Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-452-431-2015 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „თ. ს. კ-ია“, გენერალური დირექტორი ა. ჯ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა შპს „თ. ს. კ-იისათვის“ (შემდგომში _ მოპასუხე) 145 000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 12.08.2013წ., ძაბვის ვარდნის გამო, გამოირთო ელექტროენერგია, მოსარჩელემ დაკარგა ორიანტაცია და ჩავარდა მატარებლის სამოძრაო ორმოში. მოძრავი შემადგენლობის გადაადგილების გამო მიიღო სხეულის დაზიანება, ასევე მძიმე სულიერი ტრავმა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა წინდახედულება და არ გადაადგილებულიყო სიბნელეში, მომხდარში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 10 000 ანაზღაურება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.2. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 554.16 ლარისა და მორალური ზიანის _ 20 000 ლარის ანაზღაურება.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს, მეტროსადგურ „ს-ში“ გაითიშა ელექტროენერგია. ამ დროს მგზავრობდა მოსარჩელე, რომელმაც სადგურში განათების გამორთვის გამო, დაკარგა ორიენტაცია, გადავარდა მატარებლის სავალ ლიანდაგებში, რა დროსაც შემოდიოდა სადგურში მატარებელი, რელსებს შორის მყოფი მოსარჩელე მატარებლის მოძრავი შემადგენლობის ქვეშ აღმოჩნდა (მოსარჩელე განმარტავდა, რომ მან მოახერხა მატარებლის რელსებს შორის ჩაწოლა, რითაც თავიდან აიცილა ფატალური შედეგი. სიბნელეში შემოსულმა მატარებლის შემადგენლობამ ვერ მოასწრო შეჩერება და რამდენიმე ვაგონმა რელსებს შორის მყოფ მოსარჩელეზე გადაიარა).

5.1.2. სტაციონარული პაციენტის №... სამედიცინო ბარათის თანახმად, მოსარჩელემ მიიღო ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ხერხემლის დახურული ტრავმა, მარცხენა ტერფის მეოთხე, მეხუთე თითის დაჟეჟილობა.

5.1.3. მოსარჩელეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევები.

5.1.4. შპს „ფ. ჯ-სა და ნ-ის პრევენციის ცენტრის“ 2-ის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა F-43.1 (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა), რაზეც მიუთითებს ანამნეზური მონაცემები - რამდენიმე თვის წინ (6 თვე) გადატანილი, განსაკუთრებული სტრესული მოვლენა, რის შედეგადაც აღენიშნება გადატანილი სტრესის განმეორებითი განცდა, აკვიატებული ხატოვანი მოგონებები, კოშმარული სიზმრები, ემოციური გაზერელება, ადამიანებისაგან განდეგილობა, განმარტოება, დეპრესიული სიმპტომები სუიციდური აზრებით, შიშის, პანიკის, აგრესიის ეპიზოდები. აღნიშნული მდგომარეობა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია 2013 წლის 12 აგვისტოს მიღებულ ფსიქიკურ და ფიზიკურ ტრავმასთან.

5.1.5. 2013 წლის 12 აგვისტოს, იმ დროს, როდესაც მეტროპოლიტენით მგზავრობდა მოსარჩელე და მეტროსადგურ „ს-ში“ გაითიშა ელექტროენერგია, სადგურის ბაქანზე არ ჩართულა საავარიო განათება, შესაბამისად, არ იყო დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. მოპასუხე შესაგებელში უთითებდა, რომ შემთხვევის დროს, ელექტროენერგიის გამორთვისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ჩაირთო ავარიული განათება, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო, გამოირთო ინვენტორი, რამაც გამოიწვია ავარიული განათების გათიშვა. მოპასუხემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მიუთითა, რომ კ-ია ვალდებული იყო და ჰქონდა კიდეც სათადარიგო განათების მეურნეობა, თუმცა, კონკრეტული სადავო შემთხვევის დროს, დენის ძაბვის დავარდნის გამო, სათადარიგო მეურნეობა გამოვიდა მწყობრიდან და ბაქანზე განათება ვერ ჩაირთო, ჩაირთო მხოლოდ კიბეებზე (11.06.2014წ. სასამართლო სხდომის ოქმი 17:08:34სთ). პალატამ მოსარჩელის ახსნა-განმარტების, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების: მეტროსადგურ „ს-ის“ მორიგის ი. ა-ისა და საპატრულო პოლიციის ინსპექტორ ნ. კ-იას ჩვენებების გათვალისწინებით (რომლებიც ადასტურებენ, რომ ავარიული განათება ქვედა ვესტბიულში არ იყო, იყო მხოლოდ კიბეებზე, საიდანაც შემთხვევის ადგილამდე 18-20 მეტრია. პატრულ-ინსპექტორის ჩვენების თანახმად, რადგან არ ჩაირთო ავარიული განათება და იყო სიბნელე, იგი მობილური ტელეფონის განათებით გადაადგილდებოდა; მოსარჩელის ლიანდაგებში ჩავარდნა ვერ შენიშნა, რადგან იგი შორს იმყოფებოდა ამ ადგილიდან) არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ დამდგარ შედეგში კ-იას ბრალი არ მიუძღვოდა. მოპასუხის განმარტება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ელექტროენერგიის გამორთვისას იმყოფებოდა არა ბაქანზე, არამედ კიბეზე, სადაც ჩაირთო ავარიული განათება, გარდა ამისა დღის სინათლე აღწევდა კიბეების ბოლომდე. იგი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორის მითითებას, გააგრძელა გზა კიბეებიდან და 18-20 მეტრის გავლის შემდეგ ჩავარდა ლიანდაგებში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

5.1.6. სასამართლოს განმარტებით, ავტოს. საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სრული და გარანტირებული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ექსპლუატაციისას ადამიანისა თუ ნივთისადმი რაიმე სახის ზიანის მიყენების შესაძლებლობა არსებობს. პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება.

5.1.7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება საქმეში წარმოდგენილ საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორის მიერ 12.08.2013წ. შედგენილ ... აქტზე, რომლის სისწორესაც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა მოსარჩელე (აქტის თანახმად, განათება გამოირთო მაშინ, როდესაც მოსარჩელე ჩადიოდა მ/ს „ს-ის“ კიბეებზე), რადგანაც ეს აქტი შედგენილი იყო უშუალოდ შემთხვევის დღეს, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ამ დროისათვის იმყოფებოდა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტანჯვის ქვეშ. შესაბამისად, მისი ხელმოწერა მითითებულ აქტზე, არ შეიძლებოდა გაგებულიყო იმდაგვარად, რომ მოსარჩელე იმ მომენტისათვის დეტალურად აცნობიერებდა შედგენილი აქტის შინაარსის შესაბამისობას რეალობასთან.

5.1.8. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 145 000 ლარის დაკისრება, საიდანაც 140 000 ლარი მოთხოვნილი იყო მორალური ზიანის, ხოლო 5 000 ლარი _ მატერიალური ზიანის სახით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უმსჯელია მატერიალური ზიანის მოთხოვნის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იგი არ იყო შეზღუდული, ემსჯელა მითითებული მოთხოვნის შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო, შპს „კ-ის“ 2013 წლის 9 სექტემბრის N... ანგარიშ-ფაქტურა, რომლის შესაბამისად, პაციენტ მ. ა-ის სამედიცინო მომსახურების საფასური შეადგენს - 365 ლარს. წარმოდგენილი იყო ასევე გადახდის ქვითრები, შპს „ტ-ის“ მიერ გაცემული 2013 წლის 13 აგვისტოს ტალონი, რომელთა მიხედვითაც შეძენილი მედიკამენტების საფასურის ჯამი შეადგენს 189.16 ლარს.

5.1.9. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 992-ე, 412–ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხისაგან მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც არსებობდა ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მატერიალური ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 554.16 ლარით, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გონივრულ ოქდენობად პალატამ 20 000 ლარი მიიჩნია.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო პალატამ, მართალია, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დაეთანხმა მას, სასამართლოს მიერ განსაზღვრული მატერიალური ზიანის ოდენობა დაუსაბუთებელია, რადგანაც ემყარება გაურკვეველი შინაარსის ჩეკებს, რომელთა ნაწილი სადავო შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგაა გაცემული, ამასთანავე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გაეწერა ტკივილებისა და რაიმე ჩივილების არარსებობის გამო.

6.1.2. რაც შეეხება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ მორალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენდა 2 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილების ამავე აბზაცში ეს თანხა 20 000 ლარით განსაზღვრა. კასატორის მოსაზრებით, დაკისრებულად სწორედ 2 000 ლარი უნდა იქნას მიჩნეული, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ამ თანხაზე მიუთითებს.

6.1.3. გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს მისი მე-6 პუნქტის ბოლო აბზაცი და სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი. სასამართლომ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით დააკისრა გაურკვეველი თანხის _ 1 038 ლარის გადახდა, რომელიც სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტს ეწინააღმდეგება.

6.1.4. სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და არ გაითვალისწინა, რომ მომხდარის მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვოდა, ამ თვალსაზრისით არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის 12.08.2013წ. აქტი, ასევე, პატრულ-ინსპექტორის განმარტება, რომ მან გააფრთხილა მგაზვრები არ გადაადგილებულიყვნენ, თუმცა მოსარჩელე, რომელიც 18-20 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა ლიანდაგიდან, არ დაემორჩილა გაფრთხილებას და განაგრძო სვლა.

6.1.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ტ-ის“ ჩანაწერების თანახმად, პაციენტის გადმოცემით, მას ლიანდაგში ჩავარდნისას გონება არ დაუკარგავს, ექსპერტიზის #... დასკვნაში აღნშნულია, რომ მოსარჩელემ ლიანდაგში ჩავარდნისას დაკარგა გონება, ხოლო ე.წ „ტრიაჟის“ ფურცელში მითითებულია, რომ გონების დაკარგვა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ეს გარემოებები მოწმობს, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნა ლიანდაგში ჩავარნამდე, რამაც გამოიწვია დამდგარი შედეგი. სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სესახებ“ საქართველოს კანონით და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდია და დადგენილი აქვს შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც საკმაოდ მძიმე ხარისხია და დამდგარ შედეგში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის.

6.1.6. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულმა თავად შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, ხოლო ელექტროენერგიის გათიშვისას, რომელიც მოპასუხის ბრალით არ მომხდარა, სადგურში ჩაირთო ავარიული განათება, რაც საკმარისი იყო მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციისათვის, ამასთანავე, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სულიერი ტკივილის ხარისიხი არც 2 000 და არც 20 000 ლარს არ შეესაბამება.

6.1.7. სააპელაციო პალატამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზიანი არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, არამედ მოსარჩელის გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგად დადგა, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი, ამასთანავე, პალატამ შეფასება არ მისცა მოსარჩელის განმარტებას, რომ მკურნალობის ხარჯი, დაახლოებით, 500 ლარი, მას აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ, რაც მატერიალური ზიანის არსებობას გამორიცხავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მეტროსადგურში ელექტროენერგიის გამორთვისას სრულყოფილად არ ჩაირთო ავარიული განათება, რის შედეგადაც მეტროს ბაქანთან მყოფმა მოსარჩელემ დაკარგა ორიენტაცია და ჩავარდა მატარებლის სამოძრაო ორმოში. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასებისას არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელე ლიანდაგიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, ამასთანავე, პალატა არც მოპასუხის იმ პოზიციას დაეთანხმა, რომლის თანახმადაც დამდგარ შედეგში მისი ბრალეული ქმედება არ დასტურდებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულმა მატერიალურმა ზიანმა (ფაქტობრივი დანახარჯები) შეადგინა 554,16 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიჩნეულ იქნა 20 000 ლარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მატერიალური ზიანის არარსებობის თაობაზე, რამდენადაც სასამართლოს დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობაში შეფასებას, კასატორს ამ გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დამაჯერებლად გააქარწყლებდა დადგენილ სადავო გარემოებას, ასევე, ვერ იქნება გაზიარებული მხარის ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს დადგენილი ჰქონდა შესაძლებლობის შეზღუდვა და დამდგარი შედეგი მის ბრალეულ ქმედებას მოჰყვა, რამდენადაც, მხარის ეს მოსაზრება აგებულია ვარაუდზე და ვერ აქარწყლებს დელიქტურ ვალდებულებაში დადგენილ მოპასუხის ბრალს, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით.

1.5. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილ პრეტენზიას, უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით სადავო ურთიერთობის რეგულირებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობა დაადგინა, ხოლო კასატორს დადგენილი გარემოებების საპირისპიროდ, დამაჯერებელ არგუმენტებზე არ მიუთითებია.

1.5.1. მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ საკონპენსაციო თანხა 20 000 ლარია. სარეზოლუციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიან ნაწილს და მასში ასახული გარემოებები, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ექვემდებარება სისრულეში მოყვანას, ამასთანავე, ის ფაქტი, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა ასევე 2 000 ლარზე, არ შეიძლება კასატორის პოზიციის გაზიარების წინაპირობა გახდეს, არამედ, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით.

1.6. სახელმწიფო ბაჟის თაობაზე პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის _ 20 551,16 ლარისა (20 000+554,16) და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის _ 400 ლარის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა მხარეს ამ თანხის 3%-ისა და 4%-ის გადახდა (პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული განაკვეთით), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

1.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს დ. მ.–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 27 მარტს #... საგადახდო დავალებით გადახდილი _ 1 027,70 ლარის 70% _ 719,39 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ. ს. კ-იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „თ. ს. კ-იას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ. მ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 27 მარტს #... საგადახდო დავალებით გადახდილი _ 1 027,70 ლარის 70% _ 719,39 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური