Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-529-502-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ე-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. ბ-ამ მოითხოვა ე. ე-ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის _ 20 ლარის 500 ლარამდე გაზრდა და ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე გაზრდილი ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

ე. ე-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 ლარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ე. ე-ისათვის რ. ე-ის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური ალიმენტი _ 20 ლარი გაიზარდა 80 ლარით _ 100 ლარამდე და ე. ე-ის საალიმენტო ვალდებულება რ. ე-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ყოველთვიურად გადასახდელად 100 ლარით განისაზღვრა. ამავე გადაწყვეტილებით ე. ე-ს ე. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ საადვოკატო მოსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილის _ 100 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ე. ბ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის №2... გადაწყვეტილებით ე. ე-ისათვის დაკისრებული ალიმენტი, ყოველთვიურად 20 ლარი, გაიზარდა 160 ლარით - 180 ლარამდე და ე. ე-ს ყოველთვიურად დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – რ. ე-ის რჩენა – აღზრდისათვის ალიმენტის _ 180 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან, 2014 წლის 12 ივნისიდან, მის სრულწლოვანებამდე, ამავე გადაწყვეტილებით ე. ე-ს ე. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 100 ლარის გადახდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ ე. ბ-ასა და ე. ე-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 1999 წლის 8 სექტემბერს დაბადებული რ. ე-ი;

5.1.2. არასრულწლოვანი რ. ე-ი ცხოვრობს დედასთან - ე. ბ-ასთან ერთად;

5.1.3. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის №... 2004 გადაწყვეტილებით ე. ე-ს, ე. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას მოპასუხე იხდის ბავშვის დედასათვის გადაცემის, 2009 წლის თებერვლის შემდეგ;

5.1.4. ე. ე-ი შრომისუნარიანია და შესწევს მუშაობის, შემოსავლის მიღების უნარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ პენსიონერი მშობლების მოპასუხის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტიც არ გაიზიარა, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ მინიმალური საარსებო შემწეობით. გარდა აღნიშნულისა, ე. ე-მა დაადასტურა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მ. ე-ს (მოპასუხის მამა) საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, თუმცა განმარტა, რომ ოჯახი არ ამუშავებს და არ სარგებლობს ამით;

5.1.5. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-ს საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ე. ე-ი მუშაობს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-ს საჯარო სკოლაში დარაჯად და მისი ხელფასი ყოველთვიურად შეადგენს 250 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ოდენობა განისაზღვრება 200 ლარით;

5.1.6. ე. ე-ს რ. ე-ის გარდა ჰყავს კიდევ სამი არასრულწლოვანი შვილი;

5.1.7. ე. ბ-ას მატერიალურად ეხმარებიან მისი მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ;

5.1.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2004 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ე. ე-ისათვის დაკისრებული ყოველთვიური ალიმენტი გაიზარდა 80 ლარით, 100 ლარამდე და ე. ე-ის საალიმენტო ვალდებულება რ. ე-ის მიმართ განისაზღვრა თვეში 100 ლარით, ყოველთვიურად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, რაც სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ, მინიმალურ მოთხოვნებს. ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, ასევე, 30.09.2004წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობისა და იმ ვადის გათვალისწინებით, რაც დარჩენილი იყო რ. ე-ის სრულწლოვანების მიღწევამდე, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია 2004 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 160 ლარით გაზრდა და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი 180 ლარით განსაზღვრა.

5.1.9. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1221-ე მუხლებით და განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატამ მხედველობაში მიიღო მშობელთა მატერიალური მდგომარეობა, ასევე ის გარემოება, რომ ე. ე-ს, კიდევ ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, რ. ე-ის ასაკის შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, 30.09.2004წ. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ოდენობით ბავშვის რჩენაში მამის მონაწილეობის ხარისხის, რ. ე-ის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია 2004 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გაზრდა 160 ლარით და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე განსაზღვრა 180 ლარით.

5.1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის, დავის საგნის ღირებულებისა და დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ადვოკატის ხარჯის 100 ლარის გაზრდის წინაპირობები.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მიუთითა, რომ მხედველობაში იღებდა კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის მოპასუხის ოჯახურ მდგომარეობასა და იმას, რომ მას ჰყავდა კიდევ სამი არასრულწლოვანი შვილი, ასეთ შემთხვევაში, გაურკვეველია, როგორც დააკისრა კასატორს ალიმენტის სახით 180 ლარის გადახდა. კონკრეტულ შემთხვევაში, ე.ბ-ა გაცილებით მეტადაა მატერიალურად უზრუნველყოფილი, ჰყავს ძვირადღირებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ე.ბ-ას მატერიალურად არ უჭირს;

6.1.2. ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე სარჩელის აღძვრა განპირობებულია კასატორის მიერ შვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე მოსარჩელისათვის უარის თქმით, ამასთანავე, ე.ე-ი თავს არ არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას, თუმცა დაკისრებული თანხის გადახდა არავითარ სამართლიან და გონივრულ თანხვედრაში არ არის მის მატერიალურ შესაძლებობასთან, მას სარჩენი ჰყავს კიდევ სამი შვილი.

6.1.3. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული ოდენობა.

6.1.4. სასამართლომ არასწორად ჩათვალა კასატორის შემოსავლების გაზრდად მისი მამის _ მ. ე-ის კუთვნილი მიწის ფლობის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ სარჩენი პირის ასაკის გათვალისწინებით (დაბ: 08.09.1999წ), მისი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრება არ იყო გონივრული, ამასთანავე, პალატამ, ერთი მხრივ, გაითვალისწინა თავად მოსარჩელის განმარტება, რომ მას მატერიალურად უზრუნველყოფენ მშობლები, ხოლო, მეორე მხრივ, მხედველობაში მიიღო, როგორც კასატორის რეალური ეკონომიკური მდგომაროება, სარჩენ პირთა წრე, ისე ის გარემოება, რომ მ. ე-ს საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლითაც არ სარგებლობენ. ამდენად, სააპელაციო პალატამ, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრულ ოდენობად მის 180 ლარამდე გაზრდა მიიჩნია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო ურთიერთობაში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

1.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და მართებულად დაადგინა ალიმენტის ოდენობა, ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოების წინააღმდეგ, რომ მოპასუხეს მფლობელობაში აქვს მამის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებითაც არ სარგებლობს, მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

1.6. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ე. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 5 ივნისის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. ე-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 5 ივნისის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე