№ას-511-484-2015 30 სექტემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდო.ე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ც-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრების გათანაბრება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ც-ძის სარჩელი მოპასუხე თ. გ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით:
3.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკამაყოფილდა ნაწილობრივ;
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3.3. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ა. 23 744.18 ლარის გადახდა; ბ) 9072.24 ლარის გადახდა; გ) 23 744.18 ლარის ყოველწლიურად 9%-ის გადახდა, 2014 წლის 8 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში.
3.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელემ, 20--- წლის --- აპრილის მინდობილობით, თავის რძალს მიანიჭა საკუთარი უძრავი ნივთის (ქალაქ ბათუმში, --- მ.ის ქუჩის №----ში მდებარე №--- ბინა) განკარგვის სრული უფლებამოსილება.
4.2. მოსარჩელის რძალს ბინა უნდა გაეყიდა და მიღებული თანხა გადაეცა მოსარჩელისათვის სხვა უძრავი ქონების შესაძენად და ვალების გასასტუმრებლად.
4.3. 2008 წლის 18 აპრილს მოსარჩელეს, მოპასუხესა და სს ,,ს. ბ-ს” შორის დაიდო იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბინა საკუთრებაში გადაეცა მოპასუხეს. იმავდროულად, ეს ქონება დაიტვირთა იპოთეკით. მითითებული სესხი არ დამტკიცებულა და შესაბამისად, ბ-ის მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკაც გაუქმდა, ხოლო ბინა დარჩა რეგისტრირებული მოპასუხის საკუთრებად.
4.4. 2008 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ა-სა“ (შემდეგში გამსესხებელი) და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა ისესხა (15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) და ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზემოხსენებული ბინა.
4.5. მოსარჩელის გადაწყვეტილებით, (მან თვითონ მონახა მყიდველი და განსაზღვრა ფასიც) 20--- წლის --- ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბინა გადავიდა მესამე პირის საკუთრებაში. მიღებული ნასყიდობის საფასურიდან (60 000 აშშ დოლარი) მთლიანად დაიფარა გამსესხებლის მიმართ არსებული მოპასუხის ვალი (23744.18 ლარი), ხოლო დანარჩენი თანხა გადაეცა მოსარჩელეს.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ გაისტუმრა მოპასუხის ვალი 23744.18 ლარის ოდენობით, გაუჩნდა შესაბამისი ხარჯების მოთხოვნის უფლება მოპასუხისგან. პალატამ აღნიშნა, რომ ამ ხარჯებში იგულისხმება როგორც აღნიშნული თანხა, ასევე - ამ თანხით ფაქტობრივად სარგებლობისა და კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი ზიანიც სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 986-ე მუხლის შესაბამისად.
6. სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული თანხის ანაბრის სახით განთავსებითაც კი, შესაძლებელი იყო შემოსავლის მიღება იმ ოდენობით, რაც დადგენილი იყო საქართველოში არსებულ საბ-ო (საკრედიტო) დაწესებულებებში ანაბრებისათვის სარგებლის (წლიური პროცენტის) სახით, კერძოდ, მოსარჩელეს (აპელანტს) შეეძლო - თანხის ანაბრის სახით განთავსების შედეგად მიეღო და მომავალშიც, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიიღოს შემოსავალი საშუალოდ ამ თანხის წლიური 9%-ის (ანუ - ყოველწლიურად 2136.97 ლარი) ოდენობით, რაც, 2009 წლის 29 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე (2014 წლის 8 იანვარი) პერიოდისათვის, შეადგენდა 9072.24 ლარს.
7. მოპასუხე ამტკიცებდა, რომ სესხად მიღებული თანხა გადასცა მოსარჩელეს და სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრებოდა ვალდებულება გამსესხებლის წინაშე - დაეფარა სესხი. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოპასუხე ეყრდნობოდა საკუთარ ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვენებებს.
8. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა მოპასუხის ახსნა-განმარტებას აქარწყლებდა მოსარჩელის ახსნა-განმარტება (როგორც თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულება) სესხის არარსებობის თაობაზე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არ იყო საკმარისი სადავო გარემოების დასამტკიცებლად.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ 2009 წლის 29 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ისარგებლა მაკლერის მომსახურებით და გაიღო ხარჯი 1800 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, პალატამ განმარტა, რომ, თუნდაც მოსარჩელეს დაემტკიცებინა ამ გარემოების არსებობა, ამ ხარჯის გაწევა მაინც ვერ იქნებოდა მიჩნეული მოპასუხის ქმედების პირდაპირ და უშუალო, მიზეზობრივ კავშირში მყოფ შედეგად, რადგან, ზოგადად, ბინის გაყიდვა არ მოითხოვდა მაკლერის მომსახურებით აუცილებლად სარგებლობას.
10. ამავე მოტივაციით, ამგვარ შედეგად ასევე ვერ მიიჩნეოდა მოსარჩელის (აპელანტის) მიერ ბინის ქირის სახით გარკვეული თანხების გადახდა, რადგან დამტკიცებული იყო, რომ ბინის გასხვისების შემდეგ აპელანტს გადაეცა საკმაოდ სოლიდური თანხა, რომლითაც, შესაბამისი ეკონომიკური გათვლებითა და საშუალო განვითარების ადამიანისათვის დამახასიათებელი გონივრული წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, აპელანტს შეეძლო ბინასთან შედარებით უფრო ნაკლები ფართობისა და ღირებულების უძრავი ქონების შეძენა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ნაქირავებ ბინაში ცხოვრება და ქირის სახით თანხების გადახდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.
12.2. 26.11.2008 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად მიღებული 15000 აშშ დოლარი გადაეცა მოსარჩელეს და მოხმარდა მისი ვალების გასტუმრებას. იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვის შემდეგ მოსარჩელეს გადაეცა ნასყიდობის მთლიანი თანხა, საიდანაც დაიფარა ზემოხსენებული სესხის თანხა, რომელიც, როგორც აღინიშნა, მოხმარდა მოსარჩელის ვალების გასტუმრებას, შესაბამისად, მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.
12.3. სასამართლომ უკანონოდ დაადგინა წლიური სარგებლის 9%-იც, რადგან საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შემთხვევაში სარგებლის არსებობის ფაქტი ვერ დადგინდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან კონდიქციური ვალდებულებების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა (სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო თანა მოსარჩელემ გადაიხადა 2009 წელს, გაისტუმრა რა მოპასუხის მიერ 26.11.2008 წელს სესხად მიღებული თანხა. დადგენილია ასევე, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 8 იანვარს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა გასული არაა.
18. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ 26.11.2008 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მან გადასცა მოსარჩელეს ამ უკანასკნელის ვალების გასასტუმრებლად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ თანხის გადაცემის ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდება. სადავო გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, საქმე #ას-858-807-2010წ., 16.05.2011წ.).
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1962 ლარი) 70% – 1373.40 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. გ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1962 ლარი, გადახდის თარიღი – 2015 წლის 11 მ.ი, საგადახდო დავალება №---) 70% – 1373.40 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი