლ-ს“ კრედიტორ მოსარჩელის უფლებამონაცვლედ 148 616 ლარის მოთხოვნის ნაწილში აღიარებულ იქნა მ. ჟ-ტი. დადგინდა, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში. 15.02.2013წ. შპს „ლ-ს“ კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მორიგ სხდომას ასევე ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი დ. მ-ლი. ამავე სხდომაზე, ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებებით, შპს „ლ----ს“ კრედიტორ მ. ა-ძის უფლებამონაცვლედ 43 497 ლარის მოთხოვნის ნაწილში აღიარებულ იქნა ა. კ-ნი, 65 246 ლარის ნაწილში კი _ გ. კ-ნი. დადგინდა, რომ განჩინებების გასაჩივრება შეიძლებოდა მისი გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში. სასამართლომ კვლავ მიუთითა საქართველოს მთავარი პროკურატურის 06.03.2013წ. №... ცნობაზე, რომლითაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მოპასუხეთა სტატუსი. 07.02.2014წ. განჩინებით დასრულდა მოვალე შპს „სამშენებლო -საინვესტიციო კომპანია ლ-ს“ გაკოტრების საქმის წარმოება. დადგინდა განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მომენტში მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხეთა სტატუსი.
5.1.12. 07.02.2014წ. შპს სამშენებლო საინვესტიციო კომპანია „ლ-ს“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის თანახმად, მოპასუხეები ცნობილ იქნენ მეექვსე რიგის კრედიტორებად და მიიღეს მოთხოვნის ნაწილი: მ. ჟ-ტმა - 148 616 ლარიდან 29 821 ლარი (4,58955 %); ა. კ-ნმა - 43 497 ლარიდან 8 728 ლარი (1,34327%); გ. კ-ნმა - 65 246 ლარიდან 13 092 ლარი (2,01492%), შესაბამისად, მოპასუხეთა მოთხოვნის უფლება საბოლოოდ დადასტურებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საპროცესო დოკუმენტებით, რომლებიც გაუქმებული არ არის.
5.1.13. აპელანტი სადავო გარიგების შეცდომით დადებულ გარიგებად შეფასების შემთხვევაში, მის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას არ ეთანხმება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სარჩელი იმავე მოთხოვნით აღძრული ჰქონდა ჯერ კიდევ 20.02.2013წ, ამდენად, თავად აპელანტი მის მიერ განხორციელებულ შეცილებად მიიჩნევდა და უთითებდა 20.02.2013წ. სარჩელის წარდგენას. დადგენილ ვადაში განხორციელებულ სხვა შეცილებაზე სააპელაციო საჩივარში მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში სასამართლომ მხარის მიერ მითითებული გარემოების შეფასებისას დადგენილად ცნო, რომ აღნიშნული სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული 26.02.2013წ. განჩინებით. მოსარჩელის (წარმომადგენლის) განმარტებით, მისივე გადაწყვეტილებით განჩინება იმ პერიოდში არ გასაჩივრებულა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 07.02.2014წ. განჩინებით დასრულდა მოვალე შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლ-ს“ გაკოტრების საქმის წარმოება, დადგინდა მოპასუხეთა რიგი კრედიტორთა სიაში და დაკმაყოფილებული მოთხოვნის ფარგლები, მ. ა-ძემ სარჩელი აღძრა და სადავო გახადა ცესიის ხელშეკრულება მოპასუხეთა ნაწილში. არც მოსარჩელე მიუთითებია და არც საქმის მასალებით დასტურდებოდა ექვსი თვის ვადაში იმავე სარჩელით მიმართვის ფაქტი. სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება წარდგენილი იყო 23.01.2014წ, სარჩელი _ 03.02.2014 წელს. გარდა ამისა, მოპასუხეთა მოთხოვნის უფლება საბოლოოდ დადასტურებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საპროცესო დოკუმენტით, რომლებიც გაუქმებული არ არის.
5.1.14. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 72-ე, 73-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, მან სარჩელში მითითებული გარემოება შეიტყო 2013 წლის 15 თებერვალს, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასული იყო შეცილების ერთთვიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილ პირს სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სარჩელი არ შეუტანია, შესაბამისად, არც ხანდაზმულობის ვადა მიიჩნეოდა შეწყვეტილად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები და სადავო ცესიის ხელშეკრულება დააკვალიფიცირა არა მოტყუებით დადებულ გარიგებად, რომლის შეცილების ვადაც 1 წელია, არამედ, შეცდომით დადებულად.
6.1.2 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით მოპასუხეების მხრიდან განზრახ არასწორი ინფორმაციის მოსარჩელისათვის მიწოდების ფაქტი არ დასტურდებოდა და ამ კონტექსტში მხოლოდ პროკურატურაში წარდგენილი წერილი გამოიკვლია, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეები ზ.ზ-ძის კრედიტორები იყვნენ, გარიგება დაიდო მასთან და ვალდებულების შესრულებაც ზ.ზ-ძის მიწის ნაკვეთიდან უნდა მიეღოთ, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით ცდილობს, ზ.ზ-ძის ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა კასატორს დააკისროს, მაშინ, როდესაც ზ.ზ-ძის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას არავითარი კავშირი არ აქვს შპს „ლ-სა“ და მოსარჩელესთან.
6.1.3. გადახდისუუნარობის საქმიდან გამომდინარე შპს „ლ-ს“ მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა შეადგენდა 1 349 317 ლარს, ამავე კომპანიის მიმართ სხვა კრედიტორებსაც ჰქონდათ წარდგენილი მოთხოვნები. კასატორმა მიუთითა 28.02.2011წ. მინდობილობაზე, მოთხოვნის დათმობის სადავო ხელშეკრულებაზე და განმარტა, რომ ამ ხელშეკრულებაში აშკარად იყო გამოხატული ცედენტის ნება, მოთხოვნის უფლება დაეთმო მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის ფარგლებში იყვნენ „ლ-ს“ კრედიტორებად აღიარებული და გააჩნდათ სასამართლოს მიერ დადასტურებული შესაბამისი მოთხოვნა. ამდენად, სასამართლოს იმ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ მოპასუხეებს პროკურატურისათვის მიმართვისას გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ გააჩნდათ მოთხოვნის უფლება სადავო თანხაზე, ეს გარემოება მათთვის ხელშეკრულების დადებისათვის ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ცნობილი, ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, რაც სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.
6.1.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხოლოდ პროკურატურისათვის მიმართვის ფაქტზე დაყრდნობით იმსჯელა მოტყუების საკითხზე, თუმცა შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ მოპასუხეები ხელშეკრულების დადებისას, რა ინფორმაციას ფლობდნენ ხელშეკრულებაში მითითებულ გარემოებებზე და თავად გარიგების დადებისას განზრახ დუმდნენ თუ არა იმ გარემოებების თაობაზე, რაც ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ემყარება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების შეცილების ვადა (ს.კ-ის 79-ე მუხლი) იყო გასული, რამდენადაც 03.03.2011წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა მოსარჩელემ 2014 წლის 3 თებერვალს წარადგინა, ამასთანავე, არ დგინდებოდა სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, რადგანაც თავდაპირველად აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვებიდან (20.02.2013წ.) გასული იყო 6 თვეზე მეტი დრო, გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო კოდექსის 72-ე-73-ე მუხლებით გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლოს მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება შეცდომით და არა მოტყუებით დადებულ გარიგებად უნდა მიეჩნია, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული საპროცესო აქტებით მოპასუხეთა უფლების დადასტურების ფაქტი, რომელთა თაობაზეც მოსარჩელის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო, სასამართლო აქტი კანონიერ ძალაშია შესული, არც გასაჩივრებულა და არც გაუქმებულა. 06.03.2013 წლის მთავარი პროკურატურის ცნობით მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი იყო მოპასუხეთა სტატუსი. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებასაც, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ გ. ა-ძის სახელზე გასცა მინდობილობა, რათა ამ უკანასკნელს წარმოდგენილი პირის სახელით დაედო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შპს „ლ-ს“ კრედიტორებთან. რწმუნებულის განმარტებით, მას არც კი უცდია კრედიტორთა სიის გადამოწმება, ისე გააფორმა სადავო გარიგება. კასატორს მითითებული გარემოებების წინააღმდეგ არა თუ დასაბუთებული შედავება, პრეტენზიაც არ წარმოუდგენია, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ვერც სამოქალაქო კოდექსის 72-ე და ვერც 81-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის არსებობის დამტკიცება.
1.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში დადგენილია საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში დატოვების აუცილებლობა. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით გათვალისწინებულ იქნა კასატორის შუამდგომლობა, ქონებრივი მდგომაროების გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო წინამდებარე განჩინებით დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნა მიჩნეული მ.ა-ძის საკასაციო საჩივარი, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის _ 2 532,05 ლარის 30%-ის _ 759,615 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ა-ძეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 2 532,05 ლარის 30%-ის _ 759,615 ლარის გადახდა.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ.ბაქაქური