Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-525-498-2015 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – კ., კ. და გ. ღ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ. ქ-ემ (კანონიერი წარმომადგენელი, მეურვე _ მ. მ-ა) მოითხოვა: 16.06.2009 წ. კ. ღ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა; 03.07.2009 წ. მოსარჩელესა და კ. ღ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 18.11.2009 წ. მოსარჩელეს, კ. ღ-ესა და გ. ღ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების გაყოფის აქტის ბათილად ცნობა; 05.10.2012 წ. კ. და კ. ღ-ეებს შორის დადებული უძრავი ქონების (55,70 კვ.მ ფართი) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;05.10.2012 წ. კ. და გ. ღ-ეებს შორის დადებული უძრავი ქონების (84 კვ.მ მიწის კანვეთი) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 08.10.2012 წ. ნ. ქ-ესა და კ. ღ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების (55,48 კვ.მ ფართი) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 08.10.2012 წ. მოსარჩელესა და კ. ღ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების (22 კვ. მიწის ნაკვეთი) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 19.03.2013წ. გ. ღ-ესა და კ. ღ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 19.03.2013წ. კ. ღ-ესა და გ. ღ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; სადავო უძრავი ქონების ერთი საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში აღრიცხვა, ამავე ქონების 1/2 იდეალური წილის ყოველგვარი იპოთეკა-ვალდებულებისაგან გათავისუფლება და საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა; მოსარჩელის 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძის ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, აპელანტების მოწინააღმდეგე მხარის, ნ. ქ-ის გარდაცვალების გამო, წინამდებარე საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე, ექვსი თვის ვადით _ 2015 წლის 30 მაისამდე.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით მ. მ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, განახლდა მოცემულ საქმეზე წარმოება და ნ. ქ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. მ-ა.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. 2015 წლის 25 თებერვალს ნ. ქ-ის მეურვემ და მემკვიდრემ მ. მ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. მ.მ-ას განმარტებით, მან, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრემ, 2015 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს ნ. ქ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების თხოვნით, ხოლო დარჩენილმა მემკვიდრეებმა მ.მ-ას სასარგებლოდ უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე, შესაბამისად, განცხადებას დაურთო მითითებული მტკიცებულებები.

5.1.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლით, 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1433-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მ.მ-ას მოთხოვნილი ჰქონდა ნ.ქ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, აღნიშნულით დგინდებოდა განმცხადებლის მიერ სამკვიდროს მიღება, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლე დადგენილი იყო, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და 283-ე მუხლების თანახმად, არსებობდა განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კ, კ და გ. ღ-ეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლამდე მიიჩნია, რომ მეორე რიგის მემკვიდრის მიერ ნოტარიუსისათვის მიმართვა ადასტურებდა სამკვიდოს მიღებას. ეს გარემოება სასამართლოს არ დაუსაბუთებია. მ.მ-ას მიმართვა სანოტარო ბიურისათვის არ შეიძლება სამკვიდროს მიღებად ჩაითვალოს, მით უფრო, რომ მ.მ-ას სამკვიდრო მოწმობა არ წარუდგენია. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, რადგანაც მხოლოდ განცხადების შეტანა მემკვიდრედ ყოფნას არ იწვევს, ეს ნორმა უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 1424-ე და 1500-ე მუხლებთან ერთობლივად.

6.1.2. მოცემულ შემთხვევაში, უმთავრესია ის გარემოება, რომ ნ.ქ-ემ კ. ღ-ის სახელზე შეადგინა ანდერძი, რომელიც ძალაშია, საბოლოოა და გამოქვეყნდა ნოტარიუსის მიერ. ამ გარემოების გათვალისწინებით, კანონით დადგენილ ვადაში სანოტარო ორგანოს განცხადებით მიმართა ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, კ. ღ-ემ და მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდგომ იგი მიიღებს სამკვიდრო მოწმობას, შესაბამისად, გახდება მოსარჩელის უფლებამონაცვლეც, თუმცა სააპელაციო პალატამ, მიღებული განჩინებით კ.ღ-ეს მოუსპო უფლება, წინამდებარე დავაში იყოს გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლე.

6.1.3. წარმოდგენილ კერძო საჩივარს მხარეებმა დაურთეს კ.ღ-ის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ., კ. და გ. ღ-ეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს პირის უფლებამონაცვლედ ცნობის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კი, გასაჩივრებული გაჩინებით დადგენილია შემდეგი: წინამდებარე დავის საგანი უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებებისა და ანდერძის ბათილად ცნობაა; სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, 2014 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა აპელანტების მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს; სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა საქმის წარმოება გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლის დადგენამდე, ექვსი თვის ვადით _ 2015 წლის 30 მაისამდე; 2015 წლის 25 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ქ-ის ყოფილმა მეურვემ, მ. მ-ამ, რომელიც მამკვიდრებლის მეორე რიგის წარმომადგენლობითი მემკვიდრე _ დისშვილია, წარადგინა 2015 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, მანანა ცხვედიანის, ალექსანდრე ასათიანისა და გრიგოლ ცხვედიანის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები ნ. ქ-ის სამკვიდროზე მ. მ-ას სასარგებლოდ უარის თქმის შესახებ და განმცხადებელმა ითხოვა გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლედ ცნობა, ასევე საქმის წარმოების განახლება.

1.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ სანოტარო აქტები ადასტურებდა მ. მ-ას მიერ ნ. ქ-ის სამკვიდროს მიღებას და განაახლა საქმის წარმოება.

1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პოზიციას ნ. ქ-ის უფლებამონაცვლედ მ.- მ-ას არასწორად მიჩნევის შესახებ და მიუთითებს, როგორც საქმეში წარმოდგენილ ანდერძზე, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.12 პუნქტით დადგენილ გარემოებაზე, რომ ნ. ქ-ემ 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძის თანახმად, მთელი თავისი ქონება უანდერძა კ. ღ-ეს. მართალია, საქალაქო სასამართლომ ანდერძი ბათილად ცნო, თუმცა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, რის გამოც ანდერძი ამ ეტაპზე ნამდვილია და მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება, გარდა აღნშნულისა, პალატა ასევე მხედველობაში იღებს კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებას _ სანოტარო აქტს, რომლის თანახმადაც კ. ღ-ემ, როგორც ნ. ქ-ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ 2015 წლის 6 მაისს მიმართა ნოტარიუსს, წარადგინა ნ.ქ-ის გარდაცვალების მოწმობა, ანდერძი და ანდერძის გამოქვეყნების ოქმი და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

1.5. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია ფიზიკური პირის უფლება, სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც, თუმცა მხოლოდ ანდერძის არსებობა არ არის საკმარისი, რადგანაც საჭიროა მემკვიდრის მიერ ნების გამოვლენა, რომ ის თანახმაა, მიიღოს სამკვიდრო, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 1424-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

1.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მემკვიდრის მიერ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელების შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად უნდა ჩაითვალოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, კერძოდ, წინამდებარე დავაში სარჩელით შედავებული ანდერძის თანახმად, ნ. ქ-ემ მთელი თავის ქონება უანდერძა კ. ღ-ეს. მ. მ-ა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს არ მიეკუთვნება, ხოლო სააპელაციო პალატამ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლამდე ისე განაახლა საქმის წარმოება, რომ არ გამოურკვევია სამკვიდრო ქონებაზე უფლების მქონე პირმა _ ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მიმართა თუ არა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად და ნ. ქ-ის დანაშთ ქონებაზე (აქტივებსა და პასივებზე) გაიცა თუ არა სამკვიდრო მოწმობა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის განჩინება ემყარება, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ნ.ქ-ის უფლებამონაცვლის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ., კ. და გ. ღ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინება და უფლებამონაცვლის დადგენის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე